ენდშპილი
პირველი ნაწილი
– – აბა, თუ მეტყვით, რა არის საჭირო კაცის გასამამაძაღლებლად? – – დასვა ჩვენს გასაგონად კითხვა ოლეგ დიმიტრიჩმა და, თავადვე გასცა მას პასუხი, – – ბევრი არაფერი. მაღალი თანამდებობა და...ფული. აი, ქალის წახდენა კი მთლად იოლია. ერთი გაწბილებული სიყვარული და მორჩა. თანაც, მტერს და ავს,.. – – დასძინა იქვე, – – ის თუ პირველი სიყვარული იქნება. კაცი რომ გემოს გაუგებს მაღალ საზოგადოებაში ტრიალს და იქ ფულსაც იშოვის, მერე ყველაფერს იკადრებს მიღწეული მდგომარეობის შესანარჩუნებლად. თუ გსურთ, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკოსი ავიღოთ. განა არსებობენ იმათზე უსირცხვილო ადამიანები? თუმცა ამის გამო ისინი ერთხელაც არ წითლდებიან. ქალმა კი დიდი სიყვარული თუ სახადივით გადაიტანა, თავისი დღე და მოსწრება შეეცდება, რომ შური იძიოს.
საკვირველი და უცნაური ის იყო, რომ უხსოვარი დროიდან მოყოლებული, დღემდე ამოუხსნელ თემებზე ისე მშვიდად და დამაჯერებლად საუბრობდა ჩემი ხნის რუსი, როგორც გამოცდილი მეზღვაური ილაპარაკებდა იმის შესახებ, თუ როდის და რა მიმართულების ქარი ქრის ამა და ამ გრძედსა თუ განედზე. მე თავიდანვე საინტერესოდ მეჩვენა ეს პიროვნება და პირველი წუთებიდანვე სიამოვნებით ვუგდებდი ყურს. არადა, ენა, მოსკოვიდან კისლოვოდსკამდე, ნასვამს კი არა, ფხიზელსაც არ გაუჩერებია.
– – დედილო, აი, შენ, მაგალითად,.. – – მიმართა მოხუც ქალბატონს, რომელიც თავისი მეუღლის გვერდით იჯდა და სულგანაბული უსმენდა ლექციებს ჩვენი ცხოვრების შუქჩრდილების შესახებ, – – სიყვარულით გაყევი ამ კაცს?..
– – ეეჰ, რაღა დროს ჩვენი სიყვარულია?..
– – არა, გთხოვ. აბა, გაიხსენე. ძია კაცო, შენი სახელი?.. – – ახლა იმ ქალის ქმართან გადავიდა კითხვით.
– – ანტონი მქვია, ანტონ სერგეევიჩი. ეს კი ლიდია ივანოვნაა. ჯერ მე შემიყვარდა, ეს ქოფაკი დედაბერი. მთელი ერთი წელი ვდიე. ღამეები არ მეძინა. მერე ამასაც გულში ჩავუვარდი. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე.
– – აი, ბიძია ანტონს რომ თქვენი ქორწილის წინა დღეს ვინმე სხვა გოგოსთვის წაევლო ხელი და ცოლად ის მოეყვანა, შენ რას იზამდი? – – ჩაეკითხა ქალს და გაინაბა, პასუხის მოლოდინში.
– – მოვკლავდი. – – თქვა მოჭრით ლიდია ივანოვნამ, ალბათ უფრო ოლეგ დიმიტრიჩის საამებლად, – – სამარის კარამდე ჩავყვებოდი და იქ მაინც ავუგებდი ანდერძს.
– – ხომ გესმით?..ესეც მე ვარ?.. – – წარმოთქვა სხარტად დიმიტრიჩმა და თავის გრძელ, მოკრივესავით მოღუნულ ცხვირზე ჩამოისვა ხელი, – – პრინცინში, ასე მოიქცეოდა ყველა მეორე ქალი. შურისძიება კი, ფაქტობრივად, მაინც ბრმა ტყვიაა. ჰოდა, ვაი, იმას, ვისაც ის გადაეყრება!..
***
მოსკოვიდან რამდენიმე საათის გამოსულები ვიყავით. მე და ოლეგმა გავაბოლეთ თუ არა ტამბურში პირველი სიგარეტი, უმალ გავშინაურდით. მერე ვაგონ – რესტორანს მივაკითხეთ. ავიღეთ ათასნაირი სასუსნავი, არყისთვის რომ დაგვეყოლებინა. გავაწყეთ სუფრა კუპის პატარა მაგიდაზე და მოხუცებიც მივიწვიეთ. მახსოვს, მაშინ, რაც, სხვათა შორის, უჩვეულოდ მენიშნა რუსისგან, ის იყო, რომ ნავაჭრის საფასურის გადახდისას ჩვენებურად გაიქაჩა. ხოლო როდესაც არ დავანებე და ხარჯი მაინც მე გავწიე, მითხრა, – – რადგანაც ასეა, ხვალ დილით „ პოხმელიაზე „ გამოსასვლელი პურმარილი ჩემზე იყოსო.
ერთი სიტყვით, გვარიანად მოვილხინეთ. მოხუცები თურმე სმოლენსკის ოლქიდან არიან და ხარკოვის ოლქში მიემგზავრებიან თავიანთი ქალიშვილის მოსანახულებლად, რომელიც იქ ჰყავთ გათხოვილი. ოლეგ დიმიტრიჩი ძველი „ ავღანელი „ ყოფილა.