შეფასება დავით ჩომახიძის „დეტექტივობანა" ის წიგნია, რომელშიც გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულის ჩვენი მძიმე და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრება მძაფრი განცდითაა აღწერილი. ის იყო დრო, როდესაც ქვეყანა, სახელად „სსრკ", რუკაზე უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ მისი ინერცია ყველგან და ყველაფერში მაინც იგრძნობოდა. ავტორის მიერ გადმოცემული ამბები მკითხველს იმ პერიოდის ბევრ ტკივილიან მოგონებას გაუცოცხლებს და სინანულის გრძნობასაც აღუძრავს.
მთავარი გმირის ძირითადი მიზანია, დაიცვას და გადაარჩინოს ადამიანი იმ სასტიკი ქაოსისა და განუკითხაობისაგან, რომელსაც განგება დროგამოშვებით გამოცდის სახით მოგვივლენს.
გურამ ოდიშარია
მწერალი, კონკურსის ჟიურის წევრი
***
დავით ჩომახიძის „დეტექტივობანა" მრავალმხრივ საინტერესო რომანია თანამედროვე მკითხველისთვის, თუმცა მაინც შეგვიძლია მისი ორი საუკეთესო თვისება გამოვყოთ: 1. შეულამაზებლად აღწერილი ისტორიული რეალობა, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში დადგა და 2. დინამიკური სიუჟეტი, რომელიც წიგნს სიამოვნებით წასაკითხს ხდის და, პერიპეტიებით დახუნძლული ამბის მიუხედავად, ყველაფერს 28 დღეში ატევს.
ეს არის ამბავი ჩვეულებრივი ადამიანებისა, რომლებიც არაჩვეულებრივი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ამასთანავე, ეს არის თავგადასავალი, რომელიც ერთი შეხედვით დაუჯერებელია, თუმცა ავტორი არც ერთ პასაჟში ეჭვის შეტანის საფუძველს არ გვაძლევს, იმდენად ნამდვილი და ავთენტურია ყველაფერი, რაც რომანში ხდება.
სიმბოლურია, რომ მწერალმა სიუჟეტის განსავითარებლად მე-20 საუკუნის ბოლო დღეები აირჩია და ამბავი 1999 წლის 31 დეკემბერს დაასრულა, თითქოს ამით მთელი ის გაჭირვება და მისგან გამოწვეული ფათერაკები, რომლებიც მთავარ გმირებს გადახდებათ თავს, გასულ საუკუნეს დაუტოვა. დრომოჭმული ტრადიციები, უპერსპექტივობა, ხიფათი ყოველ ნაბიჯზე, კორუფცია, კრიმინალი, ორგანოებით ვაჭრობა და ამ ფონზე სიყვარულიც კი - ეს სრულიად ეკლექტური თაიგულია იმ თემებისა, რომლებსაც წიგნში გადააწყდებით. სწორედ ამ ლაბირინთში გავლა მოგიწევთ მთავარ გმირებთან, უეცრად გადეტექტივებულ პერსონაჟებთან ერთად, თუმცა მათ წინაშე ბევრად უფრო საშიში ამოცანა დგას, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. რაც შეეხება მათ მიერ გაჩაღებულ დეტექტივობანას, ის ნელ-ნელა მოვლენათა იმ მორევად იქცევა, რომელიც რაც უფრო ღრმად გითრევს, უფრო სახიფათო ხდება.
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
მწერალი, დავით ჩომახიძის მენტორი