კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული
ნიკოლოზ ცისკარიშვილის რომანი დევნის ქარგაზეა აწყობილი. მასში რეალისტური პლანიცაა და ფანტასტიკურიც. თხრობა დასაწყისიდანვე მძაფრია და სწრაფიტემპით მიემართება კულმინაციისაკენ. მწერალი თავიდანვეახერხებს გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში გაჰხვიოსმკითხველი და ფერებიც შესაბამისი მოუძებნოს, რასაც ბოლომდე ჩაუმქრალად ინარჩუნებს.
ფაბულის მიხედვით, სიუჟეტს ჰქონდა მრავალფეროვანი განვითარების პერსპექტივა, მაგრამ ავტორმა ჩახლართულ სოციალურ კავშირებზე უარი თქვა და ლტოლვა დევნის ხაზს გაჰყვა, რაც, ერთი შეხედვით, იოლი საქმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სწორედ აქ ჩაუსაფრდებოდა სიძნელე და სირთულე - თხრობის თანამიმდევრულობისა და დაძაბული განწყობილების შესანარჩუნებლად საჭირო ოსტატობა, რაც დამწყებ მწერალს არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ოსტატობა ნიჭს ახლავს და ბეჯითი მშრომელი ნიჭს ოსტატობად გადააქცევს
რომანის თემა მარადიულია - ადამიანი დევნილია პირველი ცოდვის შემდეგ, ცოდვას ცოდვა ასდევნებია და მარადი მდევარიც დინჯად და დაუღალავად სდევს, უკანასკნელ წამამდე
რთული ამოცანა დაისახა მწერალმა - არ მინდა ახალგაზრდობის ხსენებით გამოვესარჩლო, მწერალი მწერალია - და თავი გაართვა, იმიტომ, რომ იცოდა რასაც წერდა და რაზეც წერდა.
პაატა ჩხეიძე,
ლიტერატორი, კონკურსის ჟიურის წევრი