წინათქმა
ეძღვნება კრისტოფერ საიკსს
ლორდი კინროსი
მუსტაფა ქემალ ათათურქი XX ს. უდიდესი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელსაც თავისი ეპოქის დიქტატორებისაგან ორი უმნიშვნელოვანესი რამ განასხვავებდა მისი საგარეო პოლიტიკა მიზნად არ ისახავდა საზღვრების გაფართოებას, ხოლო საშინაო პოლიტიკა მისი სიკვდილის შემდეგაც სიცოცხლისუნარიანი ინსტიტუტების შექმნას ემსახურებოდა. სწორედ ამ რეალისტურმა მიდგომამ უზრუნველყო ქვეყნის გამოცოცხლება და ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე თურქეთის რესპუბლიკის შექმნა.
გარეგნობით მუსტაფა ქემალი თურქს არ ჰგავდა. გაცილებით უფრო ღია ფერის კანი, წამოწეული ყვრიმალები, ფოლადისფერი, სრულიად განსაკუთრებული თვალები, თხელი აღნაგობა და მოზომილი მოძრაობები ჰქონდა. მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი ენერგიას ასხივებდა. თავის აზრებს ხან ძალიან დეტალურად გამოთქვამდა, ხან კი უკიდურესად სიტყვაძუნწი იყო. ფეთქებადი ხასიათის მიუხედავად, დამშვიდებაც მალე შეეძლო. საკუთარი გარეგნობით ამაყობდა, ჩაცმა და თავის მოვლა უყვარდა.
ხალხის დამოკიდებულებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, უბრალოდ, კარგად ესმოდა, რომ ადამიანების აღტაცება წარმატებას გაუადვილებდა. როცა ერთხელ ერთმა მეგობარმა უსაყვედურა, ცდილობ, ხალხს თავი მოაწონოო, დამცინავად მიუგო, ამას ვინმეს დასანახავად კი არა, ჩემი და ჩემი ხალხის დასაკმაყოფილებლად ვაკეთებო. მას სამშობლო უყვარდა და ძალაუფლებას ესწრაფოდა, მაგრამ მისი მიზანი მხოლოდ თავისი ერისთვის სარგებლობის მოტანა იყო.
სხარტი გონების პატრონი დასავლური ცივილიზაციის იმ პრინციპებზე აღიზარდა, რომელთაც, XIX საუკუნიდან მოყოლებული, გავლენა მოახდინეს თურქულ ლიბერალურ აზროვნებაზე. სხვის იდეებს ეცნობოდა, საკუთარ თავს მოარგებდა, ითავისებდა, მაგრამ ჯანსაღ აზრს არასდროს გადაუხვევდა და სხვადასხვა თეორიებს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა. ჭეშმარიტი ექსპერიმენტატორის მსგავსად მიზნისკენ ნაბიჯნაბიჯ სიარული და საკუთარი მოუთმენლობის დროულად მოთოკვა შეეძლო. თუმცა მაინც სწრაფად მიიწევდა წინ და ოპონენტებისა და მეგობრების მიმართ ერთნაირად მკაცრი, ხშირად ლიბერალურ მიზნებს სრულიად არალიბერალური გზებით აღწევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლესაც კი არაფრად აგდებდა, სასტიკი არ იყო. სხვისი ხასიათის შეფასებისა და ურთიერთობის სწორი ხაზის არჩევის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა. საოცრად დიპლომატიურად ახერხებდა საჭირო დროს ადამიანის დარწმუნებას, დაყვავებას, დაშინებასა თუ დამორჩილებას. უყვარდა სიცოცხლე, ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და მათთან საუბარი. ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ბევრჯერ სუფრასთან მიუღია. როყიო ხმითა და სხარტი წინადადებებით ყოველთვის გასაგებად, ხშირად ვრცლად, დროდადრო მწარედ და მახვილგონივრულად საუბრობდა. ისმეთ ინონუზე, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში თურქეთის პრემიერის პოსტი ეკავა, ერთხელ უთქვამს, მის გონებაში 40 მელა დასდევს ერთმანეთს, მაგრამ ვერც ერთი მეორის კუდს ვერ იჭერსო.
ათათურქი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც თავისი არსებობით გარემოს ამდიდრებენ. ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რაც ძალიან მოსწონდა, მით უმეტეს, რომ არც თავად იყო გულგრილი მათ მიმართ. იმ სულიერი დეპრესიის პერიოდში, რომელიც ქვეყანაში ათათურქის გარდაცვალებას მოჰყვა, როცა მისი ადგილი ტრადიციების მიმდევარმა ისმეთ ინონუმ დაიკავა, მუსტაფა ქემალის თაყვანისმცემელ ერთ ქალბატონს უბრძანებია, თურქეთმა საყვარელი დაკარგა, ახლა ქმართან ერთად მორჩილად ცხოვრება მოუწევსო.
ვფიქრობ, თურქების უმრავლესობა ამ გრძნობას იზიარებდა.