ნაწილი პირველი - ფლორენციაში - I - „ის, ვინც ესოდენ ძვირფასი იყო თქვენთვის“ ღირსად კეთილაღმატებულო ბატონო მამა!
თქვენი საყვარელი დის, ჩვენი ძვირფასი მამიდის, გარდაცვალების გამო აქ მწუხარებით ვართ მოცული. თუმცა ჩვენი წუხილი მისი დაკარგვის გამო ვერ შეეედრება ზრუნვასა და ფიქრს თქვენს მდგომარეობაზე, რადგან თქვენი ტანჯვა, მამავ, უმეტესად მწარე იქნება, ვინაიდან ამქვეყნად, ჭეშმარიტად, აღარავინ გყავთ - ახლა, როდესაც მიგატოვათ მან, ვინც ესოდენ ძვირფასი იყო თქვენთვის; ისღა დაგვრჩენია, წარმოვიდგინოთ, თუ რაოდენ მძიმედ გადაიტანთ ესოდენ უეცარსა და სრულიად მოულოდნელ დარტყმას. და ვიდრე გადმოგცემთ, თუ რაოდენ ღრმად ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, გაცილებით დიდ ნუგეშს, ალბათ, იმის განსჯაში პოვებთ, რომ უბედურებათა განცდა ყოველი ადამიანის თანაზიარი ხვედრია, რამეთუ ჩვენ, ადამიანები, ამქვეყნად მხოლოდ უცხონი და მწირნი ვართ, რომლებიც თავიანთ ჭეშმარიტ სავანეს ზეცად ჰპოვებენ, სადაც მარტოოდენ სუფევს სრულყოფილი ბედნიერება და სადაც, უნდა ვიმედოვნებდეთ, თქვენი დის ღვთივკურთხეულმა სულმა დაივანა. ამრიგად, ღვთის გულისათვის გევედრებით, მამავ, თავი ინუგეშოთ და უფალს მიენდოთ, რადგან, როგორც თავადაც მშვენივრად მოგეხსენებათ, სწორედ ამას ელის ღმერთი თქვენგან; სხვაგვარი საქციელი გავნებდათ თქვენ და ასევე, ტკივილს მოგვაყენებდა ჩვენც, რადგან ძლიერ ვწუხვართ, როცა გვესმის, მამაჩვენი ურვათაგან არის დამძიმებული, ამქვეყნად თქვენ გარდა ხომ სხვა წყარო სიკეთისა არ გაგვაჩნია.
მეტს აღარაფერს დავუმატებ, გარდა იმისა, რომ მთელი გულითა და სულით ვევედრებით უფალს, მოგმადლოთ ნუგეშისცემა და არასოდეს განგეშოროთ. სათუთად გარწმუნებთ ჩემს უცვალებელ სიყვარულში.
დაიწერა სენ-მატეოში, მაისის მე-10 დღეს,
ქრისტეს შობიდან 1623 წელს.
თქვენი მხურვალედ მოყვარული ქალიშვილი,
მონაზონი მარია ჩელესტე.
ეს წერილი უკვე საქვეყნოდ ცნობილმა მეცნიერმა, გალილეო გალილეიმ მონაზონ ვირჯინიას დაკრძალვის მეორე დღეს მიიღო - პირველი, დღემდე მოღწეული ას ოცდაოთხი წერილიდან, რაც ოდესღაც ვრცელი კორესპონდენციის ნაწილს შეადგენდა და მისი უფროსი ქალიშვილის კალამს ეკუთვნის. მას, გალილეოს სამი შვილიდან ერთადერთს, მამისაგან მემკვიდრეობით გამჭრიახი გონება, შრომისმოყვარეობა და მგრძნობიარობა ერგო, და ამ ღირსებათა წყალობით, იგი მამის უახლოეს, ნდობით აღჭურვილ პირად იქცა.
