შორია იერუსალიმამდე პიესა ორ მოქმედებად
/კომედია/
მოქმედი პირნი:
1 ნანული /იგივე მამიდა/ - საროსკიპოს მეთვალყურე
2 გაბრიელი /იგივე გაბო/ - ნათელმხილველი, ასაკში შესული მამაკაცი
3 ტასიკო /იგივე ტასო/ - ახლად დაქვრივებული ახალგაზრდა ქალი
4 დიმიტრი - მაღალჩინოსანი
5 ლიკა - მეძავი
6 მანჩო - მეძავი
7 სუსანა - მეძავი
8 თამუნა - მეძავი
9 ზინა - საროსკიპოს მოსამსახურე
10 როინი - ავანტურისტი /მოგვიანებით ბრალდებული/
11 მოსამართლე - შუა ხნის მამაკაცი
12 ადვოკატი - შუა ხნის ქალბატონი
13 მოსამართლის თანაშემწე - შუა ხნის ქალბატონი
14 მოზვერა - დაზარალებული, ასაკში შესული მამაკაცი
15 შერმადინი - დიდი ხნის წინათ გარდაცვლილის აჩრდილი
/პირველი სურათი წარმოადგენს სოფლური სახლის წინ მდებარე ეზოს. დილაა. ტასიკო აპურებს ქათმებს/
ტასიკო – – – ძიბა – ძიბა – ძიბა!.. ძიბა – ძიბა – ძიბა!.. ეს რა შავი დღე გამითენდა. ამას ვიფიქრებდი!.. სად ხარ, ჩემო საცოდავო ქმარო?.. რატომ დამტოვე. უშენოდ როგორ გავძლო?.. რა გავაკეთო?!. ძიბა – ძიბა – ძიბა!..ძიბა – ძიბა – ძიბა!.. ამ სააღდგომოდ შენი ნაყიდი წიწილების დადებულ კვერცხებს შეგიღებავ. /სცენაზე უჩუმრად შემოდიან გაბრიელი და როინი/ მოვალ და მაგ ლამაზ მკერდზე გადაგიგორებ. ეეჰ, ნეტავი იმ დროს!.. ხედავ?.. ხედავ, უკვე როგორ დაფრთიანდნენ. რამოდენები გახდნენ!..ძიბა – ძიბა – ძიბა!.. ძიბა – ძიბა – ძიბა!..ერთ დღეს ამოწყდით ყველანი!..გადაშენდით!.. შენს ბანჯგვლიან მკერდს ვენაცვალე, ბიჭო!.. მენატრები, მენატრები მეთქი, ადამიანო!.. სიზმარში მაინც გამომეცხადე. სიზმარში მაინც გადამხვიე ხელი და მომეფერე!.. დამკორტნე, დამკორტნე, აგე, იმ... დედალივით!.. მენატრები, ბიჭო,..მენატრები!.. /ის გადის სცენიდან/
როინი – – – /ჩურჩულით/ ხედავ?..ხომ გესმის, რა დღეშია?
გაბრიელი – – მესმის, როგორ არ მესმის.
როინი – – – ასეა გათენებიდან დაღამებამდე. ძილი ჩვენ არ გვაქვს და მოსვენება.
გაბრიელი – – ვიცი. ეგეც ვიცი.
როინი – – – მერე?.. ცოდო არ არის?.. ჩვენ ცოდოები არ ვართ?..განა არ შეგიძლია, რომ დახმარება გაუწიო რამენაირად?
გაბრიელი – – რითი ან როგორ უნდა დავეხმარო? მე ქრისტე ღმერთი კი არ ვარ, ამას ქმარი რომ გავუცოცხლო.
როინი – – – – – რა ქმარი, რის ქმარი?!. ამოდენა ნათელმხილველი და გულთმისანი კაცი ხარ; მკვდრების ენა გესმის და, იმას ვერ ხვდები, რომ ტასიკო ქმარზე მეტად...უკაცობას მისტირის. ამას კაცი უნდა, კაცი!..
გაბრიელი – – კაცი კი არა!..
როინი – – – – ჰო მეთქი, გეუბნები. ბალღობიდან ვიცნობ მაგის ბუნებას. ჰოდა, იქნებ...რამე მოგვეფიქრებინა.
გაბრიელი – – მაინც,..რა მოგვეფიქრებინა?..შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარ?..
როინი – – – – რა ვიცი, ჩემო გაბრიელ. რა ვიცი. /პაუზა/ ისე,.. ამ სოფელში შენი ტყუილისაც კი სჯერათ.
გაბრიელი – – ეგ იმიტომ, რომ ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ.
როინი – – – – ჰოდა, შენც ადექი და, მაგდენ სიმართლეში ერთი ციცქნა კეთილი ტყუილიც ჩააკვეხე.
გაბრიელი – – რომ ვერ მიგიხვდი, რას მთავაზობ.
როინი – – – რას გთავაზობ და!..
გაბრიელი – – ჰო. გეკითხები.
როინი – – – – მიდი. მიდი, ტასიკოსთან და უთხარი, რომ ვითომ...ფრიდონის დავალებით ხარ იმასთან მოსული.
გაბრიელი – – მერე, მერე?..
როინი – – – – მერე...ეტყვი, რომ ვითომ ფრიდონმა სთხოვა, შავები გაიძროს და ისე იცხოვროს, როგორც თავისუფალი ქალები ცხოვრობენ. იცეკვოს, იმღეროს, იმხიარულოს.
გაბრიელი – – რას ამბობ, კაცო?../პირჯვარს იწერს/ ეგ როგორ შეიძლება?..
როინი – – – – რატომაც არა?..მითხარი, ერთი, ცუდი რითი იქნება?..
გაბრიელი – – ფრიდონის სულს რომ ეგ ჩემთვის არ დაუვალებია?..
როინი – – – აკი წუხელ ჩემთან იყო მოსული და გემრიელად ვიჭორავეთო?
გაბრიელი – – იყო. ვიჭორავეთ კიდეც. მაგრამ თავის ცოლზე სიტყვაც არ დასცდენია. სულ...ქოთქოთაანთ მამიდაზე მელაპარაკებოდა.
როინი – – – – მამიდა, მამიდა!..ისევ ეს...მამიდა!..იქიდანაც ხომ არ ყვარობს ამ...გათახსირებულ ქალს?!.
გაბრიელი – – აბა, რა ვიცი. ისე,..მოკითხვა ნამდვილად დამაბარა გადასაცემად.
როინი