პირველი თავი - შავი კატის შესახვევში
აღტაცებაში მოვყავდი საკრავს და მეც თავდავიწყებით ვმეცადინეობდი...
პაგანინი
გენუის განახლებულ კვარტალთა მახლობლად, თვალუწვდენელ ცათამბჯენთა გვერდით, ჯერ ისევ შემორჩენილა მთის ფერდობზე შეფენილი, მიჯრით მიწყობილი ძველი ნაგებობანი, რომელთა შუა ვიწრო ქუჩები მიიკლაკნება. თუ ამ ლაბირინთში გავივლით, და ისიც საღამო ხანს, ძალზე ლამაზი, უჩვეულო სანახაობა გადაგვეშლება. სახლებს შუა გაბმულ თოკებზე გასაშრობად გაფენილი თეთრეული ფრიალებს. შენობები ახლო-ახლო, ლამის ერთმანეთზე მიკრულნი დგანან და გგონია, აქ ფანჯრიდან ფანჯარაში ხელის ჩამორთმევითაც შეგიძლია მისალმება. ბნელი, ციცაბო კიბით ვეშვებით სრიალა ქვაფენილზე, სადაც უხმაუროდ დასუნსულებენ შავი, რუხი თუ ჭრელ-ჭრელი კატები და თვალებიდან ცეცხლს აკვესებენ.
ერთ ასეთ პატარა ქუჩას მივყავართ შუკისაკენ, რომელსაც შავი კატის შესახვევს უწოდებენ. მივუახლოვდეთ 38 ნომერ ძველ სახლს, ჩაბნელებულ შესახვევთან მოჩანს ოთხი ფანჯარა, რომელთაგან ორი ზედა მცენარეული ორნამენტებით არის დამშვენებული, ხოლო მათ შუა კედლის ვარდისფერ კვადრატში დატანებულია პატარა საკურთხეველი ღვთისმშობლის ქანდაკებით. მის ქვემოთ კი, რკინის გისოსებიან ფანჯრებს შორის გაკრულ მარმარილოს დაფაზე ვკითხულობთ:
„ამ უბრალო სახლს ბედნიერება ხვდა წილად -აქ 1782 წლის 27 ოქტომბერს სამყაროს გასახარად დაიბადა გენუის სიამაყე ნიკოლო პაგანინი - ღვთიურ ჰანგთა ხელოვნების უბადლო ოსტატი“.
შავი კატის შესახვევის ახლოს მდებარე წმინდა ჯვრისა და უწმინდესი სალვატორეს ეკლესიაში შემონახულია 1766 - 1795 წლების ნათლობის ჩანაწერები. 213-ე გვერდზე 225 ნომრით აღნიშნული ძველი საბუთი ადასტურებს:
„1782 წელსა, დღესა ოქტომბერსა, დაიბადა და ჩემს მიერ მოინათლა ნიკოლაუს პაგანინი, ვაჟი მეუღლეებისა ანტონიოსი, ძისა იოანე ბაპტისტისა და ტერეზასი, ასულისა იოანე ბოჩარდოსი. მოწმეები - ნიკოლაუ კარუტა და კოლუმბა მარია ფერამოლა“.
რას იფიქრებდა მღვდელი, ბებრული ხელით ეს სტრიქონები რომ გამოჰყავდა, ესოდენ მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს თუ აღნუსხავდა და პირველად წერდა იმ იშვიათ სახელს, რომელსაც ჟამთა სიავე ვერაფერს აკლებს და რომლის დიდებაც დავიწყებას არასოდეს მიეცემა.
