მრია
/პიესა ორ მოქმედებად/
მოქმედი პირნი:
1. სვეტლანა ბოიკო, – – – – უკრაინელი მებრძოლი /ექთანი/.
2. ლაშა გაბედავა, – – – – – ქართველი მებრძოლი /მოქანდაკე/.
3. ოლია მოვჩანი, – – – – – უკრაინელი მებრძოლი /ლაშა გაბედავას მეუღლე/.
4. ლენინი.
5. სტალინი.
6. ანდრეი გნატკო, – – – – – – უკრაინელი მებრძოლი.
7. ვიტალი შვეცი, – – – – – – „ – – – „ – – „
8. სერგეი დუდა, – – – – – – „ – – „ – – „
9. გრიგოლ მაკარის ძე, – – ასტრონომი. ასაკში შესული უკრაინელი მებრძოლი /ინვალიდი/.
10. მამუკა ცერცვაძე, – – – – სამხედრო შენაერთის მეთაური.
11. იგორ დობნია, – – – – უკრაინელი მებრძოლი /მამუკა ცერცვაძის მოადგილე/.
12. ნიკა ურუშაძე, – – – – ქართველი მებრძოლი /ექიმი/.
13. კოზმა გოლოვკო, – – – – უკრაინელი მებრძოლი /მოღალატე/.
14. კონსტანტინ სიომინი, – – – რუსი მებრძოლი /ტყვე/.
15. ნიკიტა ციმბალიუკი, – – – – დაჭრილი მებრძოლი.
16. სიომა, – – – – – – „ – – „ – – „
პიესაში მოქმედება წარმოებს რუსეთის მიერ უკრაინის წანააღმდეგ წამოწყებული ომის ფონზე. პირველი სურათი ვითარდება ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში. სცენის ეკრანზე სრულდება ციმბირელ შამანთა სრული რიტუალი. ისმის დაფდაფების ხმა. დროშებზე მოჩანს ზეტის სიმბოლო, ფაშისტური სვასტიკის მსგავსად. რიტუალის აგონიაში მყოფი მონაწილეები ხოტბას ასხამენ ვლადიმერ პუტინის პორტრეტს. მოგვიანებით სცენაზე გამოჩნდება სტალინის აჩრდილი.
სტალინი: შტერი, სულელი!..настоящий дурак!../სცენის მოპირდაპირე კუთხეში გამოჩნდება...ლენინის აჩრდილიც/
ლენინი: რატომ?..რატომ?..მე მომწონს ეგ ბიჭი. მომწონს!..
სტალინი: სულ მთლად გაგიჟდა, ეს შობელძაღლი!..
ლენინი: გაჩუმდი, გაჩუმდი. არ გიცნობდე მაინც. შენ არ იყავი, ყველასგან უჩუმრად რომ აბამდი ხოლმე ღმერთებთან ხანგრძლივ მუსაიფს?
სტალინი: ღმერთებთან არა, არასოდეს. მხოლოდ ჩემს ღმერთთან. ესეც რომ არა, ვთხოვდი მხოლოდ პატიებას; ან რომ განსაცდელისგან ეხსნა ჩვენი სამშობლო.
ლენინი: სისულელეა, სისულელეა!..ღმერთი იმათთვისაა მოგონილი, ვისაც საკუთარი თავის იმედი აღარ აქვს. ყველანაირი რელიგია ცრურწმენაა და მეტი არაფერი.
სტალინი: აი, რა არის ცრურწმენა; აი, რა არის ნამდვილი სისულელე!../ხელს იშვერს ეკრანისკენ/ და უფრო მეტიც, – – მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის!..
ლენინი: ცინიკოსი ხარ. პირწავარდნილი ცინიკოსი!..
სტალინი: /თავისთვის/ დათვმა დათვს უთხრა, – – შე ბანჯგვლიანოო. თქვენ?..თქვენ, ვლადიმერ ილიჩ?..
ლენინი: დიახ, დიახ. და არც უარვყოფ მაგას. ვარ, ნამდვილად ვარ. აბა, უმაგისოდ..../მცირე პაუზა/ მართლა, როდის აქეთ გახდა შენი სამშობლო რუსეთი?
სტალინი: იმის შემდეგ, რაც ნდობა გამომიცხადა რუსმა ხალხმა და პატივი დამდო, რომ ვყოფილიყავი, იმათი წინამძღოლი.
ლენინი: ცინიკოსი