პროლოგი
...რეიკიავიკის აეროპორტში იაპონიიდან სტუმარს ელოდნენ. ტოკიოდან, კოპენჰაგენის გავლით, უკვე ხანდაზმული, მაღალი და მძიმეტანიანი, ჭაღარა წვერით თითქმის თვალებამდე პირისახედაფარული, შუბლზე ბეისბოლის კეპჩამოფხატული კაცი ჩამოვიდა, რომელსაც ერთ ხელში დიდი ჩანთა ეჭირა, მეორეში კი – ბევრის მნახველი ქურთუკი.
- ჰელო, ბობი! როგორ იმგზავრეთ, ბატონო ფიშერ? თავს როგორ გრძნობთ? - ისლანდიის ოფიციალურ პირებთან ერთად სტუმარს კომიტეტის - „თავისუფლება ბობი ფიშერს!“ - წევრებმაც მიმართეს. ჭადრაკის რამდენიმე ათას მოყვარულს მოეყარა თავი. ერთმა ფანატმა ჩამოსული სტუმრის სარეგისტრაციო მოსაკრებელიც კი გადაიხადა – 20 დოლარი.
ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ ჯეიმს ფიშერმა, ყოფილმა ამერიკელმა, ამიერიდან კი ისლანდიის რესპუბლიკის მოქალაქემ, რვათვიანი იაპონური „ტყვეობის“ მერე, ბოლოს და ბოლოს, თავისუფლება მოიპოვა. მას მერეც, რაც ის ამ კუნძულ-სახელმწიფოს 265-ათასიანი მოსახლეობის ახალი წევრი გახდა, პირველ ხანებში ქალაქის ბულვარებსა და პარკების ხეივნებში თავისუფლად სეირნობის შესაძლებლობით ტკბებოდა, სტუმრობდა რესტორნებს და საყვარელ კერძებს უკვეთავდა, კეთილგანწყობილ თანამოსაუბრეებთან ლაპარაკობდა პოლიტიკაზე (ო, ეს ვერაგი აშშ-ის პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი!), ამინდზე, სოციალურ პრობლემებზე, ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე, ბევრ სხვა თემაზე, ოღონდ არა – ჭადრაკზე.
თავისი ძველი ჩვეულების მიხედვით, ბობი არ იძლეოდა ინტერვიუს, რადგან მიაჩნდა, რომ „კალმის და მიკროფონის ეს აფთრები ყველაფერს აყალბებენ, ამახინჯებენ“ და მას უსანდომო იერით წარმოაჩენენ. მხოლოდ 2005 წლის მაისში დაუშვა მან გამონაკლისი რუსეთის გაზეთისთვის... 2008 წლის 18 იანვარს კი რობერტ ჯეიმს ფიშერი გარდაიცვალა...
ისტორიას მრავალი ნათელი, ნიჭიერი, თვითმყოფადი პიროვნება ახსოვს. თითოეული გენიოსი მოჭადრაკეც თავისებურად უნიკალური და საინტერესო, უჩვეულო და იდუმალებით მოცულია. ამის თქმა თამამად შეიძლება მორფიზე და ანდერსენზე, შტაინიცზე და ლასკერზე, კაპაბლანკაზე და ალეხინზე, ბოტვინიკზე და სმისლოვზე, ტალზე და პეტროსიანზე, სპასკიზე და კარპოვზე, კასპაროვზე და ანანდზე...
თანამედროვენი აღმერთებდნენ სწორუპოვარ პოლ მორფის. ახალგაზრდა ამერიკელმა მე-19 საუკუნის შუა წლებში ყველა თავისი მოწინააღმდეგე დაამარცხა ამერიკაშიც და ევროპაშიც. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა მსოფლიო ჩემპიონის წოდება და ოფიციალურად არ თამაშდებოდა საჭადრაკო გვირგვინი.
