ძველი ამბავი /პიესა ორ მოქმედებად/
მოქმედი პირნი:
1. ვამეხ ბოგველი, – – – – – – – ახალგაზრდა მეწარმე.
2. სახრე, – – – – – – – – – – – – – – მაქცია, მოჩვენება.
3. ლალუკა ჩარქსელიანი, – – – ვამეხის შეყვარებული.
4. ქეთევან ძამაშვილი, – – – – – – ვამეხის თანამშრომელი.
5. ზაალ მინდაძე, – – – – – – – – – – – " – – " – – " – "" – – "
6. ნინო შატაკიძე, – – – – – – – – – – " – – " – – " – – "
7. შოთი ჩარქსელიანი, – – – – – – " – – " – – " – – "
8. ტაგუ რიჟვაძე, – – – – – – – – – – – " – – " – – " – – "
9. ოქროს თევზი, – – – – – – – – – – საკვანძო პერსონაჟი
პირველი სცენა წარმოადგენს ვამეხის კაბინეტს. კედელზე მოჩანს ხალიჩა, რომელზეც გამოფენილია სხვადასხვა სახის ძველი იარაღი. იქვეა ველოსიპედის მსგავსი სავარჯიშო ტრენაჟორი. ოთახში მხოლოდ ვამეხია. შემოდის ქეთევანი, რომელსაც შემოაქვს ხელმოსაწერი საბუთები.
ვამეხი: წეღან რა ხორხოცის ხმა იყო?
ქეთევანი: რუმინელ ტურისტებს ვაცილებდით.
ვამეხი: ბიჭოს. სუვენირები ხომ ყველასთვის გეყოთ?
ქეთევანი: დიახ. მე მგონი, კმაყოფილები უნდა იყვნენ.
ვამეხი: მე მგონის გარეშე. საქართველოში ნამყოფმა თითოეულმა ტურისტმა, მეორე ჯერზე, მინიმუმ, ათი ტურისტი უნდა მოიზიდოს. იმ ათმა ტურისტმა კი, ასი და ასზე მეტი. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და ქვეყნის ბიუჯეტისთვისაც. /მცირე პაუზა/ შენ, მგონი, ლოყები თურაშაულის ვაშლივით გაქვს შეფაკლული.
ქეთევანი: მე მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე.
ვამეხი: სამი უნდა დაგელია. თამადა ვინ იყო?
ქეთევანი: თქვენი მოადგილე, ვინაიდან თქვენ დაკავებული იყავით.
ვამეხი: უუჰ, ეგ...ეშმაკის კერძი. ალბათ, გოგოებსაც წაეღლაბუცა, არა?
ქეთევანი: ეგ ეშმაკის კერძი, ბატონო ვამეხ, ნამდვილი ჯადოქარია.
ვამეხი: კარგი, რა. ჯადოქარი არა, ის კიდევ. ერთი, ჩვეულებრივი, თუმცა, ძლიერი პროგრამისტია.
ქეთევანი: თქვენ მაინც არ გჯერათ. იმან კი, ეს წუთია, ნოსტრადამუსი გამოიხმო, საიქიოდან.
ვამეხი: რაა?..
ქეთევანი: თვით ნოსტრადამუსი. ცნობილი ნათელმხილველი. როგორც თქვენ გხედავთ, ზუსტად ისე ვხედავდი, მონიტორზე.
ვამეხი: მოიცა, შენ მართლა ერთი ჭიქა გაქვს დალეული თუ...აღარ გახსოვს?
ქეთევანი: დედას გეფიცებით, მხოლოდ ერთი ჭიქა საფერავი დავლიე. ისიც...ნახევრად.
ვამეხი: მერე, მერე?..განაგრძე.
ქეთევანი: მერე, ის, რომ ვკითხეთ, ჩვენი მომავლის შესახებ.
ვამეხი: აუჰ!..
ქეთევანი: გერონტი წაქაძეს ისიც კი უთხრა, თუ...როდის მოკვდება.
ვამეხი: ეგ, იმას, პირადად გერონტიმ სთხოვა, რომ ეთქვა?
ქეთევანი: დიახ.
ვამეხი: ჰმ,..და, რაო, ბატონმა ნოსტრადამუსმა?..როდის მოკვდებიო?
ქეთევანი: ზუსტად ოცდაშვიდი წლის შემდეგ.
ვამეხი: თვეც ხომ არ უთხრა? ეტყოდა, კი. თვესაც და რიცხვსაც, ალბათ.
ქეთევანი: უთხრა, ბატონო ვამეხ. უთხრა.
ვამეხი: ნოსტრადამუსმა, არა? იქიდან!.. კარგი, რა. კარგი!..საქმეს მიხედეთ, საქმეს!../მცირე პაუზა/ ისე, შენ რა გაინტერესებდა? რა გიწინაწსარმეტყველა?
ქეთევანი: რაც მაინტერესებდა, ყველაფერზე სრული პასუხი გამცა.
ვამეხი: რაო, რა გითხრა, საიდუმლო თუ არაა?
ქეთავეანი. თუ ნებას მომცემთ, ჩემთვის შევინახავ.
ვამეხი: შენი ნებაა.
ქეთევანი: ამ ერთი თვის წინ კი, თქვენ არც ამას დაიჯერებთ, ზაალმა, ინტერნეტში...ოქროს თევზი დაიჭირა.
ვამეხი: აუჰ!..ანკესით, ალბათ, თუ...ბადით, როგორც იმ ზღაპარში, ბებერმა მებადურმა?..და იმან, თითოეულ თქვენთაგანს, სამი სურვილი შეუსრულა, არა?..
ქეთევანი: დიახ, დიახ. ოღონდ, სამი კი არა, ყველას...თითო – თითო.
ვამეხი: ქეთევან, ძვირფასო, იმას თუ ხვდები, როგორ სისულელეებს როშავ?..
ქეთევანი: უნდა დაიჯეროთ, ბატონო ვამეხ, უნდა დაიჯეროთ. გივი ბოტკოველმა,