მარია კალასი - თავი პირველი - ნიუ-იორკ სითი: 1923-1937
სხვა ბერძენი ემიგრანტებისგან განსხვავებით, ათენიდან ნიუ-იორკისაკენ მიმავალ გემზე ჯორჯ და ევანგელია დიმიტრიადის კალოგეროპულოსები და მათი ექვსი წლის ქალიშვილი იაცინტი (ჯეკი) პირველი კლასით მგზავრობდნენ. მისის კალოგეროპულოსის სპარსული ბატკნის ქურქი ტანსაცმლის პატარა კარადაში ეკიდა თან წამოღებული ორი საზეიმო კაბის გვერდით. ქვემოთ, გემის საბარგულ განყოფილებაში მოთავსებულ სკივრებში ჩალაგებული იყო ვერცხლის შანდლები და დანა-ჩანგალი, ხატები და მაქმანის სუფრები. ხუთი თვის ფეხმძიმე მისის კალოგეროპულოსის ანუ, როგორც შინაურები ეძახდნენ, ლიცა არ აპირებდა უცხო ქვეყანაში ღარიბ და უქონელ დევნილად ჩასვლას. ამერიკაში წამოსვლა მისი ქმრის სურვილი იყო - მან ცოლთან შეუთანხმებლად გაყიდა მთელი მათი ავლადიდება მოგზაურობის დასაფინანსებლად. ოცდახუთი წლის ახალგაზრდა და თავნება ლიცა თავგანწირვით იბრძოდა, რომ ქმრისთვის ეს გადაწყვეტილება გადაეფიქრებინა. ჯორჯმა უარი გამოუცხადა; ფეხმძიმედ რომ არ ყოფილიყო, ლიცა ჯეკის დაიტოვებდა და შინ დარჩებოდა, თავის ოჯახთან.
„ჩემი ოჯახი ყოველთვის და ყველაფერში მოწინავე იყო, - ეუბნებოდა ლიცა თავის პატარა ქალიშვილს, - ბაბუაშენი, მამაჩემი, აცხონოს ღმერთმა, გენერალი იყო; ასევე გენერალი იყო დიდი ბაბუაც, დიმიტრიოს დიმიტრიადისი. ბიძაჩემი, კოსტას ლუროსი სამეფო კარის ექიმი იყო, მე კი...“ - ამ დროს ამოიოხრებდა ხოლმე და ცისფერი, საოცრად მეტყველი თვალები უცებ სინანულით ევსებოდა, - „მე ცოლად ფარმაცევტს გავყევი“.
ლიცა მხოლოდ ჩვიდმეტი წლის იყო, როდესაც ბიძაშვილმა გააცნო საკმაოდ მომხიბვლელი ჯორჯ კალოგეროპულოსი, რომელსაც - ლიცაზე თითქმის ორჯერ უფროსს - ახალი დამთავრებული ჰქონდა ათენის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კოლეჯი. ჯორჯი ლამაზი კაცი იყო ჟღალი ქოჩრით, ულვაშებში ეშმაკური ღიმილითა და ღრმად ჩასმული შავი ბრიალა თვალებით. მას მოეწონა ახალგაზრდა, ენერგიული და ცნობილი ოჯახის შვილი ლიცა. თვითონ პელოპონესის პატარა ქალაქ მელიგალაში დაიბადა, ღარიბ ოჯახში. მრავალი წელი მუშაობდა მელიგალის აფთიაქში ფარმაცევტის ასისტენტად. ეს აფთიაქი ცამეტ საგრაფოს ემსახურებოდა და გამორჩეულად მომგებიანიც იყო. აფთიაქის პატრონმა, ხნიერმა კაცმა, ჯორჯს შესთავაზა, აფთიაქს მოგყიდი, თუ საუნივერსიტეტო ხარისხს მიიღებო. ეს იყო სწორედ ჯორჯის მიზანიც, მუშაობდა და ცოტ-ცოტა ფულსაც აგროვებდა.