ნიკოლაუს პაგანინი - იგივე ნიკოლო - ასე დაარქვეს ნავსადგურის ყოფილი მუშისა და უბრალო ქალაქელი ქალის მეორე ვაჟიშვილს. ნავსადგურში ანტონიოს პატარა დუქანი ჰქონდა გახსნილი, მაგრამ ამასთან ერთად ცდილობდა წინასწარმეტყველიცა და მუსიკოსიც გამხდარიყო. ეტყობა, იგი ლატარეაში მართლაც უწინასწარმეტყველებდა თავის კლიენტებს მომგებიან ნომრებს. „თუმცა მას თვითონ ბედი არასოდეს სწყალობდა“, - წერს პაგანინის ბიოგრაფი ელიზა პოლკო. მოკლედ, დღენიადაგ ხელმოკლედ ცხოვრობდა. ხოლო რაც შეეხება მუსიკას, ძალიან უყვარდა და სიამონებით აჟღარუნებდა მანდოლინასა და ვიოლინოს. არც მსმენელი ჰყავდა მომთხოვნი და ყოველთვის მხურვალე ტაშით აჯილდოებდა საგანგებოდ მისთვის შესრულებული მსუბუქი და იოლად დასამახსოვრებელი ხალხური მელოდიებისათვის. ეს იყო უბრალო, მხიარული და უდარდელი სიმღერები, ყოველ შემთხვევაში უფრო ხალისიანი, ვიდრე მისი შემსრულებლის ერთთავად ჩამოქუფრული პირისახე.
ანტონიო პაგანინი ეკუთვნოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც თვლიან, რომ მათი კარიერა არ შედგა! ის ვაჭრობაზე კი არა, მუსიკოსობაზე, სახელის მოხვეჭასა და თავისი ხელოვნების ჯილდოდ აპლოდისმენტზე ოცნებობდა, დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობა და აუხდენელი ნატვრა სტანჯავდა. ამიტომაც უგუნებობა დასჩემდა - გულფიცხი და ჭირვეული გახდა, ძნელი იყო მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.
საბედნიეროდ, მისი მეუღლე ტერეზა ბოჩარდო ნაზი, თვინიერი და მორჩილი ქალი გახლდათ. ბედით უკმაყოფილო და ბუზღუნა ქმრის მორჯულება რომ ვეღარ შეძლო, პირში წყალი ჩაიგუბა, ნუგეშად მხოლოდ რელიგია და ბავშვები დაიგულა. ხუთი შვილი ჰყავდა - კარლო, ანჟელა, ჯულია-ნიკოლეტა და პაოლა-დომინიკა. ხუთივე ქორწინების პირველი ათი წლის მანძილზე შეეძინათ. ტერეზა გათხოვდა 1777 წელს, როგორც კი ჩვიდმეტისა შესრულდა.
ო, რა შორეულად ეჩვენებოდა ახლა ის დღე, ფარჩის კაბაში გამოწყობილი და ბედნიერებით ფრთაშესხმული საკურთხევლისაკენ რომ მიაბიჯებდა. მაშინ მისი ანტონიო 24 წლისა იყო. მას ტერეზა უყვარდა და იმედებითა და დაპირებებით აღსავსე მომავალსაც თითქოს ორივეს გული სიამით უნდა აევსო. მერე ამას მოჰყვა არცთუ ბედნიერი და იოლი წლები. ხუთი პატარა შვილის გაზრდა და დაპურება ათას საფიქრალს უჩენდათ, არც გულისხეთქვა დაკლებიათ მრავალგზის. ტერეზას ყველაზე გამორჩეულად ნიკოლო უყვარდა. იგი ჩვილი ბავშვის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე შეეძინა და ირწმუნა, რომ ღმერთმა დაკარგული შვილი ნიკოლოს სახით ისევ მოუვლინა ამქვეყნად, როგორც იტალიელები იტყვიან, ესეც ერთი ოცნება, ერთი სიზმარი, მაგრამ ტერეზას ეჭვი წუთითაც არ შეპარვია ამაში.
ერთხელ უცნაური რამ ესიზმრა და მერე სიზმარში ნანახს ყოველთვის გულისფანცქალით უამბობდა მეზობლებსა და ახლობლებს. ძილში ვითომ ანგელოზი გამოეცხადა და ჰკითხა: რა წყალობას ისურვებ უზენაესისაგან, რას ინატრებო, და ტერეზამაც შესთხოვა მოციქულს, ჩემი ბიჭუნა ნიკოლო ღმერთმა სახელგანთქმული მუსიკოსი გამიხადოსო.
ტერეზასაც ძალიან უყვარდა მუსიკა და ამჩნევდა, მისი საფიცარი შვილი როგორ მოჯადოებული უსმენდა