წინასიტყვაობა
მეოცე ასწლეულის მეორე ნახევარში მრავალი ახალი სახელმწიფოს წარმოქმნასთან ერთად, საერთაშორისო პოლიტიკამ და ეკონომიკამ ისტორიაში პირველად შეიძინა მართლაც გლობალური ხასიათი. იმავდროულად, ტექნოლოგიამ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანას მისცა პლანეტის ნებისმიერ კუთხეში მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენის შესაძლებლობა.
სამწუხაროდ, ინფორმაციულ აფეთქებას ცოდნის შესაბამისი მატება არ მოჰყოლია. კონტინენტები ურთიერთქმედებენ, მაგრამ ერთმანეთის ყოველთვის არ ესმით. ტექნოლოგიის ერთგვაროვნება ქმნის ილუზიას, რომ პოლიტიკა და კულტურაც კი ჰომოგენური გახდება. დიდი ხნის წინ წარმოშობილ დასავლეთის ერებს აქვთ სერიოზული საშიშროება, დასავლური ცივილიზაციის კრიტერიუმებით შეაფასონ ყოველი ახალი სახელმწიფო, მათი ისტორიის გათვალისწინების გარეშე. ამ დროს ხშირად მხედველობის მიღმა რჩება, რომ დასავლეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები ერთ საათში, თანამედროვეების თვალწინ კი არ შექმნილა, არამედ საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა, კანონების, კონსტიტუციისა და საზოგადოების ძირითადი ღირებულებების ფორმირების კვალდაკვალ.
და მაინც, სახელმწიფოების ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს. დასავლეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებები თანდათანობით ვითარდებოდა, ახალ სახელმწიფოთა უმრავლესობაში კი ისინი უცბად შეიქმნა და უკვე საკმაოდ განვითარებული ფორმით. დასავლეთში სამოქალაქო საზოგადოება თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბების პარალელურად იქმნებოდა. ამან შესაძლებელი გახადა საკანონმდებლო დაწესებულებების განვითარება, რომლებმაც სახელმწიფოს ძალაუფლება შეზღუდეს და საკითხების იმ წრეს დაუკავშირეს, რომელთა გადაჭრასაც საზოგადოება საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდა. საზოგადოების ინტერესების უზენაესობის გათვალისწინებით გვარდებოდა პოლიტიკური კონფლიქტებიც.
მსგავსი ისტორია ბევრ პოსტკოლონიალურ სახელმწიფოს არა აქვს. ამოცანები, რომლებიც დასავლეთში ასწლეულობით წყდებოდა, ახალგაზრდა სახელმწიფოებში ერთ-ორ ათწლეულში უნდა მოგვარებულიყო და თან გაცილებით უფრო რთულ გარემოებებში. იქ კი, სადაც მთელი საერთონაციონალური გამოცდილება უცხოური კოლონიალისტური ბატონობის პირობებში ყალიბდება, სახელმწიფოს მოსახლეობა კი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისგან შედგება, პოლიტიკური ოპოზიცია ხშირად განიხილება, როგორც არა ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამოხატულება, არამედ როგორც სახელმწიფო საფუძვლების ხელყოფა.
სინგაპური ამის თვალსაჩინო მაგალითია. ქალაქს, რომელიც ბრიტანეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო შორეულ აღმოსავლეთში, არც პერსპექტივები გააჩნდა და არც სწრაფვა სახელმწიფოებრივი სტატუსის მოპოვებისკენ. და მაინც, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ევროპული კოლონიალური ბატონობის კრახის ფონზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პოლიტიკური რუკა შეიცვალა. დეკოლონიზაციის პირველ ტალღაზე სინგაპური მალაიის ნაწილი გახდა, შემდეგ კი სინგაპურის მოსახლეობა, რომელიც უმეტესად ჩინელებისგან შედგებოდა, არ შეეგუა სახელმწიფოსა და მალაიური უმრავლესობის მცდელობებს, მათი ნაციონალური მიკუთვნილობა შეეცვალათ. მალაიამ ჩამოიცილა სინგაპური, რადგან მზად არ აღმოჩნდა, საქმე ჰქონოდა ესოდენ მრავალრიცხოვან ჩინელ მოსახლეობასთან, ისევე როგორც არ შეეძლო დაემორჩილებინა სინგაპური, იმ შემთხვევაშიც კი, იძულებით რომ შეეყვანა მოგვიანებით შექმნილ მალაიზიის ფედერაციაში.
