პირველი ნაწილი
„ესაა სამყარო, სადაც ნიშანი და საგანი ერთია!“
მკვდრების წიგნი
შავი ღვინით სავსე ფიალა მიჭირავს ხელში. თითქოსდა ბურანში მყოფს ჭალების შორეული შრიალივით ჩამესმის თავშეკავებულად წარმოთქმული სადღეგრძელოები. მწარედ ჩაფიქრებული ვუცქერ მოლივლივე სითხეს. აგუნას დალოცვილი წვენით თუ რაღაც ბუნდოვანი მიუწვდომლობით სულისკნელათრთოლებული და ვფიქრობ განუწყვეტლივ ოდესღაც მომხდარ თუ უბრალოდ შეთხზულ შემთხვევბზე უკვე ათასობით საუკუნის მტვერწაყრილზე, მაგრამ ჩემთვის აწმყოსა და მომავალთან გადახლართულზე, სადღაც ხმელთაშუა თუ ეგეოსის ზღვის ნაპირებთან დატრიალებულ ჩვენთვის უკვე ზღაპრადქცეულ ამბებზე, ადამიანთა და ღმერთთა უცნაური ურთიერთკავშირების უჩვეულო გადმოცემებზე და არც კი ვიცი ახლა ჩემთვის ის ათასწლობით დაშორებული ზღაპრებია უფრო სარწმუნო და ახლობელი თუ ახლანდელი, სულ ახლახანს მომხდარი... ვერ გამირკვევია რომელი უფრო მიზიდავს, რომელი უფრო მოქმედებს ჩემზე; ერთი კი ცხადია - აწმყოსავით განვიცდი უძველესს და უფრო ადვილად ვითავისებ მას, მაგრამ იმ არაკებზე, იმ არაკების ერთი შეხედვით არაჩვეულებრივ, ზოგჯერ კი საოცრად ჩვეულებრივ, საოცრად ადამიანურ გმირებზე ფიქრი რატომღაც უცნაურად მღრღნის და მაწვალებს მათს სულის მეტამორფოზებში ბოლომდე ვერგარკვეულს.
ეტყობა მასაც არეული ჰქონდა გულისთქმანი... არეული თუ გმირის გამბედაობით ფიქრობდა განუწყვეტლივ ერთზე - მიზანზე? ნეტავ თუ ეშინოდა? თუ ელოდა მზაკვრობას? მამისთვის უცნობი მოდგმა! თვითონაც მზაკვრულად არ მოექცა მერე სულზე უძვირფასესს? მაგარი გმირობაა შენმა მზემ - უშფოთველად დაძინებულს, ძილსშორისში ლაღად მონავარდეს გამოეპარო! რა ულმობლად მიაგდო უკაცრიელ ნაპირზე! მხსნელად ლიბერი მოევლინა განწირულსა და მავედრებელს. ისიც თავისი გულმავიწყობით დაღუპა, სინდისის ქენჯნით გათანგულმა და მომნანიემ. მაინც რა საოცარი ხალხი იყო... ასე ეჭვმიუტანლად სჯეროდათ ბედისწერის. ვხედავ, მეკიდება ღვინო, აუტანელი სურვილი მაქვს ხმამაღლა ვისაუბრო, ვისაუბრო გაუთავებლად. ვცდილობ თავი შევიკავო, რაც ძარღვებს მიშლის და უაზროდ ვუჭერ თითებს ღვინის ფიალას, ვგრძნობ რა საამოდ მეღვრება მისი რაღაცნაირი სიგრილე და მასში მოლივლივე სითხის მისტიური ენერგია სხეულში და ვმშვიდდები თითქოს.
ოთახში დედაჩემი შემოდის და ღვინით სავსე დოქს მაწვდის. ვართმევ და მაგიდაზე ვდგამ. ხელი მიკანკალებს. მამაჩემი მამჩნევს რომ ვთვრები (სახე მიხურს და ვწითლდები სმისას) და მეუბნება:
- ნუ სვამ, სიმთვრალისას არ შეიძლება.
