წინათქმა
სვეტონიუსის ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. უცნობია მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღებიც. მწერალი, რომელმაც კეისრების ცხოვრების დეტალები შემოგვინახა, თავისი თავის შესახებ თითქმის არაფერს გვამცნობს. ნაწარმოებში იგი იშვიათად საუბრობს პირველ პირში, ახსენებს მამას და პაპას , ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი დამაჯერებლობა შესძინოს მონათხრობს, როგორც ეს ანტიკური ეპოქის ისტორიკოსებს სჩვეოდათ.
ხელნაწერების მიხედვით, მისი სახელია გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი (უნდა აღინიშნოს, რომ ბიოგრაფის სრული სახელი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერშია დადასტურებული). მკვლევრები მისი დაბადების თარიღად დაახლოებით I საუკუნის 70იანი წლების დასაწყისს ასახელებენ . რომის ისტორიის ცნობილი მკვლევარი თეოდორ მომზენი, ეყრდნობა რა პლინიუს უმცროსის წერილს (III, 8) სვეტონიუსისადმი, ამბობს, რომ იგი დაახლოებით 77 წელს უნდა დაბადებულიყო: წერილი 101 წელსაა დაწერილი, ამ დროს კი სვეტონიუსი, სავარაუდოდ, მოწიფულ ასაკშია, დაახლოებით 25 წლისა და სამხედრო ტრიბუნის თანამდებობა უკავია. სხვა მკვლევრები, პლინიუს უმცროსის წერილებისა და სვეტონიუსის თხზულების გარკვეული პასაჟების ანალიზის საფუძველზე, 69, 71, 75 წლებს ასახელებენ . მისი დაბადების ადგილი უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი რომში დაიბადა და აქვე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მისი წინაპრები მხედართა წრიდან უნდა ყოფილიყვნენ. ამას თვითონვე გვამცნობს, როცა მამაზე ლაპარაკობს . სვეტონიუსი ასევე გადმოგვცემს თავისი პაპის მონათხრობს კალიგულას დროს ბაიეს ხიდის მშენებლობის შესახებ. მისი ოჯახის სხვა წევრებზე არაფერია ცნობილი.
სვეტონიუსის სხვა კავშირებიდან, რომლებიც ჩვენთვისაა ცნობილი, აღსანიშნავია მისი მეგობრობა პლინიუს უმცროსთან 97-113 წლებში, რაც პლინიუსის წერილებით დასტურდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია პლინიუსის წერილი იმპერატორ ტრაიანესადმი, რომლითაც ხელისუფალს თავის მეგობარ სვეტონიუსს აცნობს, როგორც „უღირსეულეს, უპატიოსნეს და უგანათლებულეს კაცს“ (...ვირ პრობისსიმუს, ჰონესტისსიმუს, ერუდიტისსიმუს) .
კარიერის თვალსაზრისით სვეტონიუსის წინსვლა იმპერატორების - ტრაიანეს და ადრიანეს ეპოქებს უკავშირდება: ტრაიანეს დროს იგი „მეცნიერების მდივანი“ გახდა, შემდეგ კი საიმპერატორო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო, ადრიანემ იმპერატორის კარის მნიშვნელოვან თანამდებობაზე - ლათინურენოვანი მიმოწერის მდივნად (აბ ეპისტულის ლატინის) დანიშნა. იმპერატორის კანცელარიაში მუშაობამ, იმპერატორის არქივების ხელმისაწვდომობამ, დიდი სამსახური გაუწია სვეტონიუსს სამწერლო საქმიანობაში და განსაკუთრებით დაეხმარა კეისრების ცხოვრების აღწერისას.
მკვლევრები სვეტონიუსის „თორმეტი კეისრის ცხოვრების“ შექმნის თარიღად 119-122 წლებს ასახელებენ , როცა სეპტიციუს კლარუსს, კაცს, რომელსაც სვეტონიუსმა თავისი თხზულება მიუძღვნა, პრეტორიანელთა პრეფექტის თანამდებობა ეჭირა. 122 წლიდან სვეტონიუსმა იმპერატორის წყალობაც დაკარგა და თანამდებობაც; მიზეზი, სავარაუდოდ, იმპერატორის კარის ინტრიგები იყო: მწერალს ბრალი დასდეს ადრიანეს ცოლთან, საბინასთან ახლო ურთიერთობაში.
