წინათქმა
ბავშვის საქაღალდე
საქაღალდეში მინის მძივებით მოქარგული, გახუნებული ყვითელი ლენტი იდო. ბატის ფრთებს წვერებზე მელანი შეხმობოდა. იქვე იყო სანთლის ალზე გამდნარი ლუქიც. ლენტს და ბატის ფრთას ზემოდან ქაღალდში გახვეული სქელი, ლამაზი წაბლისფერი თმის ნაწნავი ეფარა. ქაღალდზე კი ეწერა „1851 წელი, 23 აპრილი“. უბის წიგნაკიდან ამოხეულ ფურცელზე სასაფლაოს რუკა ეხატა: „ენ დარვინის საფლავი მოლვერნში“.
ეს ენის საქაღალდე იყო, მისი ნივთებით სავსე. ენ დარვინი, ჩარლზის და ემას პირველი ქალიშვილი, ათი წლისა გარდაიცვალა. ჩარლზმა „მემორიალი“ მიუძღვნა მას, ემამ კი ენის საქაღალდე შეინახა სამახსოვროდ, რომელიც მოგვიანებით მამაჩემს, ერთერთ შვილთაშვილს გადაეცა.
ერთხელ, როცა ჩემი წინაპრების ნივთებში რაღაცას ვეძებდი, ამ საქაღალდეს გადავაწყდი. ჩარლზის ბატიფეხური ხელნაწერის დანახვამ შემძრა. მის ჩანაწერებს, სადაც ენის სიცოცხლის ბოლო თვეებში დღედაღამ ინიშნავდა ბავშვის მდგომარეობას, „ენი“ ერქვა. გოგონა დროდადრო თითქოს გამოკეთდებოდა ხოლმე, მაგრამ უმეტესად იტანჯებოდა. „გვიან საღამოს ძალა გამოეცალა და ტიროდა“. „დილაადრიან იტირა“. „ამ დილით სუსტად არის“. ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ ჩარლზი მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალს არ აშორებდა შვილს.
ჩარლზის და ემას ჩანაწერებში და წერილებში კიდევ არაერთხელ შევხვდი ენის დანატოვარ ტკივილს. ამ წიგნში შევეცადე, შემეკოწიწებინა მისი ბავშვობის ეპიზოდები და ჩარლზის და ემას შვილის გარდაცვალებით აღძრული გრძნობები და ფიქრები გადმომეცა. შევეცადე, მომეძებნა კავშირი ადამიანის ბუნების ჩარლზისეულ წარმოდგენებს შორის, ენის გარდაცვალებამდე და მისი ხანმოკლე სიცოცხლის დასრულების შემდეგ. ენის ავადმყოფობით გამოწვეულმა განცდამ ჩარლზს ბევრი რამ ასწავლა. ასწავლა, სიყვარული ძლიერი და მარადიული რომ არის, შეიტყო ტკივილის პარადოქსის, ხსოვნის ფასის და ადამიანის აზროვნების შეზღუდულობის შესახებ. ჩემს მონათხრობს ერთი იდეა უდევს საფუძვლად. ჩარლზისთვის ცხოვრება და მეცნიერება განუყოფელი იყო. რისი შესწავლაც სახლის პირობებში შეიძლებოდა, იმაზე შინ მუშაობდა, ყოველ დღეს ცოლთან და შვილებთან ერთად ატარებდა, ცხოვრობდა იმ დროს, როდესაც მეცნიერება უფრო ფართო გაგებით ნიშნავდა ცოდნას და აღქმას, ცდილობდა, რაც შეიძლება ამომწურავი პასუხი ეპოვა კითხვაზე – რას ნიშნავს, იყო ადამიანი და არასოდეს აცალკევებდა მოსაზრებებს სამყაროს შესახებ მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გრძნობებისგან და იდეებისგან. ეს წიგნი იკვლევს დარვინის ოჯახურ ცხოვრებას და ადამიანის ბუნებაზე მის შეხედულებებს, რომლებიც პატარა ენის ცხოვრების და ხსოვნის გარშემო ტრიალებს.