პრელუდია
1895 წლის მარტი. ბრივიდან ტულისკენ მიმავალი მიხვეულმოხვეული გზა გორაკზე ადის. ეს გზა ვიწროა, გაცილებით ვიწრო, ვიდრე ახლა, ჩვენს დროში. ბორცვებზე ალაგალაგ ჯერ კიდევ შერჩენილა თოვლის თეთრი ლაქები, ზამთრის მზე რომ ვერ მორევია. გორაკზე ძლივძლივობით მიყანყალებს რუხი ბრეზენტით გადახურული ორთვალა, რომელსაც ერთი ჯაგლაგი ცხენი მიათრევს. მეეტლე ნაოჭებიან პერანგში გამოწყობილი, ლამაზი, შავულვაშიანი, ორმოცი წლის შავგვრემანი მამაკაცია. უბრალო, ღარიბულ ეტლში ერთმანეთს მიკრული სამი გოგონა ზის; გამხდარი, სევდიანი სახეები აქვთ, თავზე ფოჩებიანი თავსაფრები წაუკრავთ.
ერთი საათის შემდეგ ორთვალა ობაზინის ძველ სააბატოში, ობოლთა თავშესაფართან ჩერდება. სააბატოს ირგვლივ ქალაქს პატარა სახლები აკრავს. აქ მთავრდება სამი პატარა მგზავრის გზაც. პატრონის მოლოდინში ჭიხვინებს და ფრუტუნებს მოედნის ერთერთ ჭადარზე ავშარათი მიბმული ჯაგლაგი.
მალე მასიური, ლურსმნებით შეჭედილი კარი იღება და მეეტლე მარტო გამოდის შენობიდან. ლაღად მოაბიჯებს, თითქოს იღიმება კიდეც. ეს ალბერტ შანელია ბაზრობის მოვაჭრე; ის სამი გოგონა კი, რომლებიც თავშესაფარში დატოვა, მისი ქალიშვილები არიან. სულ ცოტა ხნის წინ მათ დედა გარდაეცვალათ და მამამ გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა ისინი. გოგონები მამას ვეღარასოდეს ნახავენ.
ქალიშვილებიდან უფროსს ჯულია ჰქვია. იგი ცამეტი წლისაა; საშუალო გაბრიელი თორმეტისაა, ხოლო უმცროსი ანტუანეტა, მხოლოდ შვიდის.
ოცი წლის შემდეგ გაბრიელს კოკო შანელის სახელით გაიცნობს მთელი მსოფლიო.