ფანტასტიკის როლი კაცობრიობის განვითარებაში ფანტასტიკური ლიტერატურა - ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გავრცელებული ჟანრია მსოფლიოში, მას უნარი შესწევს მკითხველი დროსა და სივრცეში ამოგზაუროს, გაამდიდროს ახალი გამოცდილებით და სააზროვნო მასალა მისცეს. ის საინტერესოა, როგორც კინოში, ასევე ლიტერატურაში და გაცილებით მეტია, ვიდრე ავტორის მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი.
ფანტასტიკის დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ ავტორი არაფერშია შეზღუდული, შეუძლია შექმნას არნახული არსებებით დასახლებული საკუთარი სამყარო, სადაც ადამიანებისთვის უცხო და განსხვავებული კანონები მოქმედებს, სადაც ზებუნებრივი მოვლენები, კანონზომიერებას წარმოადგენს, სადაც ადამიანები ბუნების ძალებს აკონტროლებენ.
ფანტასტიკურ ნაწარმოებებში ვერ შეხვდებით ჩვეულებრივ გმირებს, ხშირად ირღვევა რეალობის საზღვრები, მოთხრობილი ამბები დროს უსწრებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაწარმოები არარეალურია, პირიქით ის სიღრმისეულ რეალობას გამოხატავს.
მკითხველი ხშირად სვამს კითხვას: რა შეიძლება მივიჩნიოთ სამეცნიერო ფანტასტიკად? სპეციალისტები იმ აზრზე თანხმ დებიან, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა, როგორც ლიტერატურული ჟანრი, დაფუძნებულია: ახალ გამოგონებაზე, ბუნების ახალი კანონის აღმოჩენაზე, საზოგადოების ახალი მოდელის შექმნაზე და ა.შ.
ის უკვე დიდი ხანია არ არის მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა, არამედ ადამიანის ინტელექტისა და პროგრესის მასტიმულირებელი ძალაა. დღევანდელ რეალობაში, სადაც ზღვარი მეცნიერებასა და ფანტაზიას შორის სულ უფრო და უფრო სუსტდება, სამეცნიერო ფანტასტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აზროვნების, წარმოსახვისა და ინოვაციების სტიმულირებაში.
ბევრ გამოგონებას, რომელიც დღეს ბუნებრივი გვეჩვენება, საფუძველი სამეცნიერო ფანტასტიკურ წიგნებსა და ფილმებში ჩაეყარა. ის თანამედროვე მეცნიერებისა და ინჟინრების შთაგონების წყარო გახლავთ. ფურცელზე გადატანილი და მხატვრულად შელამაზებული კაცობრიობის ოცნებაა, მისი დამსახურებაა, რომ ახლა ადამიანები სერავენ კოსმოსურ სივრცეს, იკვლევენ წყალქვეშა სამყაროსა და ახლომდებარე პლანეტებს, სამეცნიერო ფანტასტიკამ კაცობრიობას ფანტაზიის უნარი გაუმრავალფეროვნა და პირდაპირი გავლენა მოახდინა მის განვითარებაზე.
ზოგ ფანტასტიკურ ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები, ახლა უკვე რეალობაა, ამიტომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ფანტას ტები დროს უსწრებენ, ხოლო რაც დღეს ფანტასტიკური გვგონია, შესაძლოა, ოდესღაც სინამდვილედ იქცეს.
ახლა თავად სახელწოდების ეტიმოლოგიასაც შევეხოთ, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ძილის ღმერთის მორფე უსის ძმა - ფანტაზი, ოლიმპოში ილუზიებს განაგებდა, სწორედ ბერძნულმა ღვთაებამ დაუდო სათავე სიტყვა "ფანტაზიას", რომლიდანაც მოგვიანებით წარმოიშვა "ფანტასტიკაც". (Phantastike (ბერ.) - წარმოსახვის ხელოვნება.)
