პირველი ნაწილი -
ვარლამ არავიძის დაკრძალვა ვარლამ არავიძე გარდაიცვალა.
არავიძეთა ცისფერი რკინის კარიბჭე გააღეს და ღიად დატოვეს. კარიბჭეო, ვამბობ, რადგან ჩვეულებრივ ჭიშკარს ის არ ჰგავდა, ჩვეულებრივი, სხვათა მსგავსი ამ არე-მარეში არაფერი იყო.
სოფლის ბოლოს, ნაკრძალის ზონაში, არავიძეთა სასახლე იდგა. დიდი გალავნით გარსშემოზღუდული და რკინის თაღოვანი კარიბჭით დაგვირგვინებული.
კარიბჭიდან სასახლის კიბემდე, მწვანე თალარის გაყოლებით ძვირფასი ხალიჩები დააგეს მიწაზე. სასახლის მაღალი კიბე და ფართო აივანი ყვავილებით მორთეს. შავი ძაძა უწარწეროდ გადმოფინეს ბირკულებზე და შავი ბაფთები სასახლის ჭერის საყრდენ ბოძებს შეაბეს.
სიკვდილმა გაახსენა სოფელს ვარლამ არავიძე. ყველას მიერ, თვით სიკვდილის მიერ მივიწყებული, კი არ მოკვდა, გაცოცხლდა თითქოს. ვარლამ არავიძე გარდაიცვალაო, სოფელმაც გაიგო და ქალაქმაც.
არავიძეთა სახლეული კარგა ხანია ელოდა ვარლამის თვალის დახუჭვას, როცა ეს დღე, ბოლოს და ბოლოს, დადგა, მისი მიწაში ჩამარხვა გაჭირდა. ვარლამის ერთადერთ შვილს – აბელს – შინაურობაში აბიას, სასახელოდ უნდა დაემარხა მამა. ვარლამ არავიძე ოცი წლის წინ რომ გარდაცვლილიყო, მთელ დედამიწაზე თუ არა, მის პატარ სოფელ-კუთხეში არავსა და არავიძეთში საყოველთაო გლოვა გამოცხადდებოდა, შავებს ჩაიცვამდა დიდი და პატარა, თვით დედაქალაქში – არავში გამოფენდნენ შავ დროშებს, „მაგრამ ის დრო წავიდა“ – ფიქრობდა კუბოს თავთან მდგარი ვარლამის ერთადერთი ვაჟიშვილი აბია. სახეზე ღრმა მწუხარება აღბეჭდოდა, დინჯად და ღირსეულად ართმევდა ხელს მოსამძიმრეთ, დროდადრო კარიბჭისკენ გაიხედავდა და თვალს შეავლებდა ეზოში ახალ შემოსულ მოტირალთ, თან საათს დახედავდა.
„არ მოვიდა“ – გაიფიქრა შეშფოთებულმა ერთხელაც, კუბოსთან მსხდომ შავით მოსილ ქალებში თავისი მეუღლე, ცისმარე მოძებნა თვალებით, თითქოს მისგან ნუგეშს ელოდა. „არ მოვიდა“ – შეაფეთა ასევე შეშფოთებულ-შეშინებული თვალები ცისმარემ ქმარს.
ხალხი კი მოდიოდა და მოდიოდა. ცნობისწადილი მეტი იყო, ვიდრე გლოვა და მწუხარება.
სამი დღე იდო ცხედარი ზალაში ისე, აბია ვერც პანაშვიდებს ნიშნავდა და ვერც დასაფლავების დღეს, კუბოც კი ვერ შეუკვეთა.
ვარლამ არავიძის დასაფლავებას მარტო ივსიხი ნესტორის ძე ვერ გადაწყვეტდა, ლოდინი გაჭიანურდა, ბოლოს და ბოლოს აღირსეს და ვარლამ არავიძის პატივით დაკრძალვა ბრძანეს, ოღონდ არა არავში, როგორც ეს აბიას უნდოდა, არამედ არავიძეთში, სოფელში.
საიდან მოვიდა ეს ბრძანება, ვინ ბრძანა, ვინ გადაწყვიტა?.. – ამის თაობაზე აბიამ არაფერი იცოდა და არც ამბის მომტანს შეეძლო მინიშნებით მაინც რაიმე ეთქვა.
