პირველი ნაწილი - მანია
კვირადღეა, ნოვოლიპსკის ქუჩაზე მდებარე გიმნაზიაში სიჩუმე სუფევს. ქვის ფრონტონის ქვეშ რუსული წარწერაა ამოკვეთილი: „ვაჟთა გიმნაზია“. მთავარი შესასვლელი დაკეტილია და სვეტებიანი ვესტიბიული მიტოვებულ ტაძარს წააგავს. სიცოცხლე ჩამკვდარა ნათელ დარბაზებში, დანის წვერით დასერილი შავი მერხები დაცარიელებულა. მხოლოდ გარედან ისმის მეზობელი ეკლესიის მწუხრის ზარების რეკვა და დროდადრო ქუჩაზე ჩავლილი ფორნის რახრახი. წინა ეზოში, თუჯის მესერს იქით, ნახევრად ჩამომჭკნარი და დამტვერილი იასამნის ოთხი ბუჩქი დგას, მაგრამ ახლა ისინი აყვავებულია და უსაქმური გამვლელი გაოცებული შემობრუნდება ეზოსაკენ, საიდანაც მოულოდნელად წამოუბერავს სასიამოვნო სურნელება. ჯერ მხოლოდ მაისის მიწურულია და უკვე ცხელა. ვარშავაში მზე ისეთივე მწველია, როგორც ყინვა.
მაგრამ კვირადღის მყუდროებას რაღაც ხმაური არღვევს. გიმნაზიის მარჯვენა ფლიგელიდან, სადაც ფიზიკის მასწავლებელი, სუბინსპექტორი ვლადისლავ სკლოდოვსკი ცხოვრობს, ყრუ ხმაური მოისმის, თითქოს ჩაქუჩის დარტყმის მსგავსი, მაგრამ უწესრიგო, არარიტმული. ყოველ დარტყმას მოჰყვება რაღაც ნაგებობის ნგრევის ხმა, რომელსაც ბავშვები მხიარული ყიჟინით ხვდებიან. შემდეგ ისევ დარტყმის ხმა... და მოკლე ბრძანებები პოლონურ ენაზე:
- ელია, ჭურვი გათავდა!
- კოშკს დაუმიზნე, იუზეფ, კოშკს!
- მანია, განზე გადექი!
- მე ხომ კუბიკები მოვიტანე.
- ოხ-ოხ-ოხ!
ისევ ნგრევის ხმა და ხის კუბიკების ბრახუნი გაპრიალებულ იატაკზე... კოშკი დაინგრა. შეძახილები ძლიერდება, ისევ მიფრინავენ ჭურვები და რაღაცაზე ეცემიან...
ბრძოლის ველი დიდი კვადრატული ოთახია, რომლის ფანჯრები გიმნაზიის შიგნითა ეზოში გადის. ოთხივე კუთხეში ბავშვის საწოლები დგას. ხუთიდან ცხრა წლამდე ასაკის ოთხი ბავშვი ომობანას თამაშობს. ჟივილ-ხივილი უდგათ. ვისტისა და პასიანსების მოყვარულმა ბიძამ საშობაოდ უმცროს სკლოდოვსკებს სათამაშო - „ნორჩი მშენებელი“ აჩუქა. მან, რასაკვირველია, ვერ გაითვალისწინა, როგორ გამოიყენებდნენ ბავშვები მის საჩუქარს. იუზეფმა, ბრონიამ, ელიამ, მანიამ ფირფიცრის დიდ ყუთში ნახეს სურათებ-ნაგებობების ნიმუშები, და რამდენიმე დღე ამის მიხედვით გულმოდგინედ აშენებდნენ ხიდებს, ეკლესიებს, კოშკებს; მაგრამ სულ მალე ამ სამშენებლო ბლოკებმა, კოჭებმა სახე იცვალეს. მუხის სვეტები ზარბაზნებად იქცა, კუბიკები - ჭურვებად, ხოლო თავად არქიტექტორები მხედართმთავრები გახდნენ.
იუზეფი მუცლით მიხოხავს და მოხერხებულად მიაჩოჩებს თავის ზარბაზნებს მტრის მიმართულებით. გაცხარებული ბრძოლის დროსაც კი მას, როგორც მხედართმთავარს, სერიოზული გამომეტყველება აქვს. იგი ყველაზე უფროსი და ყველაზე მცოდნე ბავშვია, თანაც ერთადერთი ვაჟია. ირგვლივ გოგოები არიან, რომლებსაც ერთნაირი სადღესასწაულო კაბები აცვიათ, მუქი წინსაფრები და გოფრირებული საყელოები უკეთიათ.
რაც მართალია, მართალია, გოგონები ჩინებული მეომრები არიან. იუზეფის მოკავშირე ელიას თვალები ცეცხლს აფრქვევს. ელიას აბრაზებს თავისი ასაკი. იგი მხოლოდ ექვსწლინახევრისაა და არ ძალუძს, კუბიკები უფრო შორს, ძლიერად გასტყორცნოს. ამიტომ შურს რვა წლის ფუნთუშა და ქერა ბრონიასი, რომელსაც ხშირი თმა აქვს და, როდესაც ხელებს იქნევს და აქეთ-იქით აწყდება იატაკზე ორ ფანჯარას შორის განლაგებული თავისი ჯარების დასაცავად, თმა ეწებება.
პაწაწინა ადიუტანტი, მაქმანიანი წინსაფრით, ბრონიას მხარეს იბრძვის, კუბიკებს არჩევს, ბატალიონებს შორს დაჯირითობს; საქმეშია გართული, ლოყები უვარვარებს, გაშმაგებული ყვირილისა და მხიარული სიცილისაგან პირი გაშრობია.
- მანია!
მოულოდნელ შეძახილზე ბავშვი ჩერდება, ხელიდან უშვებს წინსაფრის ბოლოს და კუბიკების გროვა იატაკზე ცვივა.
- რა ამბავში ხართ?
ოთახში ყმაწვილი სკლოდოვსკებიდან ყველაზე უფროსი - ზოსია შემოვიდა. თუმცა მას თორმეტიც არ შესრულებია, მაგრამ თავის და-ძმებთან შედარებით შეიძლება უკვე მოზრდილად ჩაითვალოს. ზოსიას მეოცნებე ნაცრისფერი თვალები აქვს, უკან გადავარცხნილი მოვერცხლისფრო თმა მხრებამდე სწვდება.
- დედა ამბობს, დიდი ხანია, თამაშობსო.
- კი მაგრამ, მე ხომ ბრონიას ვჭირდები... კუბიკებს ვუზიდავ!
- დედამ თქვა, ჩემთან მოდიო.
მანია ერთ წუთს ყოყმანობს, შემდეგ ხელს ჰკიდებს დას და ღირსეულად გადის ოთახიდან. ოთხი წლის ბავშვისათვის ძნელია ბრძოლა, ამიტომ ქანცგამოლეული გოგონა არცთუ უხალისოდ ტოვებს ბრძოლის ველს. მეზობელი ოთახიდან ნაზი ხმა უხმობს თავისთან და სასიყვარულო სახელებს ეძახის:
- მანია... მანიუშა... ჩემო ანჩუპეჩო...
არც ერთს არ ჰქონია იმდენი საალერსო სახელი, რამდენიც ყველაზე უმცროსს, მთელი ოჯახის საყვარელ გოგონას, მანიას. მისი ჩვეულებრივი კნინობითი სახელია „მანია“, განსაკუთრებით ნაზია - „მანიუშკა“, ხოლო „ანჩუპეჩო“ - აკვნიდანვე შერქმეული სახუმარო მეტსახელია.
- ჩემო ანჩუპეჩო, როგორ აჩეჩილხარ, როგორ გაწითლებულხარ.
ორი ნაზი, მეტისმეტად ფერმკრთალი, მეტად გამხდარი ხელი უკრავს წინსაფრის გახსნილ ბაფთებს, მოკლე ხუჭუჭა თმას შეუსწორებს და პატარა ჯიუტ სახეს გამოუჩენს. ბავშვი თანდათან წყნარდება, მშვიდდება.
* * *
მანიას უსაზღვროდ უყვარს დედა. მას მიაჩნია, რომ მსოფლიოში არ მოიძებნება დედამისზე უფრო ლამაზი, უფრო კეთილი და ჭკვიანი არსება.
ქალბატონი სკლოდოვსკაია აზნაურის ოჯახში დაიბადა. იგი უფროსი ქალიშვილი იყო. მამამისი, ფელიქს ბოგუსკი, პოლონეთის მრავალრიცხოვან მცირემამულიან აზნაურობას მიეკუთვნებოდა. მწირი მამული