ფანტასტიკურ ჟანრს აქვს უფრო ღრმა ფესვები, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. პირველი ფანტასტიკური ნაწრმოები "გილგამეშის ეპოსი" ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVIII-XVII საუკუნეში დაიწერა, ის ტიპიური ფენტეზია, რომელიც მოიცავს ხუთ ლეგენდას უძველესი შუმერული მმართველი გილგამეშის შესახებ.
XX საუკუნეში გაჩნდა განსხვავებული ტიპის ფანტასტიკური ნაწარმოებები, სადაც მოქმედება მეტწილად მომავალში ვითარდება. სწორედ მაშინ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა ქართული ფანტატიკის პირველი ნიმუშები, რომელმაც ქართულ სამეცნიერო ფანტასტიკას ჩაუყარა საფუძველი.
სამწუხაროდ ჟანრმა ქართველ მკითხველთა შორის ფეხი ვერ მოიკიდა, მაშინ, როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იზრდება და ვითარდება, ჩნდება ახალი ქვეჟანრები, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: კიბერპანკი, პოსტაპოკალიპტიკა, ჰორორი და ფენტეზი, საქართველოში ფანტასტიკის ჟანრზე გაზრდილ მკითხველთა ძალიან ვიწრო წრე და თითზე ჩამოსათვლელი ფანტასტი გვყავს.
თუმცა ბოლო ხანს ფანტასტიკურმა ნაწარმოებებმა ნელ-ნელა დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ქართველ მკითხველთა შორის, გამოჩნდა ახალი თაობა, რომლებიც ინტერესდებიან ფანტასტიკით და მას სულაც არ მიიჩნევენ არასერიოზულ ჟანრად.
წინამდებარე კრებულში შესული ორი ნაწარმოები, "მარიონეტი" და "სიკვდილმისჯილი" კლასიკურ ფანტასტიკას განეკუთვნება, მოვლენები შორეულ მომავალში ვითარდება, სადაც მთავარი გმირები ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი გარემოსგან მკვეთრად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობენ. თუმცა ამასთან ერთად მკითხველი რეალობასთან გავლებულ პარალელსაც აღმოაჩენს, მაგრამ რაც ყველაზე საიტერესოა კითხვის დროს თავბრუდამხვევი, ფანტასტიური მოგზაურობა ელის წინ.
"მარიონეტი" პოსტაპოკალიპტური სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოებია: ატომურმა ომმა დედამიწის მოსახლეობის 70 პროცენტი იმსხვერპლა, გადარჩენილები დეგრადაციის პირას დგანან, ელემენტარული საარსებო პირობებისთვის ყოველ დღე უწევთ ბრძოლა, ყველგან განუკითხაობა, კრიმინალი და ფინანსური კრიზისი მძლავრობს, რაც კატასტროფულად ზემოქმედებს საზოგადოების მცირე მასაზე.
დედამიწელები ადამიანობას ჰკარგავენ.
ამ ფონზე ნაწარმოების მთავარი გმირი, ცდილობს არამიწიერი არტეფაქტით დედამიწის რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს ფატალურ შედეგამდე მივყავართ.
"სიკვდილმისჯილი" ასტეროიდების სარტყელში მდებარე სატუსაღოზე მოგვითხრობს, სადაც სასიკვდილო განაჩენს ელის მთავარი გმირი, რომელიც იმ დონემდეა სასოწარკვეთილი, რომ საიდუმლო ექსპერიმენტში მონაწილეობას თანხმდება, თუმცა არ იცის რა შედეგს გამოიღებს ექსპერიმენტი, არ იცის რას უმზადებს ბედისწერა, არ იცის სადამდე მიიყვანს სასოწარკვეთა, არ იცის ჩადენილი დანაშაულის რეალური მიზეზი.
წინამდებარე კრებული კლასიკური ფანტასტიკის ტრადიციებს აგრძელებს და იმედია მცირე წვლილს მაინც შეიტანს თანამედროვე ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
ავტორისგან.
მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურა და კინო ლამის მეინსტრიმულ ხასიათს იძენს თანამდეროვე სამყაროში, საქართველოს