თავი 1
ზოგჯერ იძულებული ვხდები, რამდენიმე კვირით და რამდენიმე თვითაც კი გადავდო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები და კონტრაქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რადგან უბრალოდ დრო არ მყოფნის. ასეთ ვითარებაში კი სრულიად წარმოუდგენელია, იფიქრო ავტობიოგრაფიული ჩანახატის შექმნაზე, თუ ის პოლიციის ანკეტასავით მოკლე და ლაკონიური არ იქნება.
ალფრედ ნობელი საბრალო არსება. სამშობიაროს ექიმები უფრო ჰუმანურები იქნებოდნენ, თუ მას ამ ქვეყანაზე ჩხავილით მოვლენისთანავე გამოასალმებდნენ სიცოცხლეს. მთავარი ღირსებები: ყოველთვის წესრიგში აქვს ფრჩხილები და არასოდეს არავის აწევს კისერზე. მთავარი სისუსტეები: არ ჰყავს მეუღლე და შვილები, არ ახასიათებს ოპტიმისტური განწყობილება და არა აქვს კარგი მადა. მთავარი სურვილი: არ დამარხონ ცოცხლად. უდიდესი ცოდვა: არ აღმერთებს მამონას. მნიშვნელოვანი ფაქტები ცხოვრებიდან: არ მოიძებნება.
განა ეს საკმარისი არ არის? ჩემი აზრით, საკმარისზე მეტიცაა. აბა რას შეიძლება უწოდო ჩვენს დროში „მნიშვნელოვანი ფაქტი“? ათ მილიარდ მზეს, რომლებიც ჩვენ მიერ „ირმის ნახტომად“ წოდებულ სივრცეში მოძრაობს, საკუთარი სიმცირისა შერცხვებოდა, რომ გაეგო, თუ რამხელაა მთელი სამყარო. ვის შეიძლება ჰქონდეს საკმარისი დრო იმისათვის, რომ ბიოგრაფიები იკითხოს? ვინ შეიძლება იყოს იმდენად გულუბრყვილო და ჭკუასუსტი, რომ ბიოგრაფიებით ინტერესდებოდეს? აი, სწორედ ამას ვეკითხები ახლა საკუთარ თავს.
ალფრედ ნობელმა ეს სიტყვები 1887 წელს დაწერა და პასუხად გაუგზავნა თავის უფროს ძმას, ლუდვიგს, რომელსაც ოჯახის გენეალოგიის გამოკვლევა ჰქონდა დასახული მიზნად. ძმებს შორის ყველაზე უფროსი, ლუდვიგი დიდხანს სთხოვდა ალფრედს, დაეწერა საკუთარი ავტობიოგრაფია და ასევე ყველაფერი, რაც წინაპრების შესახებ იცოდა. ლუდვიგი არ დაკმაყოფილდა ალფრედის მოკლე მონათხრობით და ძმას კიდევ ერთხელ სთხოვა უფრო დაწვრილებით მოეყოლა საკუთარი თავის შესახებ.
ალფრედმა კვლავ უარი თქვა. „რატომ უნდა შევიწუხო თავი ბიოგრაფიული ესეების წერით?“ უპასუხა მან. „მსგავს ესეებს ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში კითხულობენ, თუ მსახიობებზე ან მკვლელებზეა დაწერილი. განსაკუთრებული პოპულარობით ეს უკანასკნელნი სარგებლობენ, ბრძოლის ველზე ან რომელიმე ბინაში ჩადენილი სისხლიანი საქმით რომ გაითქვეს სახელი. ჩვენი ოჯახის ყველა წევრმა თითქმის ყველაფერი იცის ჩვენი მამის შესახებ, ხოლო ის, გაიგებს თუ არა უფრო ფართო საზოგადოება მისი ბიოგრაფიის დეტალებს, ნაკლებად მაინტერესებს“.
