წინათქმა
„კარდინალ დე რიშელიეზე ერთგული მსახური საფრანგეთს არასდროს ჰყოლია“. ასე შეაფასა თავისი პირველი მინისტრის ღვაწლი ლუი XIIIმ. მართლაც, ძნელად თუ მოიძებნება პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ასე თავდადებით ემსახურა სამშობლოს, შეძლო მისი გადარჩენა, გაერთიანება და გაძლიერება. რელიგიური თუ პოლიტიკური დაპირისპირებით გადაღლილი ქვეყანა ძლიერ მონარქიად ჩამოაყალიბა და ერთპიროვნული მმართველობა დააწესა. მან არა მხოლოდ თავისი სამშობლოს ყოფა და კულტურა წარმართა ახალი გზით, არამედ მეზობელი ქვეყნების ისტორიაც საგრძნობლად შეცვალა. საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საფრანგეთს, როგორც ძლიერ და ერთიან ქვეყანას. 1624 წელს რიშელიე სამეფო კარის პირველი მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა და, ამ დროიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე, ხელთ ეპყრა ქვეყნის სადავეები აგვარებდა საშინაო თუ საგარეო საკითხებს, მაშინ როცა მეფეს მხოლოდ რიშელიეს მიერ შეთავაზებული სახელმწიფოს მოწყობისა და მმართველობის პრინციპების დადასტურება უწევდა. კარდინალს მიაჩნდა, რომ ქვეყნის გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად აუცილებელი იყო ერთხელისუფლებიანობა, ძლიერი მონარქის რაციონალური აზროვნება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა რაიმე მიკერძოებისგან და, მდგომარეობისა და სიტუაციის შესაფერისად, შეცვლიდა პოლიტიკას, არ დაემორჩილებოდა ბედისწერასა თუ რელიგიურ განწყობას და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის არც ამორალურ საქციელზე იტყოდა უარს. მმართველობის ასეთი მოდელი რიშელიემ ძირითადად მაკიაველის უმნიშვნელოვანესი ნაშრომის „მთავარი“, მიხედვით ჩამოაყალიბა და თავის ქვეყანას მიუსადაგა.
ხელისუფლებაში დამკვიდრებულმა ახალმა სისტემამ სამეფო კარის ირგვლივ შემოკრებილი და თავის თავზე მზრუნველი დიდებულების უფლებები შეკვეცა. მათ მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება და ტერიტორიების მიტაცება სურდათ, რასაც წინ აღუდგა რიშელიე და ამით თავისი თანამედროვეების სიძულვილი დაიმსახურა. არც კათოლიკური ეკლესია ენდობოდა კარდინალს, ათეისტად მოიხსენიებდა, მაშინ როცა ის ყოველთვის თავისი მრწამსის ერთგული რჩებოდა ვერ აპატიეს ჰუგენოტებთან დამყარებული კავშირი. თუმცა, არც ჰუგენოტები წყალობდნენ და მტრად მიიჩნევდნენ. ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული თითოეული ნაბიჯი და თავდადება არავინ დაუფასა, არ აპატიეს გადამეტებული სიმკაცრე.