გალილეოს ქალიშვილი ქვეყნიერებას ახალი საუკუნის დამდეგს მოევლინა, შედეგად ხანგრძლივი, თუმც კი უკანონო კავშირისა ვენეციელ ლამაზმან მარინა გამბასთან. ეს მოხდა 1600 წლის 13 აგვისტოს ცხელ დღეს - სწორედ იმ წელს, როდესაც დომინიკელი ბერი, ჯორდანო ბრუნო, რომში კოცონზე დაწვეს მრავალი მწვალებლობისა და მკრეხელობის გამო, მათ შორის, იმისთვისაც, რომ ამტკიცებდა, დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს და სამყაროს ცენტრში უძრავად არ იმყოფებაო. და ამ ჩვენს დედამიწაზე, რომელსაც თავისი ადგილი სამყაროში ჯერ ვერ გაეცნობიერებინა, გალილეო ეკლესიასთან იმავე კოსმიურ კონფლიქტში უნდა შესულიყო, წონასწორობის შენარჩუნებით ევლო სახიფათო გზაზე, ორ ზეცას შორის რომ გადიოდა, რომელთაგან პირველს თაყვანს სცემდა, როგორც მართლმორწმუნე კათოლიკე, მეორეს კი ტელესკოპის მეშვეობით იკვლევდა.
ნათლობისას გალილეომ ქალიშვილს ვირჯინია დაარქვა, თავისი „ძვირფასი დის“ პატივსაცემად. მაგრამ იმის გამო, რომ მას ვირჯინიას დედაზე ჯვარი არ დაუწერია, გოგონას კანონიერი ქორწინების საშუალება მოესპო. ცამეტი წლისა მამამ სან-მატეოს მონასტერში მიაბარა, არჩეტრიში, სადაც მან მთელი ცხოვრება უპოვარებასა და მარტოობაში გაატარა.
როდესაც ვირჯინია მონაზვნად აღიკვეცა, სახელად „მარია ჩელესტე“ - „ზეციური“დაირქვა, რითაც იმ აღფრთოვანებას მიაგო პატივი, რომელსაც მამამისი ვარსკვლავების მიმართ განიცდიდა. მაშინაც კი, როდესაც მონაზონი იყო და ცხოვრებას ლოცვებსა და სინანულში ატარებდა, გალილეოს ერთგულ ქალიშვილად რჩებოდა, მამას თითქოსდა თავის მფარველ წმინდანად აღიქვამდა. მამისადმი სათუთი მზრუნველობა სამძიმრის წერილიდანაც ნათლად გამოსჭვივის, და ეს გრძნობა შემდგომი ათი წლის განმავლობაში მარტოოდენ ძლიერდებოდა იმისდა მიხედვით, რაც უფრო მეტად ბერდებოდა და ავადმყოფობდა გალილეო (თუმცა კვლევით სამუშაოს არ წყვეტდა), და განსაკუთრებულ სიღრმეს მაშინ მიაღწია, როდესაც გამოქვეყნდა წიგნი, რომლის გამოც იგი წმინდა ინკვიზიციის სამსჯავროს წინაშე წარდგა.
როდესაც მარია ჩელესტე წერს - „ჩვენ“, გულისხმობს საკუთარ თავსა და ხორციელ დას, ლივიას - გალილეოს უცნაურ, უჩვეულოდ სიტყვაძუნწ მეორე ქალიშვილს, რომელიც ასევე აღიკვეცა მონაზვნად სან-მატეოში და სახელად არქანჯელა ეწოდა. კანონიერ შვილად მხოლოდ მათი ძმა, ვინჩენცო, გალილეოსა და მარინას კავშირის შედეგად დაბადებული სამი შვილიდან უმცროსი, იქნა აღიარებული, ტოსკანის დიდი ჰერცოგის განსაკუთრებული ბრძანებულების ძალით. იგი პიზის უნივერსიტეტში გაემგზავრა იურისპრუდენციის შესასწავლად.
ამგვარად, მარია ჩელესტე მარტოობაში დარჩენილი მამის ნუგეშად იქცა: იმხანად ორივე ქალიშვილი მონასტრის ჩაკეტილ სამყაროში იმყოფებოდა, ვაჟს ჯერ არ მიეღწია ზრდასრული ასაკისათვის, საყვარელი ქალი გარდაცვლილიყო, ხოლო ოჯახი, რომელშიც თავად დაიბადა, დაშლილიყო: ზოგი გარდაიცვალა, ზოგმა კი შორეულ ადგილებს მიაშურა.
გალილეო მაშინ ორმოცდაცხრამეტი წლისა შესრულდა. იგი უშიშრად იცავდა საკუთარ შეხედულებებს, სრულიად მარტო, და მონაზონმა მარია ჩელესტემ ამის შესახებ მისი წიგნებიდან იცოდა და