ნაწილი I - ჩემი აზროვნება -
წინასიტყვაობა მოცემული წიგნის მასალის განვრცობა, ინტერპრეტირება ან რამის დამატება ჩემი მიზანი არ ყოფილა.
წიგნში აღწერილი დრამის მონაწილეთა უმეტესობას კარგად ვიცნობდი - იმ დროს მე ამერიკის ელჩი ვიყავი იტალიაში. ის ექსტრაორდინარული პიროვნებაც, რომლის შესახებაც აქ შეიტყობთ, ჩემთვის გადაშლილი წიგნია, რადგან ძალიან ახლოს ვიცნობდი მას. ამ ადამიანმა, ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ და მარტივად დაწერა თავის თავზე და ამის გამო უდიდეს პატივს ვცემ.
წინამდებარე ავტობიოგრაფიაზე პასუხს მე ვაგებ. მუსოლინის ცხოვრების შესახებ ბევრს დაუწერია, მაგრამ ყველას სხვადასხვა ინტერესი და მიზანი ჰქონდა.
„ვერაფერი დაიკავებს იმ წიგნის ადგილს, რომელსაც შენ დაწერ“, - ვუთხარი მას.
„მე დავწერ?“ - იგი საწერ მაგიდაზე გადმოიხარა და გაოცებულმა გაიმეორა ჩემი ფრაზა.
ის ხომ მსოფლიოში ყველაზე მოუცლელი ადამიანია. იმ წუთას მომეჩვენა, თითქოს გული დაწყდა იმის გამო, რომ მეგობარს არ ესმოდა მისი.
„დიახ“ - ვუპასუხე და გავუწოდე რამდენიმე ფურცელზე ჩამოწერილი სათაურები.
„კეთილი, - თქვა მან ინგლისურად, - მე ამას გავაკეთებ“.
და ეს მას ჰგავდა - გადაწყვეტილებას ყოველთვის უყოყმანოდ იღებდა.
მან დაიწყო. მკარნახობდა. ეს მე ვურჩიე, ვინაიდან, ჩვეულებრივ, როდესაც თვითონ წერს, გაუთავებლად ასწორებს და ასწორებს, რაც ამჯერად მისთვის მეტისმეტი იქნებოდა. ასე რომ, ის მე მკარნახობდა. როდესაც ხელნაწერი ჩემამდე მოვიდა, ძალიან შევწუხდი, რადგან ლიტერატურული დამუშავების დროს, ხშირ შემთხვევაში, იკარგება ავტორის სული.
„რა შეიძლება ჩავასწორო?“ - ვიკითხე მე.
„რაც მოგესურვება, - მიპასუხა დუჩემ, - შენ კარგად იცნობ იტალიას, იცი, რა არის ფაშიზმი და მეც ისე ნათლად მხედავ, როგორც არავინ.“
მაგრამ ბევრი არაფერი იყო გასაკეთებელი. ამბავი დაიწერა იმ სახით, რა სახითაც აქ არის წარმოდგენილი. ეს მთლიანად მისია, მისებურია! მნიშვნელობა არა აქვს, ამართლებთ თუ არა მას - როდესაც ამ წიგნს წაიკითხავთ, შეძლებთ, გაიცნოთ მუსოლინი, ან თუ თქვენი ხედვა დაბინდულია, უკეთ დაინახოთ იგი. შესაძლოა, არ მოგეწონოთ, მაგრამ იცოდეთ, აქ ერთი სტრიქონიც კი არ არის არაგულწრფელი. მე ასეთი ვერ ვიპოვე.
რა თქმა უნდა, არის ბევრი რამ, რასაც კაცი ავტობიოგრაფიის წერის დროს თავის თავზე ვერ, ან არ იტყვის.
საეჭვოა, მუსოლონიმ თავის მნიშვნელობასა და სიდიადეზე ილაპარაკოს.
როდესაც მოწონებას ან დაგმობას, თეორიებს და „იზმებს“, მომხრეობასა და მოწინააღმდეგეობას გვერდით გადადებ, ერთადერთ ჭეშმარიტ განზომილებას ადამიანის სიდიადისა სწორედ ამ კითხვის პასუხში იპოვი:
„რამდენად მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი იყო ამ ადამიანის გავლენა ხალხზე, მათს გულებზე, მათს აზრებზე, მათს მატერიალურ კეთილდღეობაზე?“
შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ჩვენს დროში ვერც ერთი ადამიანი ვერ მიაღწევს ისეთ სიდიადეს, როგორსაც მუსოლინიმ მიაღწია.
რამდენად ეთაყვანები მას, რამდენად ამართლებ მის ფილოსოფიას, რამდენად უშვებ მისი წარმატების შემთხვევითობას, მიგაჩნია თუ არა იგი ზეადამიანად - შენი ნებაა, მაგრამ უდავოა, რომ მან მთელს კაცობრიობაზე გამოსცადა მანამდე უცნობი პროგრამები, გამოსცადა სულიერებაში, ლიდერობაში, დოქტრინებში, იმ პრინციპში, რომ შიგთავსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იარლიყი ბოთლებზე. მან მოახერხა და არა მარტო დაიცვა და შეინარჩუნა თითქმის უნივერსალური პოლიტიკური მიმდინარეობა, არამედ ააგო სრულიად ახალ კონცეფციაზე დაფუძნებული ახალი სახელმწიფო. მან შეძლო შეეცვალა არა მარტო ადამიანების ცხოვრება, არამედ მათი გონება, მათი გულები, მათი სული. ის არა მხოლოდ მართავდა სახელმწიფოს, არამედ შექმნა ახალი.
და ეს გააკეთა არა ქაღალდზე და არა სიტყვით, ამისთვის მან აგური აგურზე დადო და ისე აშენა.
ერთია, მართო სახელმწიფო და ის, ვინც ამას კარგად ახერხებს, არის სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ სულ სხვაა, შექმნა ახალი. მუსოლინიმ შექმნა სახელმწიფო და ეს უკვე ზეშემოქმედებაა.
მე ვიცნობდი მას მანამდე, ვიდრე მსოფლიო გაიცნობდა. იტალიის საზღვრებს გარეთაც მესმოდა მის შესახებ. ვიცნობდი მანამდეც და იმის შემდეგაც, რაც მან მოირგო უნაგირი და იტალიაში ქაოსის ნარჩენების წმენდას შეუდგა.
მაგრამ სინამდვილეში მუსოლინის არავინ იცნობს.
მიუხედავად სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებებისა, მიუხედავად თავგანწირვისა, მიუხედავად კარგად დალაგებული სამოქმედო გეგმისა, რომელიც მორგებული იყო ყველა შემთხვევაზე, მუსოლინი, პირველ ყოვლისა, არის დაუდგრომელი პიროვნება, რომელიც თავის ლიდერობას მუდამ მდინარე სამყაროს არგებს.
შეცვალე ფაქტები, რომელთა საფუძველზეც მუსოლინი მოქმედებდა და იგი შეცვლის თავის ქმედებებს. შეცვალე ჰიპოთეზა და ის შეცვლის დასკვნას.
შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ის დამახასიათებელი ნიშანი სიდიადისა, რომელსაც იშვიათად აღიარებენ. ადამიანთა უმეტესობას სურვილი აქვს, მოაწესრიგოს სამყარო და სრულყოფილი გახადოს იგი. სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებსაც ჰქონდათ იდეა და ამბიცია ამ იდეის განხორციელებისა, იმედს არ კარგავდნენ, რომ ერთ დღესაც შეძლებდნენ ეთქვათ: „ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ ეს შევძელით!“