თუ გსურთ იხილოთ ნამდვილი რუსეთი, აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ სმოლენსკის ოლქში. უნდა დაათვალიეროთ იქაური ქალაქები და სოფლები, გაეცნოთ ადგილობრივ მოსახლეობას და თუნდაც ერთი წუთით იფიქროთ იმათი ფიქრით, რათა ოდნავ მაინც ჩასწვდეთ ტიპიური რუსის უკალაპოტო ბუნებას, რომელიც არანაირ წესს თუ კანონს არ ემორჩილება თვით...ფხიზელ მდგომარეობაშიც კი. დიდია რუსეთი /ძლიერიც და ლამაზიც/, მაგრამ უფრო დიდი მისი ენერგიაა, ყოველდღე, ყოველწამს რომ იღვრება ისე უაზროდ, როგორც შემოდგომის წვიმა. ირგვლივ საშინელი სიღარიბე, ჭუჭყი, სიდუხჭირე და მოჩვენებითი კმაყოფილებაა, რომლის ასაკი, სულ მცირე, რამდენიმე საუკუნე მაინც იქნება. მთელი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ერი, რომელიც რუსივით იამაყებს იმით, რაც კი ოდესმე ჩაუდენია და რაც...სამომავლოდ აქვს განზრახული. ამავდროულად, არავინაა ისეთი პრეტენზიული, როგორც თვით უნიფხვო და პირდაუბანელი რუსი. გულის სიღრმეში ის ეგებ წესიერიცაა და გონიერიც, კონკრეტული საქმეებით კი, მაინც ბოგანოა, რომელსაც არა თუ სხვისი, საკუთარი ცრემლებისაც კი არ სჯერა. ეცნობი კაცი ამ ეგზოტიკურ გლუბინკას და უნებლიედ შენც გიჩნდება პასუხი ნეკრასოვის მიერ დასმულ კითხვაზე, –რუსეთში ყველა მშვენივრად გრძნობს თავს. კმაყოფილია მდიდარიც და ღარიბიც; ჩინიანიც და უჩინოც; პატრიოტიც და ვიგინდარაც. ერთია მხოლოდ, –მუდამ სხვისი ბოსტნისკენ გაურბის ყველას თვალი. და სწორედ ეს არის არა მარტო ამ ბუმბერაზი ქვეყნის უბედურება. დაბა მონასტირშინა ქალაქ სმოლენსკიდან ორასი კილომეტრის დაშორებითაა. იგივე ბუნება, –ლაღი და თვალწარმტაცი. იგივე ხალხი და ცხოვრების ისეთივე წესი, როგორიც, ვთქვათ, –კურსკსა თუ ვოლგისპირეთში. აქვთ, –სვამენ, არა აქვთ, .. მაინც სვამენ. თუ ულხინთ, ლოთობენ, დამწუხრებულები არიან და...მაინც ლოთობენ. სამსახური, –სახლი, სახლი, –სამსახური. ეს არის და ეს. მეტი არაფერი.