საკვირველია,
სიყვარული ვარლამ არავიძესაც რომ შეუძლია ქალისა და კაცის ურთიერთობაში სასწაულები ხდება. ერთ-ერთი ასეთი სასწაული იასა და ვარლამს შორისაც მომხდარა. უფრო უკეთ, ვარლამს დამართნია ეს სასწაული.პ პოლიტპატიმრების ცოლების, დედებისაც კი, დებისა და, ასევე, შვილების გაუპატიურება ადლის მეთაურს, ვარლამ არავიძეს, ხელობად ჰქონია ქცეული. დღეში ორი-სამი შეურაცხყოფილი ქალი გამოდიოდა თურმე უფროსისკარიდან. არ დაინტერესებულა ამ ქალებით. მათთან ურთიერთობას, როგორც დილით სამსახურში გამოცხადებას, ისე მიიჩნევდა. იასაც ასე მოექცა, მაგრამ მეორე დღეს თავს შეატყო, რომ რაღაც აწუხებდა, რაღაც სურდა, გაოცდა ფრიად. „რა არის ეს რაღაც?“ – ჰკითხა თავისთავს და აღმოჩნდა, რომ „ეს რაღაც“ ია ხალდანის ნახვა იყო. ასეთი სურვილი სხვა ქალთან არასოდეს დაბადებია. ან თუ დაბადებია, მოუყვანიათ, ე. ი. მოურთმევიათ მისთვის ქალი. ამჯერად კი ვარლამმა დოქსოპულოვი იხმო და გაანდო, ია ხალდანთან უნდა წავიდე, საქმე მაქვსო. „არის!“ – მხედრულად კი გამოეჭიმა თურმე დოქსოპულოვი, მაგრამ შეშფოთებულა ფრიად. „როდის?“ – ფრთხილად უკითხავს. „როცა მოამზადებ შეხვედრას“, – უბრძანებია. დოქსოპულოვს ფეხზე დაუყენებია თავისი საიდუმლო რაზმი და დღისით, მზისით „ობიექტის“ ასათვისებლად გაუგზავნია მხარის მმართველი. ამავე დროს, დამჭირველთა უპირველესი, თვითონ არავიძე, მიდიოდა „ობიექტზე“, – საგანგებო შემთხვევა იყო ეს! დოქსოპულოვს ყოველმხრივ უნდა მოემზადებინა არამც თუ ის „ობიექტი“, სადაც არავიძე მიდიოდა, არამედ მიმდებარე მიდამოც. რისთვის მიდიოდა უფროსი ია ხალდანთან? მწერალ სანდრო ხალდანის საქმე დამთავრებული იყო უკვე. პროფესორებიც: სულხანიშვილი და გედევანიშვილი სანდრო ხალდანთან ერთად აფთრის მიერ ამოთხრილი ორმოდან სხვა ორმოში გადაიტანეს და იქ დაასამარეს სამუდამოდ. მათი საქმეებიც ერთხელ და საუკუნოდ საქაღალდეში ეწყო. მაშ, რა იყო კიდევ გამოსარკვევი, რისთვის მიდიოდა შეფი პოლიტპატიმრის ცოლთან? თუ მოსწონდა, ბრძანებდა და ხუთ წუთში მოჰგვრიდნენ. მმოწონების გამო ვარლამი ქალს იქით არ ეახლებოდა – ასე ფიქრობდნენ ადლში, ასე ფიქრობდა დოქსოპულოვი. რისთვის იყო საჭირო ეს „წასვლა“, ვერ აეხსნა. არც არავინ ეკითხებოდა ამას, მაგრამ მაინც ცდილობდა თავისთვის ამოეხსნა, კითხვაზე პასუხი გაეცა. ერთადერთი ეჭვი რჩებოდა – არავიძე ეძებდა საეკლესიო განძის საზღვარგარეთ მყოფ პატრონს, იმ განძისა, რომელიც პროფესორების სახლებში იპოვეს. ია ხალდანს ეგებ რაიმე დამატებითი ცნობა მიეწოდებინა. დოქსოპულოვი ვერ დაუშვებდა იმას, თუ ვარლამ არავიძეს ვინმეს მიმართ რაიმე გრძნობა, თუნდაც სიბრალულის, სინანულის, შეწყნარების... აღეძვრებოდა. არავიძე