შესავალი „დალაი ლამა“ - ამ ცნებას ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ნაწილისთვის ის ნიშნავს, რომ მე ცოცხალი ბუდა ვარ, ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის, გულმოწყალების ბოდჰისატვას მიწიერი განსხეულება. სხვები „ღმერთ-მეფედ“ მიმიჩნევენ. 50-იანი წლების ბოლოს ეს სიტყვა გულისხმობდა, რომ მე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. როცა იძულებული გავხდი, ჩემი ქვეყნიდან გავქცეულიყავი, კონტრრევოლუციონერად და პარაზიტად მომნათლეს; მაგრამ მე სულ სხვანაირად ვფიქრობ. ჩემთვის „დალაი ლამა“ მხოლოდ ტიტულია, რომელიც ჩემ მიერ დაკავებულ თანამდებობას აღნიშნავს, თვითონ კი, უბრალოდ, ადამიანი ვარ, ტიბეტელი, რომელმაც გადაწყვიტა, ბუდისტი ბერი გამხდარიყო.
სწორედ ასე, როგორც უბრალო ბერი, ვთავაზობ მკითხველს ჩემი ცხოვრების ისტორიას, თუმცა ეს წიგნი სულაც არ არის ბუდიზმის შესახებ. საამისოდ ორი მთავარი მიზეზი მაქვს: პირველ რიგში, სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენს ინტერესს, გაიგოს რამე დალაი ლამას შესახებ; მეორეც – მინდა, გარკვეული ისტორიული მოვლენების შესახებ მოგითხროთ, როგორც უშუალო მოწმემ.
დროის უკმარისობის გამო გადავწყვიტე, პირდაპირ ინგლისურად დამეწერა. ეს იოლი საქმე არ იყო, რადგან რამდენადმე შეზღუდულია ჩემი შესაძლებლობები, გამოვხატო აზრი ამ ენაზე. ასევე, ვაცნობიერებ, რომ ნათქვამის მნიშვნელობის ზოგიერთი ნიუანსი შეიძლება არც ისე ზუსტად შეესაბამებოდეს იმას, რასაც ვგულისხმობდი. მაგრამ იგივე შეიძლებოდა, მომხდარიყო ტიბეტურიდან თარგმნის დროსაც. ასევე უნდა დავძინო, რომ არ ვფლობ წყაროებს, რომლებზეც სხვებს ხელი მიუწვდებათ. მე კი, როგორც ნებისმიერ ადამიანს, შეიძლება, რამე არასწორად მახსოვდეს. დაბოლოს, მინდა, დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო დევნილი ტიბეტური მთავრობის წევრებს და მისტერ ალექსანდრ ნორმანს, ჩემს რედაქტორს.