— გახსოვს ბატიბუტი რომ მოვხალეთ?— უცებ ჩაიჩუმა ხმა ქალმა— ბიჭს შორეული მოგონებებიდან წამოსულმა სითბომ დაუარა სხეულში და ღიმილით დაუქნია თავი.
— მერე, შენ აიჩემე ბამბასავით აფეთქებული ბატიბუტი ავკინძოთ ძაფზე და ჩურჩხელები გავაკეთოთო, გახსოვს?
— მახსოვს!
— ისიც ხომ გახსოვს ადუღებულ ფელამუშში რომ ამოავლე?
— კი, ისიც მახსოვს სხვა ჩხურჩხელებთან ერთად რომ დავკიდეთ გასაშრობად და შემდეგ ვერ ვიპოვეთ იმდენ ჩხურჩხელაში.
— ჰო, ვერ ვიპოვეთ და ბებიაშენმა სტუმრებს გამოუტანა მერე...
დათომ გაიცინა.
—ხომ ჯობდა, რამდენი გეხვეწე, ბატიბუტი ბატუბუტად ვჭამოთ-მეთქი?— ბიჭი დადუმდა. ზღვას მისჩერებოდა, ვერ გადაეწყვიტა რა ექნა სიცარიელისათვის რომელიც გრძნობდა მალე დაეუფლებოდა, მიაჩერდა ქალს, სადღაც შორეული ქალის შავი თვალები და ჩაშავებული ქუთუთოები აელვარდნენ და არაფერი თქვა.
— წამოდი გერმანიაში, თუ გინდა საერთოდ არ გნახავ იქ, მაგრამ წამოდი!
ბიჭმა თავი გააქნია,
— წამოდი, აქ დაიღრჩობი, ვერ ხედავ ადამიანის სახე დაკარგული რომ გაქვს, ჩარჩოში ჩასმულ სამგლოვიარო სურათს გავხარ!— ძლივს მოახერხა გაცინება ქალმა, ცოტა ხანს უმზირა თვალებში და შემდეგ, ტრაპზე არც კი დაუბიჯებია ისე შეხტა გემბანზე...