სვეტონიუსის ცხოვრებაზე სხვა ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ, 122 წლის შემდეგ დაწერილი მისი თხზულებების რაოდენობის გათვალისწინებით, მკვლევრები ფიქრობენ, რომ მწერალს კიდევ რამდენიმე ათეული წელი მაინც უნდა ეცოცხლა. ამიტომ ვარაუდობენ, რომ სვეტონიუსი უნდა გარდაცვლილიყო დაახლოებით 130160 წლებს შორის.
სვეტონიუსი ცნობილი იყო, როგორც ბევრი საინტერესო თხზულების ავტორი. ამას ადასტურებს მისი ნაწარმოებების დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტები და ციტატები. ამ ნაწარმოებთაგან ჩვენამდე მხოლოდ ორმა მოაღწია. ესენია: „გრამატიკოსთა და რიტორთა შესახებ“ (ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტი თხზულებისა „გამოჩენილ კაცთა შესახებ“, რომელიც ტრაიანეს დროს არის დაწერილი) და „თორმეტი კეისრის ცხოვრება“. სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება მისი შემოქმედების მწვერვალად.
„სვიდას“ სახელით ცნობილ ბიზანტიურ ლექსიკონში სვეტონიუსის რვა თხზულებაა ჩამოთვლილი: ბერძენთა საბავშვო თამაშების შესახებ; სიტყვების შემოკლებათა შესახებ; აბრევიატურათა ნიშნების შესახებ; ციცერონის რესპუბლიკის შესახებ; რომაელთა სახალხო სანახაობებისა და შეჯიბრებების შესახებ; რომაული წელიწადის შესახებ; რომაელთა სამოსის შესახებ; რომაელთა ზნეჩვეულებების შესახებ; ლანძღვისა და გინების და მათი წარმოშობის შესახებ;
სხვა წყაროებიდან ცნობილია სვეტონიუსის კიდევ ხუთი თხზულება: ოფიციალურ თანამდებობათა შესახებ; ცნობილ მეძავთა შესახებ; მეფეთა შესახებ; სხვადასხვა საგანთა შესახებ; სიმახინჯეთა შესახებ. ჩამოთვლილი წიგნები მწერლის ფართო და ყოველმხრივ ინტერესებსა და მის ენციკლოპედიურ განათლებაზე მიუთითებს. აღსანიშნვია, რომ აქედან რამდენიმე თხზულება ბერძნულადაა დაწერილი.
სვეტონიუსის „თორმეტი კეისრის ცხოვრება“ პირველი თორმეტი კეისრის ცხოვრებას ეძღვნება. ტექსტი ჩვენამდე არასრული სახითაა მოღწეული. იულიუს კეისრის ცხოვრების პირველი თავები დაკარგულია, კერძოდ, შესავალი, მიძღვნა სეპტიციუს კლარუსისადმი, ავტორისეული სათაური, კეისრის გენეალოგია. ტექსტის ჩვენამდე შემორჩენილი უძველესი ხელნაწერები იხ საუკუნით თარიღდება. ხელნაწერებში ტექსტი სხვადასხვაგვარადაა დასათაურებული. ზოგი ვერსიით , სვეტონიუსმა თხზულება რვა წიგნად დაყო, მათგან ექვსი წიგნი პირველი ექვსი კეისრის ცხოვრებას ასახავს, დაწყებული იულიუსიდან, კლავდიუსის ბიოგრაფიის ჩათვლით, მეშვიდესა და მერვეში კი მომდევნო სამსამი კეისრის ცხოვრებას ვეცნობით.
სხვა ისტორიკოსებისაგან განსხვავებით, სვეტონიუსის მიზანი ისტორიაში კეისრების განსაკუთრებული როლის წარმოჩენა იყო. სვეტონიუსი ჩამოთვლის და განმარტავს მათს სახელებსა და მეტსახელებს, მოგვითხრობს კეისრების წარმომავლობაზე, ოჯახებზე, დაბადებაზე, ცხოვრების სხვადასხვა