მიუხედავად ამისა, ისტორია აჩვენებს, რომ ორდინარული კეთილგონივრული გამოთვლები შეიძლება ექსტრაორდინარულმა ადამიანებმა შეცვალონ. სინგაპურის სახელმწიფოებრიობის მამამთავრის, ლი კუანის შემთხვევაში ოდინდელი კამათი იმის შესახებ, გარემოება ახდენს გადამწყვეტ გავლენას მოვლენათა განვითარებაზე თუ ინდივიდუალობა, უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდა. უფრო არახელსაყრელი გარემოებების წარმოდგენა შეუძლებელია. ხმელეთის ვიწრო, ქვიშიან ზოლზე მდებარე, ყოველგვარ ბუნებრივ რესურსებს მოკლებულ სინგაპურში 1950-იან წლებში სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა ცხოვრობდა, რიცხოვნობით მილიონზე ოდნავ მეტი (დღეს ქვეყანაში სამ მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობს). მოსახლეობის 75.4%-ს ჩინელები შეადგენდნენ, 13.6%-ს - მალაიელები და 8.6%-ს - ინდოელები. სამხრეთით სინგაპური ინდონეზიას ესაზღვრებოდა, რომლის მოსახლეობა 100 მილიონ კაცს აღემატებოდა (დღეს ორჯერ მეტია), ჩრდილოეთით კი მალაიას (მოგვიანებით მას მალაიზია ეწოდა), 6.28 მილიონი მოსახლით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეს ყველაზე პატარა ქვეყანა თითქოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იყო შექმნილი, რომ გაცილებით მძლავრ მეზობლებზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ მოახერხებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
ლი კუან იუ სხვაგვარად ფიქრობდა. ყოველი დიდი მიღწევა, ვიდრე ხორცი შეესხმებოდეს, უბრალოდ ოცნებაა, ის კი ოცნებობდა სახელმწიფოზე, რომელიც არა მხოლოდ გადარჩებოდა, არამედ სხვა ქვეყნებს აჯობებდა კიდეც. რესურსების სიმწირე ინტელექტუალურ უპირატესობას, დისციპლინასა და შემოქმედებით მიდგომას უნდა გადაეფარა. ლი კუანი მოუწოდებდა თანამემამულეებს, გაეკეთებინათ ის, რაც ადრე არასოდეს მიაჩნდათ თავიანთ მოვალეობად: ჯერ გაესუფთავებინათ საკუთარი ქალაქი, მეზობლებისადმი ოდინდელი მტრული დამოკიდებულებისა და ეთნიკური დაპირისპირებულობის დაძლევის შემდგომ კი, ჩინებული შრომის მაგალითი ეჩვენებინათ ყველასთვის.
დღევანდელი სინგაპური ლი კუან იუს ხორცშესხმული ოცნებაა. ყოველწლიური შემოსავალი თითოეულ მოსახლეზე, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან 1 000 აშშ დოლარზე ნაკლები იყო, დღეს თითქმის 30 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერია მაღალი ტექნოლოგიების დარგში, მისი კომერციული კარიბჭე და სამეცნიერო ცენტრი. სინგაპური დიდ როლს თამაშობს პოლიტიკასა და ეკონომიკაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და მის ფარგლებს მიღმა.
ეს ტომი ლი კუან იუს ანგარიშია მისი ექსტრაორდინარული მიღწევების შესახებ. ის სახელმწიფო ხომალდს არა მხოლოდ საკუთარი საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით უძღვებოდა, არამედ მეზობლების მოთხოვნებისა და