მეორე ნაწილი მეორე ნაწილი
„ შანსი „ უცნაური გაზეთია. იმისი მთავარი რედაქტორიც არაა მთლად დალაგებული ჭკუის. თუმცა, იტყოდა ალბათ ოლეგ დიმიტრიჩი, შემოქმედიც ხომ ასეთი უნდა?!. გიჟი, ანდა,..ნახევრად მაინც. როდესაც ზენიტში ვიმყოფებოდით, კაპიკი რომ კაპიკია, გვერდზე არ გადაუდია შავი დღისთვის. საქველმოქმედო ღონისძიებებს ბოლო არ უჩანდა. სამაჭანკლო სამსახურიც კი შევქმენით. იმას გაცნობის კლუბი „ მარებელი „ ერქვა. ვინ იცის, რამდენი მარტოსული გავაბედნიერეთ. ის კი არა, იმათ ნახევარზე მეტს ქორწილიც ჩვენ გადავუხადეთ. ახლა, სულს ღაფავს გაზეთი და, თქვენც არ მომიკვდეთ. ბონდო ისევ ის ბონდოა. ულხინდა და ეძლეოდა განცხრომას, მძიმე დღეები აქვს და, რომ ჰკითხოთ, იმიტომაც არ უყურებს ცხოვრებას ფხიზელი თვალით. ისიც ალბათ ოლეგივით ზომავს, – – „ умирать, так... с музыкой!.. „
არადა, ყველაფერი ხელისუფლების მიერ ჩვენი უფლებების უხეში შელახვით დაიწყო. ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი წელი იდგა. ქვეყნის მეორე პირმა ქვეყნის მესამე პირს კორუფციაში დასდო ბრალი და საჯაროდ ფულის ტომარა უწოდა. იმან, პრინციპში, არ უარყო, რომ ფულის ტომარაა და იქით გადავიდა შეტევაზე, – – შენგან განსხვავებით მე კაცი ვარო. ეს იყო და ეს. თქვენმა მონა – მორჩილმა ამ ფაქტს საგაზეთო წერილი მივუძღვენი და პარალელურად გენერალურ პროკურორს თხოვნით მივმართე, – – რაშია საქმე, იქნებ განგემარტათ მეთქი. ჰოდა, მეორე დილით რედაქციაში საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები გვესტუმრნენ. მიქექ – მოქექეს ჩვენი საბუღალტრო საბუთები. მათი თქმით, სერიოზული დარღვევები აღმოგვიჩინეს და ვეებერთელა ჯარიმა დაგვაკისრეს. გაზეთს იმის შემდეგაც ვუშვებდით, მაგრამ ვინაიდან ჩვენს საბანკო ანგარიშს ყადაღა ედო, შემოსული თანხა უკლებლივ ბიუჯეტის ანგარიშზე ჯდებოდა, რის გამო თანამშრომლებს ხელფასს ვეღარ ვუხდიდით. შემოგვრჩნენ მხოლოდ მცირეოდენი ენთუზიასტები, რამაც გაზეთის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა.
***
საუკუნის მიწურულს თურქეთში უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. რუსეთის მხარემ ვალდებულება აიღო, რომ თავის საჯარისო შენაერთებს ორი ათას რვა წლამდე გაიყვანს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად საქართველოს მხარეს არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნია თურქეთის იურისდიქციაში შემავალი ტერიტორიების მიმართ და პირიქით. ამავდროულად, გადაწყდა, რომ თურქეთი მდინარე ჭოროხის ხეობაში ცხრა გიგანტურ ჰესს ააშენებს.
ამ სამი პროექტიდან ჩვენთვის მომგებიანი მხოლოდ პირველია. ბოლო ორზე კი ცხარე დისკუსიებია გაჩაღებული. განგაშის ზარი ჩამოჰკრეს მწვანეებმაც. ამ ჰესების აშენების საკითხს არაერთი მწვავე პუბლიკაცია მივუძღვენით, მაგრამ ჩვენი ხმაც დარჩა ხმად მღაღადებლისად. არადა, საქართველოს პარლამეტის ამჟამინდელი თავმჯდომარეც მწვანეთა პარტიიდანაა მოსული დიდ პოლიტიკაში. ისიც კარგად მახსოვს, თუ როგორი უკომპრომისო იყო ბატონი ზურაბ ჟვანია, თავის დროზე, ამგვარი თემების მიმართ.
***
მეც ზუსტად ამ ორი საუკუნის შესაყართან დავოჯახდი. როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, ჭკუა ვიხმარე. ახლობლების რჩევის არ იყოს, – – ოდესღაც ხომ უნდა შემექმნა ოჯახი?.. შვილებსაც ხომ უნდა მოვსწრებოდი?.. იმას, ვინც ჩემი ცოლი გახდა, ლიზი ჰქვია. მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანია, – – ხასიათითაც და შესახედავადაც. ჩვენი პირველი