სავსებით შესაძლებელია, ალფრედ ნობელი გულწრფელად ფიქრობდა, რომ მისი ცხოვრება არცთუ ისეთი მნიშვნელოვანი იყო და არათუ აღწერას, ღრმა ანალიზსაც კი არ იმსახურებდა. ასეთივე აზრისა იყო თავისი ოჯახის ისტორიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე ალფრედ ნობელს ავტობიოგრაფიის დაწერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. 1893 წელს მისთვის ფილოსოფიის დოქტორის საპატიო წოდება უნდა მიენიჭებინათ. ამისთვის კი ავტობიოგრაფიის დაწერაზე უნდა დათანხმებულიყო. დათანხმდა კიდეც. თუმცა, ამჯერადაც, მისივე გამონათქვამი რომ გამოვიყენოთ, ეს იყო „პოლიციის ანკეტასავით“ მოკლე და ლაკონიური ჩანახატი.
ქვემორე ხელის მომწერი დაიბადა 1833 წლის 21 ოქტომბერს. განათლება კერძო გაკვეთილებით მიიღო, უმაღლეს სასწავლებელში არ უსწავლია. განსაკუთრებით აქტიური იყო გამოყენებითი ქიმიის სფეროში. შექმნა ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც ცნობილია, როგორც დინამიტი და გელიგნიტი, ასევე უკვამლო დენთი, რომელსაც ბალისტიტსა და C-89-ს უწოდებენ. 1884 წლიდან შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის, ლონდონის სამეფო ინსტიტუტისა და პარიზის სამოქალაქო ინჟინრების საზოგადოების წევრია. 1880 წლიდან „ჩრდილოეთის ვარსკვლავის“ ორდენის კავალერია. საფრანგეთის საპატიო ლეგიონში მინიჭებული აქვს ოფიცრის წოდება. პუბლიკაციები: მხოლოდ ერთი ლექცია ინგლისურ ენაზე, რომელმაც ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ნობელს ხშირად აღუნიშნავს, რომ საპატიო წოდებები და ოფიციალური წარჩინების ნიშნები დიდად არ ანაღვლებდა, მაგრამ დოქტორის საპატიო წოდებასა და მეცნიერებათა აკადემიის წევრობას ძალიან აფასებდა. ის სახუმარო ტონი, რომელიც მან თავისი მეგობრისა და კოლეგის, ალარიკ ლიდბეკისათვის გაგზავნილ წერილში გამოიყენა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალიან ნასიამოვნები იყო. „ძალიან დასანანი იქნება, ახლა წერილს თუ წავიღებ გაღმა, რადგან ჩემი ცხოვრება ბოლო დროს საოცრად საინტერესოდ ვითარდება. მას შემდეგ, რაც ურჩხულებმა ფილოსოფიის დოქტორად მომნათლეს, უფრო მეტად ფილოსოფოსი გავხდი, ვიდრე ვიყავი. ახლა უკვე ვხვდები, რომ სიტყვა „სარგებლიანობა“ ფარდობითი ტერმინია. ამის შემდეგ კი მთელი თავისი ცხოვრება ერთ მოკლე წინადადებაში მოაქცია: „მე მიზანთროპი ვარ, მაგრამ, ამავე დროს, საოცრად კეთილმოსურნე. საკმარისად ვაფრენ და თან სუპერიდეალისტიც ვარ, რომელიც ფილოსოფიას უფრო ეფექტურად ირგებს, ვიდრე საკვებს“.
ნობელს საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ტრაბახი მისთვის სრულიად მიუღებელი იყო, ამიტომ როდესაც მის მიმართ ვინმე აღფრთოვანებას გამოხატავდა, უხერხულობის გრძნობა ეუფლებოდა. ამის შემდეგ მისი ფიქრები სარკაზმის ტონით გამოირჩეოდა: „რა საცოდაობაა, როდესაც ცდილობ, გახდე ვინმე ან რამე ამ 1,4 მილიარდ ორფეხა და უკუდო მაიმუნს შორის, რომლებიც ჯამბაზებივით დარბიან წინ და უკან“.
თუმცა, ნობელი დიახაც რომ ცდილობდა,