ლიცას და ჯორჯის შეხვედრის შემდეგ, ცოტა ხანში, ლიცას სათაყვანებელ მამას - გენერალ პეტროს დიმიტრიადისს დამბლამ დაარტყა და მოულოდნელად გარდაიცვალა. ჯორჯი ძალიან თანაუგრძნობდა ცოცხალ, ლამაზ ყმაწვილ ქალს, რომელიც გლოვის თვალნათელ განსახიერებად იქცა და უჩვეულოდ მგრძნობიარე ჩანდა. მამამისი ყველაზე ძვირფასი ადამიანი იყო მისთვის. გენერლის მეთერთმეტე ნაბოლარა შვილს, „მის საყვარელ ლიცას“, არაფერზე არ ეთქმოდა უარი - არაფერი არ იყო საკმარისად კარგი ან ძნელად მოსაპოვებელი „მისი ლიცასათვის“. ლიცასათვის ჯორჯი სასიამოვნო ჩანაცვლება აღმოჩნდა და 1916 წლის 7 აგვისტოს, მამის გარდაცვალების ორი კვირის თავზე მათ უხმაუროდ დაიწერეს ჯვარი ბერძნულ ორთოდოქსულ ეკლესიაში. ნეფეს მიეჩქარებოდა ახალი თანამდებობის დასაკავებლად, აწ უკვე საკუთარ აფთიაქში, ხოლო პატარძალი ბედნიერი იყო იმით, რომ თავი დააღწია გლოვით მოცულ დიმიტრიადისების სახლს. მისი ოჯახი შეძრწუნებული იყო იმით, რომ ლიცამ არ ისურვა, წესისამებრ დალოდებოდა სამგლოვიარო პერიოდის დასრულებას; ძმამ გააფრთხილა კიდეც, ჯორჯს თვალები ქალებისკენ გაურბისო. თავნება ლიცამ ამჯერადაც თავისი გაიტანა, ჯორჯი კი არწმუნებდა, რომ ქორწინების შემდეგ მას თავისი სახლი ექნებოდა და მოახლეც ეყოლებოდა. მამის ხსოვნის საპატივცემულოდ ლიცას უბრალო თეთრი კაბა ეცვა, ჯვრისწერის შემდეგ სტუმრები არ მოუწვევიათ. ერთ-ერთ ძმას, რომელმაც ბრალი დასდო, ფეხმძიმედ ხარო, ლიცამ ყოყოჩურად აუკრძალა ჯვრისწერაზე მოსვლა. ახლად დაქორწინებულმა წყვილმა ერთი კვირა პატარა კუნძულ ეგინაზე გაატარა, პირეუსთან ახლოს, მერე კი მელიგალას მიაშურეს. ჯორჯის დაპირებული სახლი მხოლოდ ორი სართული აღმოჩნდა აფთიაქის თავზე. მეორე სართული შიდა კიბით უკავშირდებოდა აფთიაქის შესასვლელს. ლიცას იმედი გაუცრუვდა, მაგრამ სამაგიეროდ, მოახლე ქალიც ჰყავდა და ზედა ორი სართულიც შეეძლო თავისი გემოვნებით მოეწყო. მალევე გაუჩნდა ეჭვი ჯორჯთან ქორწინების გონივრულობაში. ათენში მხოლოდ ჯორჯის მომხიბლავ თვისებებს ხედავდა - რა ლამაზი კაცი იყო, ახოვანი, ტანადი. ახლა კი მიხვდა, რომ ისინი სხვადასხვა სამყაროს შვილები იყვნენ. გაძლებდა კი თავისი ქმრის პროზაულ გარემოში?
მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრიადისები სიმდიდრით არ გამოირჩეოდნენ, ისინი არისტოკრატების შთამომავლები იყვნენ და საშუალოზე მაღალ ფენას მიეკუთვნებოდნენ. არმიის ოფიცრებისა და პოლიტიკური მოღვაწეების გარდა, მათ ოჯახებს რამდენიმე მშვენიერი მუსიკოსიც ჰყავდა. ერთი ძმა, რომელმაც, სამწუხაროდ, თავი მოიკლა საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო, იმედის მომცემი პოეტი იყო. ლიცა თავს იწონებდა დიმიტრიადისების მოღვაწეობით კულტურის სფეროში. თვითონ ფანატიკურად იყო შეყვარებული თეატრზე, ამაყობდა თავისი მუსიკალური განათლებით და სულ თავის ნაცნობ საქვეყნოდ ცნობილ მხატვრებზე საუბრობდა. მელიგალა მაინცადამაინც ვერ დაიკვეხნიდა ინტელექტუალური ცხოვრებით ან ხელოვნებაში მიღწევებით. ლიცამ მოახერხა და ჯორჯი მოაშორა აფთიაქს,