ვცდილობ გაღიზიანება არ შევიმჩნიო.
- რა დამათრობს, ორი ჭიქა დავლიე!
- ჰოდა ის ორი ჭიქაც არ შეიძლებოდა! - ამბობს მამაჩემი თავშეკავებულად, თითქოს სასხვათაშორისოდ და მაგიდის მიღმა უსწორებს მზერას ოთახის თითქოსდა სადღაც გაუჩინარებულ კუთხეებს.
მოთმინებიდან გამოვყავარ ხოლმე მის თავდაჯერებულ კილოს... თუ არ შეიძლებოდა აქამდე რას უცდიდა?! თვითონაც არ იცის რა უნდა...
- ღვინო ღვთის გაჩენილია, არა მგონია სულს აუხეშებდეს, - რაღაც გესლიანად გამომდის.
- შენ ვინც კი შეგხედავს საპირისპიროს დაასკვნის. - ისე მშვიდად ამბობს, თითქოს მე კი არა ვიღაც სხვას ესაუბრებოდეს.
- დაწყნარდი რა გჭირს?! - მეუბნება ავთო, გრძნობს რაღაც მწარეს თქმას რომ ვაპირებ, - არ შეიძლება, ესე იგი არ შეიძლება! როგორც უფროსი ამბობს ისე უნდა მოვიქცეთ, მეტს აღარ დალევ!
მინდა შევეპასუხო, მაგრამ ვიცი კამათი ატყდება, თან ვხვდები, მართლები არიან; უკვე მიბრუის თავი და კიდევ რომ დავლიო... საკვირველია, მართლები არიან და სწორედ ეს მაღიზიანებს; ყოველნაირად ჩვეულებრივსა და ცხადს ასე პედანტურად რომ მასწავლიან ამიტომ ვღიზიანდები.
ავთო ჩემს ჭიქაში არ ასხამს, ჩემი მშობლების ერიდება და არც მე ვაძალებ, მაგრამ ეტყობა რაღაც გაკვირვებული თვალებით ვუყურებ და თავის მართლებასავით გამოსდის;
- მიხედე ახლა შენს საქმეს! - ისე ამბობს ვხვდები არსებითად მთხოვს, ნუ გამაწბილებ, რაო?
- ავთო ჯერ მანქანა არაა მზად!
- შენ მოემზადე და მანამდე მანქანაც მოვა - ისევ მამაჩემია.
კამათში ამიყოლიებს და ყველაფერი ჩაიშლება. ვდგები. მეორე ოთახში შევდივარ. არეულობაა, ათასგვარ ფუთებს შორის კი ჩემი და საქმიანად დაბორიალებს. ცოტა ხანს უაზროდ ვდგავარ შემდეგ კი თითქოსდა საქმიანად ვეკითხები:
- ძაფები მოამზადეთ?! - თავს მიქნევს და მზერით შავი პარკისკენ მანიშნებს. პარკს ვშლი და ჩავყურებ: ხუთიოდე ძაფის კოჭი დევს.
- ეს ეყოფა?!
- აბა არა? - მეუბნება მშვიდად, მაგრამ როგორც კი მისი მზერა ჩემს დაძაბულ სახეს აწყდება სასწრაფოდ უმატებს, - როგორ არ ეყოფა, დასაკარგავში ხომ არ მიდიხარ?!
- რომ არ ეყოს?! მოგეტანა კიდევ!
- თუ არ შეგიძლია ნუ სვამ! - მეუბნება უხეშად.
უკმაყოფილოდ ვიყურები, არ ვიცი რა ვუთხრა ისეთი ჩემი განრისხება მთლიანად რომ გამოხატოს.
- რა გაყვირებს ბიჭო! - ჩემკენ იხედება მამიდა, - თავიდან ბოლომდე კი არ უნდა ძაფი... სადაა ამდენი? აგერ მისმინე: იქ, ლოგინის თავზე