დიდება ქალთა მოდგმას. ხუმრობა ხომ არაა? მთელი ოც- დათხუთმეტი წელი!.. არა, – ანგარიშმიუცემლად ჩაუსწორა საკუთარ თავს, – ოცდაჩვიდმეტი!.. ასეთი ხანგრძლივი ხსოვნით ხომ თვით პენელოპეც დაიკვეხნიდა?.. ან რითი შეძლო? როგორ? ის არის ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირი თუ მე? ჩვენ ორივენი ერთად თუ ცალცალკე? ან იქნებ სულაც სხვა რამ ან ვინმე?.. – აქ უფრო შორს გაყვა ღამენათევ ფიქრს და იგრძნო იმავდროულად,თუ როგორ მოეძალა კარს მომდგარი უცნაური შიში, – ისეთი რა შთავბერე მას ესოდენ ცუდი ან კარგი, რა- მაც მასში წარუშლელი კვალი დატოვა ჩემი სახით? ან იქნებ სულაც... – უკვე მერამდენედ შეცბა პატარა ბიჭივით სამოცს მიტანებული შავლეგ ბოტკოველი, – ნუთუ შურისძიების წყურვილით იყო აღსავსე და ჩემდამი ხსოვნაც ამ ველურმა გრძნობამ გაუხანგრძლივა?.. ეს კი არა და, ეგებ უთვალთვალებდა კიდეც? იცდიდა. შესაფერის წამს ელოდა და ის წამიც დადგა თუ არა!.. – ყელში გაჩხერილი ნერწყვი რის ვაი–ვაგლახით გადაყლაპა, მერე, შეისვენა აზრების მოსაკრეფად და განაგრძო მკაცრი მსაჯულივით, – მაშ, რატომ დღეს და არა ოცი, თხუთმეტი, ან თუნდაც ათი წლის წინ, როდესაც ის ჯერ კიდევ რაღაცას წარმოადგენდა?!. ესეც გულწრფელად აღიარა უნებლიედ. ამ ქალის, უფრო ზუსტად კი, – იმ ქალიშვილის, უკვე სახეც აღარ ახსოვს. მაგრამ ხმა,თურმე ხმა დღემდე ხსომებია. ვერ დაიძინა. გამთენიისას, სარკმლის ფარდა რომ გადასწია, მთვარე ნამდვილი ციკლოპოვითი იყურებოდა. ისიც ურჩხულის თვალივით ცივი იყო და შიშის მომგვრელი. არავითარი რომანტიკა, ხანგრძლივი ღამის მანძილზე წარსულში ბოდიალით. პირიქით. გულის ძირამდე შემზარავი და უღიმღამო გამხდარიყო ყველაფერი ის, რასაც დღემდე თვალის ჩინივით დაჰფოფინებდა და რითიც ეამაყებოდა კიდეც. და ამ უცაბედი განხიბლვის ერთადერთი მიზეზი ქალი იყო, რომელმაც ლამის ოთხი ათეული წლის შემდეგ გაიხსენა და მასთან შეხვედრაც კი მოისურვა.