შეფასება პროზაშიც და პოეზიაშიც ყველაზე მეტად გამორჩეული, ორიგინალური ხმა ფასობს. როცა ავტორი ახერხებს შეუძლებელს - ხელახლა გამოიგონოს ენა, რომელზედაც რამდენიმე საუკუნე სხვები წერდნენ. ამ უნართან შედარებით უფერულდება ყველაფერი დანარჩენი - სიუჟეტის სხარტად აგების, დახლართვის, უჩვეულოდ მოტრიალების თუ სხვა უნარები. ქარდა ქარდუხი სწორედ ასეთი მწერალია: ლიტერატურულ ტრადიციებში ქექვის, ენასთან თამაშის და ძიების გამოცდილება აქვს. ამ რომანის პირველივე გვერდების გადამფურცლავ მკითხველს ეს ყველაფერი აუცილებლად თვალში მოხვდება.
„ჰერმესის დახლიდარები“ ის სამყაროა, მწერლის მიერ გულდასმით და ოსტატურად ნაქსოვი, რომელში დაკარგვაც ლიტერატურულ სიამოვნებას ჰპირდება მკითხველს.
დავით გაბუნია,
მწერალი, კონკურსის ჟიურის წევრი
***
ქარდა ქარდუხის მენტორობა დამაბნეველი საქმეა - ის
უკვე ჩამოყალიბებული ავტორია, უნიჭიერესი ლიტერატორი, მრავალმხრივი ასპარეზით.
„ჰერმესის დახლიდარები“ პოსტმოდერნული რომანია, უფრო უკეთ რომ ვთქვათ, პოსტმოდერნის მიწურულის ტექსტი და მისგან გაქცევის მცდელობაც კი. უამრავი ინტერტექსტი და ალუზია იოლად გვიტყუებს სამყაროში, სადაც ნაცნობი გმირები უცნობ ამბებს გვიმხელენ.
გირჩევთ ჩაუსაფრდეთ ამ რომანს და გამოსვლისთანავე მოინადიროთ.
გიორგი კეკელიძე
მწერალი, ქარდა ქარდუხის მენტორი