აგვისტოს მზე უმოწყალოდ აცხუნებდა სოფლის შარაგზას, ბუღი ასდიოდა არე-მარეს. ძველ, ხავსმოდებულ წისქვილთან ქალ-ვაჟი იდგა. ვაჟს ქალის ხელი ჩაებღუჯა და ცისფერ თვალებში ჯიქურ ჩაშჩერებოდა.
- არ წახვიდე მარიტა, - ხმადაბლა ბუტბუტებდა ის, - უშენოდ რა აზრი ექნება ჩემს აქ ყოფნას.
- მშობლებმა ასე გადაწყვიტეს.
- მაგრამ შენ ხომ დიდი გოგო ხარ, შეგიძლია აქ დარჩენა არჩიო.
- მე მხოლოდ თექვსმეტი წლისა ვარ ჯაბა, - გოგონამ თავი ჩაღუნა და ნაღვლიანად დაუმატა, - არ შემიძლია.
- მაშინ გავიპაროთ, - ვაჟის თვალებში იმედის ნაპერწკლებმა გაიკვესეს, - ახლავე გავიპაროთ.
- არა ჯაბა, მე პატივს ვცემ ჩემს მშობლებს ... აჯობებს დავიცადოთ.
- მაგრამ როდემდე ვიცადოთ, მე ხომ მიყვარხარ მარიტა! - ვაჟმა მკერდში ჩაიკრა ქალი და აცრემლებული თვალები დაუკოცნა.