მე-20 საუკუნის დასაწყისში კი მორფის თანამემამულემ – ჰარი პილსბერიმ – სახელი იმით გაითქვა, რომ ერთდროული თამაშის სეანსებს თვალახვეული ატარებდა. ერთხელ მან უნიკალური ატრაქციონი მოაწყო: ბრმად ითამაშა ერთდროულად თორმეტ დაფაზე ჭადრაკი, ექვს დაფაზე – შაში და... ვისტის ერთი პარტია. ამ გამოსვლის წინ კი მან მონაწილეებს შესთავაზა, ნებისმიერი სირთულის 30 სიტყვა დაეწერათ. ოპონენტებმა გამომგონებლობის მაქსიმუმი გამოამჟღავნეს და ჩამონათვალში ისეთი სიტყვები ჩაწერეს, როგორებიც არის „ამბროზია“, „თეოსოფია“, „კატეხიზმო“ და მათი მსგავსი. პილსბერიმ სეანსის დამთავრებისთანავე თვალი შეავლო ჩამონათვალს და ყველა სიტყვა პირდაპირი და უკუთანმიმდევრობით გაიმეორა.
შევნიშნავთ, რომ სწორედ პილსბერის მიერ ჰავანასა და მოსკოვში ჩატარებული თვალახვეული თამაშის ერთდროულმა სეანსებმა მოახდინა უდიდესი შთაბეჭდილება ნორჩ კაპაბლანკასა და ალეხინზე და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონებისთვის დამატებით იმპულსად იქცა, ამ ძველი და ბრძნული თამაშისთვის მიეძღვნათ თავი.
ალექსანდრე ალეხინმა XX საუკუნის 20-30-იან წლებში მეტოქეებზე შთამბეჭდავი უპირატესობის დემონსტრირება შეძლო და დაუმარცხებელ ჩემპიონად გარდაიცვალა (1946 წლის მარტში). მას ხატოვნად „საჭადრაკო სიმართლის მაძიებელს“ უწოდებდნენ.
პოლონური წარმოშობის ამერიკელი მოჭადრაკე სემუელ რეშევსკი კი „ყველაზე დიდებულ ვუნდერკინდად“ იქნა მიჩნეული. იგი ადრეულ ბავშვობაშივე ატარებდა უფროს მოჭადრაკეებთან ერთდროული თამაშის სეანსებს და ცნობილ ოსტატებს უგებდა. სასწაულმოქმედმა ბიჭუნამ სახელი სწრაფად გაითქვა ევროპაში, მერე კი ნორჩი გენიოსი ამერიკამაც გაიცნო.
მრავალი სახელგანთქმული მოჭადრაკით იყო ცნობილი სსრკ (რუსეთი). უნიკალური მოჭადრაკე იყო რიგელი მიხეილ ტალი. მსოფლიოს მერვე ჩემპიონმა ჭადრაკის სამყარო უჩვეულო კომბინაციური ელვარებით თანხლებული თამაშის სტილით გაამდიდრა. ამ რევოლუციურ, რომანტიკულ სტილს აღტაცებით შეხვდნენ ჭადრაკის მოყვარულები, რამაც ჭადრაკის მიმდევართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
ოც წელზე მეტი ხნის მანძილზე საჭადრაკო სამყაროს რუსეთში მოღვაწე გარი კასპაროვი ლიდერობდა. მისი საჭადრაკო რეიტინგი 2 800 პუნქტს აჭარბებდა და მიუღწეველ სიმაღლედ რჩებოდა. მართალია, 2005 წელს კასპაროვმა განაცხადა, რომ დიდი ჭადრაკიდან მიდიოდა, მაგრამ ბევრმა მისი ეს სვლა პიარის ნაწილად მიიჩნია... როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჭადრაკის გენიოსი არ ხუმრობდა – მან მართლაც დატოვა სპორტი და პოლიტიკაზე გადაერთო: გახდა მოძრაობა „სხვა რუსეთის“ (გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის) ერთ-ერთი ლიდერი, ამ მოძრაობის მიზანი რუსეთში მმართველი რეჟიმის შეცვლაა.
ჭადრაკის სამყაროს აღაფრთოვანებდა ნორვეგიელი ვუნდერკინდის მაგნუს კარლსენის წარმატებები (2008 წელს ვეიკ-ან-ზეეს საერთაშორისო სუპერტურნირში მან პირველი და მეორე ადგილები გაინაწილა), ახალგაზრდა უკრაინელების – სერგეი კარიაკინისა და კატი ლანგოს (2005 წელს ქალთა შორის ევროპის ჩემპიონის) – მიღწევები. ნიჭიერი მოჭადრაკეები ჰყავთ ინდოელებს (ჰამპი კონერუ), აშშ-ს (ჰიკარუ ნაკამურა), ჩინელებს (ბუ სიანჯი) და სხვა ქვეყნებს.
და მაინც, არც