იყო შეუვალი, მტკიცე, ძლიერი პიროვნება. შეეძლო, თუ საქმე მოითხოვდა, დღეში რამდენიმე ადამიანი გაესტუმრებინა საიქიოს. თან საღამოს თავაწყვეტილად ექეიფა. ასე იცნობდნენ მას. დოქსოპულოვიც ასე იცნობდა. „ია ხალდანთან მისვლა“ გენერალური დამჭირველისა და მხარის მმართველისათვის იოლი არ იყო. მით უფრო იმათ ეძნელებოდათ, ვინც ამ „მისვლას“ მოამზადებდა. მთელი ის ქუჩა, უბანი, სადაც ია ცხოვრობდა, ცალკეული ოჯახი, უნდა დაემუშავებინათ ისე, ამ მისვლის შესახებ, თუ თვალს მოჰკრავდნენ, არსად არაფერი ეთქვათ. მეტიც, წინასწარ უნდა შეეპყროთ მოქალაქე, ვინც ვითომ არ დაემორჩილებოდა დამჭირველებს, აკრძალულ საათებში თავისი ბინიდან თავი გამოეყო. ასეთი ადამიანი რომ არ აღმოჩენილიყო, უნდა მოესყიდათ ვინმე და სხვათა დასაშინებლად სახალხოდ, ხმაურით, სამაგალითოდ დაესაჯათ.
დოქსოპულოვს არ მოსწონდა საგანგებო რაზმის ნამუშევარი. ყველა ოჯახი „დაამუშავეს“, ყველა სავარაუდო შემთხვევა გამოთვალეს, ხალხი ისე დააშინეს, პირობას იძლეოდნენ, ერთ თვეს არ გამოეხედათ გარეთ, მაგრამ დოქსოპულოვი მაინც უკმაყოფილო იყო. არ მოსწონდა ეს „მისვლა“. ვარლამ არავიძე ია ხალდანთან თუ მივიდოდა და ეს მისვლა განმეორდებოდა, მაშინ? მაშინ რა ექნა?.. იქ, ახლომახლო, არავინ უნდა სახლებულიყო, საერთოდ არავინ ყოფილიყო. ხალხის გაფრთხილება-დამუშავება, დაშინება-დატერორება საკმარისად არ მიაჩნდა. არავის მხარის გენერალური დამჭირველი, მთლად მხარის მმართველი, პოლიტპატიმრის ცოლთან დადისო – რომელიმე აგენტის აგენტი ამას ცენტრს შეატყობინებდა. პასუხს დოქსოპულოვს მოსთხოვდნენ, გენერალური დამჭირველის ვიზიტი ცუდად ორგანიზებული იყოო. ვთქვათ, აგენტის აგენტებს დოქსოპულოვი დაენდოთ, თვითონ ხელმძღვანელობდა ამ ქსელსაც, თუმცა ერთი აგენტის აგენტი დოქსოპულოვსაც ჰყავდა მიჩენილი, რომელსაც პირადად არ იცნობდა. ამ უხილავ აგენტსაც დაენდო და ცენტრში ინფორმაცია არ გაეგზავნა. თუნდაც ერთი ადამიანი, შემთხვევით გზად მიმავალი, თუ ნახავდა ვარლამის მანქანას ხალდანების ჭიშკართან მდგარს, თანამშრომელი რომც არ ყოფილიყო, მაგოგის ქვეყნის მოქალაქე ხომ იყო! – ევალებოდა ინფორმაცია, სადაც საჭირო იყო, იქ მიეწოდებინა. ამ ინფორმაციის შემდეგ არა მარტო დოქსოპულოვი, აგენტის აგენტებიც უნდა დამშვიდობებოდნენ ადლში მუშაობას. რამდენიმე დღით უნდა გადაედოთ ეს შეხვედრა და ია ხალდანის ახლომახლო, მთელ ქუჩაზე, უბანში ვინც ცხოვრობდა, ყველა გაესახლებინათ, გადაესახლებინათ ან ციხეში ჩაეყარათ, ვის რა დანაშაულს უპოვიდნენ, იმის მიხედვით. დანაშაულის პოვნა არ იყო ძნელი. ადამიანი უცოდველი არ არის. ყოველთვის შეიძლება დანაშაულის აღმოჩენა – ფიქრობდა დოქსოპულოვი და თავისი