რუბიკონი, ისევ რუბიკონი /პიესა ორ მოქმედებად/
მოქმედი პირნი:
1. ბორია, – – – – – – /ბორის მენშიკოვი/. ბომჟი. შუა ხნის მამაკაცი. რუსეთის მოქალაქე.
2. შურა, – – – – – – – /ალექსანდრა იევლევა/. შუა ხნის ქალბატონი. რუსეთის მოქალაქე.
3. დუდუ, – – – – – – /დურმიშხან ღუტიძე/. ასაკში შესული ქართველი მამაკაცი.
4. ბადრი, – – – – – /თბილისელი ლოთი/. შუა ხნის მამაკაცი.
5. ვიტალი, – – – – /თბილისელი ლოთი/. შუა ხნის მამაკაცი.
6. ამირანი, – – – – /დუდუს მეგობარი/. ასაკში შესული მამაკაცი.
7. ეთერი, – – – – – შუა ხნის ქალბატონი.
8. დარეჯანი. – – – ახალგაზრდა, სიმპატიური გოგონა.
პირველი მოქმედება
/პირველი სურათი წარმოადგენს ქალაქის სკვერს. დილაა. ისმის ბულბულების სტვენის ხმა. ბორისი სკამზე წევს. მცირე ხნის შემდეგ ის თავს წამოყოფს და ჩიტებს უწყრება/
ბორისი:
– – ქში!.. ქში!.. აქაც მომაგნეს!../იღებს სკამის ქვეშიდან ლუდის ბოთლს და მოსვამს/ ფუჰ!..ფსელის გემო აქვს. გუშინვე უნდა დამელია. /პაუზა/ ნუთუ ეს ჩვეულებრივი სიზმარი იყო?..ესე იგი... ესე იგი, მხოლოდ მეგონა, რომ ყველაფერს ცხადში ვხედავ. თავის მაგივრად კუდუსუნის ძვალი მტკივა. ქში!..ქში მეთქი!..სადღაა, თორემ ძველი ცხოვრებისთვის დარჩენილ სიცოცხლესაც გავიმეტებდი. ანიუტა,.. ანიუტოჩკა!..როგორ დავიჯერო, რომ შენც ზურგი შემაქციე?..ანიუტოჩკა,..ჩემო პატარა დედოფალო!../ისმის კრემლის კურანტების ხმა/ მოსკოვი მენატრება, ჩემი მოსკოვი. ღმერთო, რა მშვენიერი ჰანგებია!.. არადა... არადა, აკი არაყმაც ასე იცის. ერთს შეგაჟრჟოლებს ტანში, გულს აგიჩქარებს და მერე ფიშტი, ბასტა!..თუნდაც მთელი სამყაროც ჭირს წაუღია. /პაუზა/ არა, მეგობარო, არა. /წამოდგება/ ლექსიც და მხატვრობაც ერთი და იგივე ნაგავია. მუსიკა, მუსიკა სულ სხვაა. გინდ ბრმა იყავი და თუნდაც დალტონიკი. არც შეეცადოთ ჩემს გადარწმუნებას!.. ეგ კი არა და, სამშობლოს ცნებაც ერთი უმადური ხვითოა. ჰო, ჰო. ცრემლების მომგვრელი სისულელეა ეს...ნოსტალგია. მე ის, აი, აქ, აქ მტკივა და, იცით, როგორ მეწვის?!. ისეთი უმწიკვლო, ისეთი ცალმხრივია ჩემი მისადმი სიყვარული, რომ იმისი გახსენებაც კი აღარ მინდა!../მცირე პაუზა/ რომელ ღირსებაზე მელაპარაკებით?..რა დროს ლექსია, როცა...გწყურია?!. პარალელები?.. რამდენიც გინდათ. აი, ახლა რომ ამ ბოთლში თუნდაც ჩვენებური სამოგონი ესხას, აღარაფერს ვამბობ...ჭაჭაზე, რომელსაც სულელი ქართველები ნივრით აქოთებულ წვნიანს აყოლებენ,..აუუუ!..ყვავების ყრანტალიც ხომ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიად მომეჩვენებოდა. ასე, რომ... ასე, რომ, მიმიფურთხებია, ჩემი დემაგოგი ოპონენტებისთვის!.. ერთი წამით, მეგობარო, ერთი წამით!..ჯერ მე ვარ და მერე ყველა სხვა დანარჩენი!..დიახ, დიახ, ჩემო