–წესით არ უნდა აგტკიებოდათ ისევ– თვალებში მიყურებს გამჭოლად, მუცელი წამოზრდია, შეიძლება მეშვიდე თვეშიც კი იყოს. აქვს ახლა ამას ჩემი თავი? სხვასთანაც რომ არ გამიშვა?– მძიმე ხომ არ აგიწევია რამე?
– არაფერი, თუ არ ჩავთვლით თოფს.– მეღიმება.
–ნადირობთ?–ცოტა არ იყოს გაკვირვებით მიყურებს.
–ვცდილობ.
–რას ხოცავთ ხოლმ?
–ძირითადად დარდებს...– მეცინება. მასაც ეცინება, მერე უცენ სერიოზულდება თან ხელს ამუშავებს, მასაჟისტივით.
–იცით რატომ მაინტერესებს?-- მუდარა უკრთება თვალებში და სიამოვნების ამოუცნობი ჟრუანტელი მივლის სხეულში-- შეგიძლიათ ყვავი მომიკლათ?– გაოცებისაგან ხელი ისე მიტოკდება ლამის გაუსხლტეს მტევნიდან.
–ასე გტკივათ?– შეშინებული მიყურებს.
–არა– დავიბენი უცებ– ჰო, ცოტა. რა თქვით რა მოგიკლათ?
–ყვავი. ბავშვი მყავს ცუდად და ყვავის ქონი არის საუკეთესო ანტიბიოტიკი ბრონქებისთვის.
– დამცინით ქალბატონო როენა?
– რას ქვია დაგცინით?– გამწყრალი მიყურებს.
მერე ბავშვობა მიტივტივებს ბებიის სახეს ქვეცნობიერის მიყუჩებული ზღვიდან და მახსენდება რაღაც ამის მსგავსი. მაინც ეჭვით ვუმზერ და მერე ვმშვიდდები თითქოს.
– ექიმებიც ექიმბაშების წამლებით მკურნალობთ?—ალმაცერად გავყურებ
–ეს არაა ექიმბაშობა. მეცნიერულად დამტკიცებული რეალობაა. თქვენ ის მითხარით შეგიძლიათ მომიკლათ?
–ვერ დაგპირდებით ნაღდად. თუმცა შევეცდები.
–დამპირდით, – ეცინება– დამპირდით და მეცოდინება რომ მომიტანთ– ვა, ეს რაღაც ახალი ნოტაა ამ ქალის ლიტერატურულ სახეში! ან როგორ გაიკეკლუცა? ხედავ როცა საქმე შვილს ეხება? თან ორსულადაა, ამის ქცევას ახლა გრძნეული მოგვი კი არადა იუნგიც ვერ ახსნის. ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს.