ნაწილი 1 -
ეივონის სტრეთფორდი - თავი 1
ცაში ერთი ვარსკვლავი ცეკვავდა და მე ამ ვარსკვლავზე დავიბადე
უილიამ შექსპირი, როგორც საყოველთაოდ არის აღიარებული, 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა, წმინდა გიორგის ხსენების დღეს. გამორიცხული არ არის, 21 ან 22 აპრილსაც დაბადებულიყო, მაგრამ სხვა თუ არაფერი, ნაციონალურ დღესასწაულზე რომ გაჩნდა, მშვენიერი დამთხვევაა.
დროის სამყაროში მოვლენილი, მეთექვსმეტე საუკუნის პირმშო დაბანეს, ფაფუკი ქსოვილით „გაკოჭეს“ და მამასთან წარსადგენად, ქვედა სართულზე ჩაიყვანეს. რიტუალური მისალმების შემდეგ, თავის თბილ და ბნელ საძინებელში, დედის გვერდით დააბრუნეს. ვიდრე ჩვილს აკვანში ჩააწვენდნენ, იმდროინდელი რწმენის თანახმად, „დედას უნდა გადასდებოდა ყველა მისი დაავადება.“ მერე კარაქისა და თაფლის პაწაწინა ულუფა ჩაუდეს პირში. უორიკშირში ახალშობილს კურდღლის ტვინსაც აძლევდნენ ხოლმე.
რაც შეეხება შექსპირის ნათლობის თარიღს, დაბადების დღისგან განსხვავებით, ზუსტად არის ცნობილი: ის სტრეთფორდის წმინდა სამების ეკლესიაში მოინათლა, 1564 წლის 26 აპრილს, ოთხშაბათ დღეს. ეკლესიის დავთარში შეტანილია - „უილიამი, ვაჟი ჯონისა, შექსპირი.“
ჰენლის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ეკლესიაში ჩვილი მამამ მიიყვანა. დედა ნათლობას არ დასწრებია. ჯონ შექსპირსა და მის ახალშობილ ვაჟს თან ნათლიებიც უნდა ხლებოდნენ. ერთ-ერთი ნათლია უილიამ სმიტი გახლდათ, მათი მეზობელი და გალანტერეით მოვაჭრე. ბავშვს სახელი მანამდე დაარქვეს, ვიდრე წყალში ამოავლებდნენ და შუბლზე ჯვარს გადასახავდნენ. ეკლესიაში ნათლიები დაარიგეს – ყურადღება მიექციათ, რომ უილიამ შექსპირს ქადაგებები მოესმინა და „ინგლისურ ენაზე“ ესწავლა როგორც სარწმუნოება, ისე ლოცვები. ნათლობის შემდეგ ბავშვს თავზე თეთრი მიტკლის ქსოვილი შემოახვიეს, რომელიც მანამდე ეკეთებოდა, ვიდრე დედა არ „განიწმინდებოდა“; თუ ბავშვი ერთი თვის განმავლობაში გარდაიცვლებოდა, ეს ნაჭერი მისი სუდარა გახდებოდა. ელისაბედ I-ის მეფობის წლებში ჯერ კიდევ კეთილგანწყობით უყურებდნენ რეფორმირებულ ანგლიკანურ ცერემონიაზე ჩვილისთვის წმინდანების და მოციქულების გამოსახულებიანი ვერცხლის კოვზებისა და ნათლობის პერანგების ჩუქებას, ასევე, სადღესასწაულო ნამცხვრის გამოცხობას. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ ახალშობილი უილიამ შექსპირის უკვდავი სულის გადარჩენას ზეიმობდნენ.
რაც შეეხება მის მიწიერ ცხოვრებას, წინასწარ ვერაფერს ივარაუდებდი. მეთექვსმეტე საუკუნეში ახალშობილთა გარდაცვალების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. მარტო ცხრა პროცენტი დაბადებიდან პირველივე კვირას იღუპებოდა, თერთმეტი პროცენტი კი - სანამ ერთი თვის ასაკს მიაღწევდა; იმ ათწლეულში, შექსპირი რომ დაიბადა, სტრეთფორდში ერთი წლის მანძილზე საშუალოდ ნათლობის 62.8 და ჩვილთა გარდაცვალების 42.8 შემთხვევა აღირიცხა. გადარჩენის შანსი რომ გქონოდა, ან მდიდარი ოჯახის შვილი უნდა ყოფილიყავი, ან კიდევ დაბადებით ძლიერი. როგორც ჩანს, შექსპირი ამ ორივე უპირატესობით იყო დაჯილდოებული.
ბავშვობის ხიფათებს რომ გადაურჩა, ახალი სიძნელის წინაშე აღმოჩნდა. იმ დროისთვის მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ორმოცდაშვიდი წელი იყო და თუ შექსპირის მშობლები დღეგრძელებად მიიჩნეოდნენ, შეიძლება, თავად იმედიც კი გაუჩნდა, მეტოქეობა გაეწია მათთვის. მაგრამ შექსპირმა მხოლოდ ექვსიოდე წლით გადააცილა საშუალო მაჩვენებელს. უდავოდ, რაღაცამ გამოფიტა მისი ორგანიზმი. ლონდონში მდიდრები ოცდათხუთმეტ წლამდე ცოცხლობდნენ, ღარიბთა უბანში კი საშუალოდ ოცდახუთ წლამდე. ალბათ, უფრო ქალაქმა თუ მოუღო ბოლო. მაგრამ ამ ნაადრევ სიკვდილიანობას ერთი გარდაუვალი შედეგი მოჰყვა. მოსახლეობის ნახევარი ოცი წლისაც არ იყო და მარად ახალგაზრდა ლონდონში, ამბიციური მისწრაფებებით და მოზღვავებული ენერგიით, ახალგაზრდული კულტურა იქმნებოდა.
შექსპირს პირველი გამოცდა სამი თვის ასაკში ელოდა. საეკლესიო დავთარში ჩაწერილია: 1564 წლის 11 ივლისს შავი ჭირის ეპიდემია დაიწყო. ექვსი თვის მანძილზე 237 სტრეთფორდელი დაიღუპა, მოსახლეობის მეათედზე მეტი. შექსპირები გადარჩნენ. შესაძლოა, დედამ ახალშობილი ვაჟი მეზობელ სოფელში, მშობლებთან გახიზნა და სანამ საფრთხე არ გადაივლიდა, იქ დარჩა.
ბავშვის რა გითხრათ, მაგრამ მისმა მშობლებმა უთუოდ დიდი შიშითა და მღელვარებით სავსე დღეები გამოიარეს. ვიდრე პირველი ვაჟი შეეძინებოდათ, ორი ახალშობილი ქალიშვილი დაკარგეს და ამ ყველაფრის გამო, პატარა უილიამისადმი მეტისმეტ მზრუნველობას იჩენდნენ. ნებიერი ბავშვები, როგორც წესი, უფრო თავდაჯერებულები და სიცოცხლით სავსენი იზრდებიან. შესაძლოა, მიაჩნიათ, რომ წუთისოფლის უბედობებისგან მარად დაცულები და დალოცვილები იქნებიან. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირს არც ერთხელ არ შეჰყრია ჭირი, როცა ლონდონს ეპიდემია ატყდებოდა ხოლმე თავს. იქნებ, მისი იღბლიანობა წარმოშობის ადგილებსაც უკავშირდება.