1 -----ტორო-----
ბედნიერების ძიებაში არასდროს ვყოფილვარ. არ მიყვარდა მსგავს სისულელეებზე დროის ხარჯვა. ეს ალბათ, დედაჩემის რეალისტ ბუნებას დამატებული, მამაჩემის დიქტატორული ხედვების დამსახურება იყო. ბავშვობიდან ცივი, უგულო და უემოციო ადამიანის სტატუსი შევიძნე და ისე მივიღე ჩემეულად, თითქოს არ არსებობდა დამოუკიდებელი და სულ სხვა "მე."
თხუთმეტი წლისამ მამა დავკარგე. არ დავიწყებ იმ ემოციების გადმოცემას, რაც მაშინ ვიგრძენი, რადგან აზრი არ აქვს. ჩემი ოჯახი დევნილი იყო აფხაზეთიდან. სოხუმში დაბადებულებსა და გაზრდილებს, ცუდი ცხოვრება არ ჰქონდათ ნანახი და იმ დღის წინა ღამეს, როდესაც მე მოვევლინე ქვეყანას, ჩემმა მშობლებმა ყველა დაკარგა - დედ-მამიდან დაწყებული, და-ძმით დამთავრებული. არ ვიცი, ცხოვრების თუ ბედის ირონია იყო, მაგრამ ჩემმა მოსვლამ სხვები წაიყვანა და შავ წერტილად დააჩნდა კალენდარს პატარა თხის რქის, ანუ ჩემი, როგორც ტოროს დაბადება.
ყველაზე ჯიუტი ბავშვი ვიყავი ყოველთვის. ამისთვის კი, ორი მიზეზი მქონდა: პირველი ის, რომ თხის რქა ვიყავი. თვალის დაუხამხამებლად გავიკეთე ტატუ ლავიწთან. დიდი ასოებით დავიწერე - "Capricorn." ტატუ-მასტერი აღფრთოვანებული იყო მაგრამ, როგორც კი ჩემს მზერას აწყდებოდა, რომელიც შემაძრწუნებლად ცივი იყო, მაშინვე ავიწყდებოდა ის, რომ მის წინ ქალი იჯდა და როგორც ყველაზე ფრიგიდულს, ისე მიყურებდა (ეს შესაძლებელია ასეც ყოფილიყო). ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ხარის წელში ვიყავი დაბადებული - ანუ ორმაგად ჯიუტი, მომთხოვნი და მიზანდასახული რეალისტი შევრჩი დედამიწას. მეორე - ჩემი გვარის ინიციალებიდან გამომდინარე ზედმეტსახელი "ტორო" იყო, რაც, ალბათ, ყველას მოგეხსენებათ, რასაც ნიშნავს.
სიჯიუტე ყოველთვის მეხმარებოდა და ამავდროულად, ხელს მიშლიდა, მაგრამ ეს მე ვიყავი - არც მეტი და არც ნაკლები - უბრალოდ მე. ყოველთვის ყველას გაოცება შემეძლო. არ უარვყოფ, ჩვეულებრივი არ ვყოფილვარ. არც თავმდაბლობას დავიწყებ, შეუდარებლად ლამაზი ვიყავი. ქუჩაში ყველა მე მიყურებდა. ქალები ზიზღით მაცქერდებოდნენ. ჰოი, რაოდენ სასაცილონი იყვნენ ჩემს თვალში, როცა, ლამის აფურთხებდნენ გვერდზე. ამ დროს მახსენდებოდა სიტყვები - "ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, მაგრამ სილამაზეს არა."
და ვინ თქვა, რომ ბედნიერია ის, ვინც ლამაზია? არ მოტყუვდეთ, არ არის ასე. ჩემს მკერდს, საჯდომს და მომაკვდინებელ თვალებს, ცხოვრებაში არაფერი მოუტანიათ, გარდა ერთისა - მე გავხდი საბედისწერო ქალი, მეტსახელით - ტორო. არავინ იცოდა ის, თუ ვინ ან რა იმალებოდა ჩემს უკან გარდა ერთისა, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ჩემი ცხოვრების ის ახალი ფურცლები, რომლებიც მამაჩემის გარდაცვალბის შემდეგ დაიწყო.
მაშ, ასე. მზად ხართ? მაშინ მომყევით, ვიწყებ!