მენშევიკ სპირიდონ ღლონტზე დღესაც ათას რამეს ყვებიან სოფელში. უგანათლებულესი პიროვნება ყოფილა, ის ცხონებული. მთელი ევროპა ჰქონია შემოვლილი და ხუთ ენაზე ლაპარაკობდა ქართულივით. დავითს, რუსთაველსა და ილიას ჩვენი ერის მამებს ეძახდა. იმასაც ამბობენ, რომ ნოე ჟორდანიას მარჯვენა ხელი ყოფილა და იმიტომაც გაჰყოლია თან ემიგრაციაში, ოღონდ, მცირე ხნით მხოლოდ.
წითლებმა რომ მყარად მოიდგეს ფეხი, თავიანთ იდეურ მტრებს დაერივნენ და ძმარი ადინეს ცხვირიდან. სამშობლოში დაბრუნებულ სპირიდონს უკვე ჩაქნეული ჰქონია ხელი აქტიურ პოლიტიკაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერც იმას აპატიეს ძველი ცოდვები, წაავლეს ხელი და შორეულ ციმბირში გადაასახლეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ კი შეეხო ამნისტია და მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნების უფლებაც მისცეს, მაგრამ რად გინდა?..ხეირიანად ორ გაზაფხულსაც ვეღარ შეესწრო მშობლიურ მიწაზე. არც ოჯახი ჰქონია შექმნილი და, ნაშიერზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. უწინ კაცი ერქვა და გადასახლების მერე უკვე ლანდივით დაიარებოდა. ფიზიკურადაც გატეხილი იყო და, სულიერადაც.
არადა, ციმბირიდან რომ დაბრუნებულა, სულ თვალცრემლიანს დაუკოცნია მამისეული კარმიდამო. ამდგარა იმავე დღეს და ფეხით შემოუვლია სოფლის თითოეული კუთხე–კუნჭული. ძველი მეგობრებიც მოუკითხავს და გარდაცვლილთა საფლავებიც.