გაზეთში ნეკროლოგი გამოქვეყნდა. ნეკროლოგს ხელს აწერდა „ამხანაგების ჯგუფი“. აბიას აზრით, თავშეკავებულად წერდნენ ვარლამზე ამხანაგები, ვარლამ არავიძე მეტის ღირსი იყო.
ასე იყო თუ ისე, ნეკროლოგი გაზეთში გამოქვეყნდა, ეს ბევრს ნიშნავდა, აბიას ხელ-ფეხი გაეხსნა, მამას წესისამებრ დაასაფლავებდა. მართალია, ქალაქში დასაფლავება სხვა იყო და სოფელში სხვა, აბიას აზრით, მაგრამ რაკი ასე ბრძანეს, ასე იყო საჭირო.
ოღონდ აბიას ეთქვა და ბიჭები გაუჩენელს გააჩენდნენ, შეუძლებელს შეძლებდნენ, მოუსწრებს მოასწრებდნენ.
აბიამ დილით რომ დანიშნა დასაფლავების დღე, ჭირისგამრიგეთ საღამოს თითქმის ყველაფერი მზად ჰქონდათ. მუხის კუბოც მოიტანეს და ეზოში ხუთასკაციანი ქელეხის სუფრაც გაშალეს, მუსიკოსები იქირავეს და მესაფლავეებიც შეარჩიეს...
აბიას არავიძეთი და მთელი არავი, პატივს სცემდა, მის დაწინაურებას ყოველდღე მოელოდნენ, მამამისის, ვარლამ არავიძის შიში არავს და არავიძეთში ჯერაც ძველი თოვლივით იდო. ვარლამის გამო აბიასაც განსაკუთრებული რიდითა და კრძალვით შესცქეროდნენ. არავინ იცოდა, ხვალ რას იზამდა აბია. მართალია, აბიას მამის სახელი და დიდება აკლდა, მაგრამ ის მაინც ვარლამის შვილი იყო. კვიცი გვარზე ხტოდა – ხვალ-ზეგ ეგებ მთელ არავს დაპატრონებოდა, – წინასწარ იჭერდნენ თადარიგს აბიას ნაცნობ-მეგობრები, – ხელს არავის გაანძრევინებდნენ, სასახელოდ ჩადებდნენ ვარლამს სამარეში, აბიას სხვა რამ ადარდებდა და აშფოთებდა – მოვიდოდა თუ არა დასაფლავებაზე ივსიხი ნესტორის ძე?
ივსიხი თავის ჭეშმარიტ მემკვიდრედ აბიას თვლიდა, მის შემდეგ არავსა და არავიძეთს აბია უნდა ჩადგომოდა სათავეში: ივსიხის ეს საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი. აბია და მისი მეუღლე ქალბატონი ცისმარე მოუთმენლად მოელოდნენ იმ დღეს, როცა ივსიხი პენსიაში გავიდოდა და მის ადგილას აბია გამოიჭიმებოდა. თუ ვარლამის დასაფლავებაზე ივსიხი არ მოვიდოდა, ეს „არ მოსვლა“ ავის მაუწყებელი იქნებოდა. რატომ არ უნდა მოსულიყო ვარლამის დასაფლავებაზე ივსიხი ნესტორის ძე? რატომ დაიბადა ეჭვი? ეჭვი დაიბადა იმ დღეს, როცა ვარლამი გარდაიცვალა. აბიამ ივსიხისთან კაცი აფრინა და ვარლამის გარდაცვალება შეატყობინა. კაცი მართლაც გაფრინდა ივსიხისთან, მაგრამ მობრუნება და ამბის მოტანა გაუჭირდა. ასე და ისეო, მივედიო, დიდი პატივით მიმიღოვო – ჰყვებოდა ამბის მიმტან-მომტანი, – თქვენო, ბატონო აბიავ, სიყვარულით მოგიკითხათო... ამის შემდეგ აბუნდოვანებდა სათქმელს, რაღაცას არეულ-დარეულად ჰყვებოდა, ახლა ხომ იცით, რა დროა,