უილკი კოლინზი (1824-1889)
ინგლისელი მწერალი და დრამატურგი, უილიამ უილკი კოლინზი ლონდონში, ცნობილი მხატვრის - უილიამ კოლინზის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდგომ სწავლა კერძო სკოლაში გააგრძელა. ოჯახთან ერთად იტალიასა და საფრანგეთში მოგზაურობდა და ამ ქვეყნების ენებს ეუფლებოდა.
17 წლისამ სკოლა დაასრულა და, მამის კარნახით, ჩაით მოვაჭრე ფირმაში დაიწყო მუშაობა, სადაც 5 წელი გაატარა. მამის რჩევით, რომელსაც სურდა, შვილს სტაბილური შემოსავალი ჰქონოდა, იურისპრუდენციის შესწავლას მიჰყო ხელი.
პირველი რომანი - „იოლანი ანუ ტაიტი, როგორც იყო“(Iolani, or Tahiti as It Was) - 1843 წელს დაწერა, მაგრამ გამომცემელმა ხელნაწერი ორი წლის შემდეგ უკან დაუბრუნა, და ის მხოლოდ 1999 წელს გამოქვეყნდა. კოლინზი არ დანებდა, ლიტერატურული საქმიანობა გააგრძელა და 1848 წელს გამოსცა პირველი წიგნი - „მოგონებები უილიამ კოლინზის, ესკვაირის, ცხოვრების შესახებ“. რიგით მეორე, ხოლო დღის სინათლეზე გამოსულთაგან პირველი რომანი - „ანტონინა ანუ რომის დაცემა“ - მკითხველმა 1851 წელს იხილა. სწორედ ამ დროს გაიცნო კოლინზმა და დაუახლოვდა ჩარლზ დიკენსს, რომელთან ერთადაც შემდგომ, რამდენიმე რომანი და პიესა დაწერა. აქვე დავძენთ, რომ მოგვიანებით, მისმა უმცროსმა ძმამ, ჩარლზ ელსტონმა დიკენსის უმცროსი ქალიშვილი, კეიტი შეირთო ცოლად.
უილკი კოლინზის შემოქმედების „ოქროს ხანა“ 60-იან წლებზე მოდის, როცა მან მატერიალურად მყარ მდგომარეობასაც მიაღწია და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. ამ დროს, დაახლოებით ათწლიანი პერიოდის განმავლობაში დაწერა მან თავისი საუკეთესო რომანები - „მთვარის სპეკალი“, „თეთრად შემოსილი ქალი“ (The woman in white), „უსახელო“ (No name), „არმადეილი“ (Armadale). მათ შორის საუკეთესოდ მიიჩნევა „მთვარის სპეკალი“, რომელსაც ხშირად, პირველ ინგლისურენოვან დეტექტიურ რომანადაც რაცხენ.
ამავე პერიოდში უილკი კოლინზი ნიკრისის ქარით იტანჯებოდა და ტკივილების გასაყუჩებლად ოპიუმს იყენებდა, რასაც მოკლე ხანში, ნარკოტიკზე დამოკიდებულება მოჰყვა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მის შემოქმედებასაც დაეტყო: ლიტერატორთა აზრით, 70-იან და 80-იან წლებში დაწერილი თხზულებები აშკარად ჩამოუვარდება წინა ათწლეულში შექმნილ ნაწარმოებებს.
მწერალს ერთობ თავისებური პირადი ცხოვრება ჰქონდა. ის ქორწინებას, როგორც ინსტიტუტს, უარყოფითად უყურებდა და ჯვარი არ დაუწერია. 1858 წლიდან, ნაადრევად გათხოვილ და ასევე ნაადრევად დაქვრივებულ კეროლაინ გრეივსთან ცხოვრობდა, მის ქალიშვილ ჰარიეტს, როგორც საკუთარ შვილს, ისე ეპყრობოდა და მის განათლებაზეც ზრუნავდა. როცა კეროლაინს კოლინზზე გათხოვების იმედი გადაეწურა, თავისზე ახალგაზრდა კაცს გაჰყვა ცოლად, მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ კვლავ მწერალს დაუბრუნდა. წყვილს საერთო შვილი არ ჰყოლია.
შვილები კოლინზს სხვა საყვარელმა ქალმა - მართა რუდმა გაუჩინა, რომელიც მან 1868 წელს ნორფოლკის საგრაფოში ყოფნისას გაიცნო. მალევე, 19 წლის გოგონა, შეყვარებულთან ახლოს რომ ყოფილიყო, ლონდონში გადაბარგდა, ხოლო გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ, კოლინზს ქალიშვილი მერიანი, შემდგომ წლებში კი ქალ-ვაჟი - ჰერიეტ კონსტანსი და უილიამ ჩარლზი აჩუქა. სიცოცხლის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში უილკი კოლინზი თავის დროს ამ ორ ქალს შორის ანაწილებდა.
უილკი კოლინზი 65 წლისა, ინსულტისგან გარდაიცვალა. 6 წლის შემდეგ მას უკანასკნელ განსასვენებელში კეროლაინ გრეივსი შეუერთდა.