რიშელიეს მემუარები არ შემოიფარგლება მისი პირადი ცხოვრების დეტალებით. პირიქით, ის საკმაოდ მოკრძალებულად ასახავს საკუთარ როლს საფრანგეთის ისტორიის მსვლელობისას და, ძირითადად, თავისი დროის საზოგადოებრივ ცხოვრებას აღწერს. თუმცა ზოგჯერ ობიექტურობას სცილდება, რაც საერთოდ დამახასიათებელია ამ ჟანრის ნაწარმოებთათვის. ის ცდილობს, თავისი საქმიანობა ერთგვარად შენიღბოს, ხოლო ზედმეტად გაბედული საქციელი გაამართლოს. მემუარებში ასახული პერიოდი 16101629 წლებს მოიცავს ეს კარდინალის ახალგაზრდობის და სამეფო კარზე დამკვიდრების ხანაა, მისი დიდება და ძლევამოსილება კი 20ანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, მაგრამ ამ წლების შესახებ ავტორისეული მოგონებები მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი. მემუარები შეიძლება ორად გაიყოს: პირველი მოიცავს 16101617 წლებს, როცა თავად რიშელიე აღნუსხავდა ქვეყანაში მომხდარ ფაქტებს. ეს ნაწილი დახვეწილი სტილით და მოვლენების ძალზე საინტერესო ზნეობრივი შეფასებით გამოირჩევა, ასახავს პოლიტიკურ თუ სოციალურ ვითარებას, რაც არა მარტო საინტერესოა, არამედ მნიშვნელოვანია ავტორის თვალთახედვისა და პოზიციის შესასწავლად. მსგავსი შეფასებები იშვიათად გვხვდება მეორე ნაწილში. როგორც ჩანს, ის იქმნებოდა რიშელიეს დავალებით, რაც კარდინალის მოუცლელობით ან ქვეყნის მართვაში აქტიური მონაწილეობით უნდა აიხსნას. ამიტომ წერის მანერა და თხრობა აღარ გამოირჩევა მაღალი სტილით და, რაც მთავარია, გადატვირთულია ისტორიული ფაქტების დეტალური აღწერით.
რიშელიეს მემუარები დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი გამოქვეყნდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 1730 წელს ისტორიკოს მეზერეის მიერ გამოცემული „დედისა და შვილის ისტორია“. რიშელიეს მოგონებები ლუი XIIIის და მარი დე მედიჩის შესახებ, მეზერეიმ შეამოკლა და თავისი სახელით გამოამზეურა დედაშვილის ურთიერთობის არცთუ სახარბიელო ისტორია, რამაც საკმაოდ უარყოფითი აზრი შეუქმნა საზოგადოებას, არა მარტო სამეფო ოჯახის შესახებ, არამედ თვით რიშელიეზედაც. ასეთი თვალთახედვა მომდევნო საუკუნესაც შემორჩა. უარყოფითი განწყობა ძალზე გამძაფრდა რომანტიზმის აღზევების პერიოდში. რომანტიკოსების მიერ კლასიციზმის წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლა რიშელიესაც შეეხო, რადგან ორი საუკუნის შემდეგაც კი, საფრანგეთის აკადემიის მიერ ხელოვნებასა და ლიტერატურაში დაწესებული ნორმები მძიმე ტვირთად აწვა ფრანგულ კულტურას, განსაკუთრებით ლიტერატურას. შეიძლება სწორედ მსგავსმა დამოკიდებულებამ უბიძგა საფრანგეთის აკადემიის წევრებს, როცა სხვადასხვა არქივსა თუ კერძო კოლექციებში მიმოფანტული მასალა მოიძიეს და 1837 წელს მემუარების სრული ტექსტი გამოსცეს. (სწორედ ამ გამოცემიდანაა შესრულებული წინამდებარე თარგმანი). აკადემიკოსებმა მიშომ და პუჟულამ უცვლელი დატოვეს რიშელიესეული ტექსტი და შეუნარჩუნეს XVII საუკუნის გრამატიკული და სტილისტური ნორმები. ყურადღებას იქცევს წინასიტყვაობაში მათ მიერ რიშელიეს ღვაწლის შეფასება, როცა მას დიდ პიროვნებად, დიდ სახელმწიფო მოღვაწედ, მწერლად და ორატორად მოიხსენიებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რიშელიე თავისი დროის გამორჩეული მწიგნობარი და მოაზროვნე იყო.
მემუარულ ლიტერატურაში ავტორისეული თვალთახედვა შესაძლებლობას გვაძლეს, შევავსოთ ამა თუ იმ ეპოქის ირგვლივ არსებული ცნობები. მით უმეტეს, როცა მოგონებებს გვთავაზობს