მთვარის სპეკალი -
წიგნი II -
მესამე ამბავი -
დაწერილი ფრენკლინ ბლეიკის მიერ -
თავი პირველი ათას რვაას ორმოცდაცხრა წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთში ვიმოგზაურე. სულ ახლახან შევცვალე რამდენიმე თვის წინ შედგენილი მოგზაურობის გეგმა, რომელიც ადრე ლონდონში ჩემს ვექილსა და ბანკირს გავაცანი.
ამ ცვლილების გამო იძულებული გავხდი, ერთ-ერთი ჩემი მსახური წერილებისა და გამოგზავნილი ფულისთვის ინგლისის კონსულთან გამეგზავნა იმ ქალაქში, რომელიც ჩემი მოგზაურობის ახალი გეგმიდან ამოვიღე. მსახური კვლავ შემოგვიერთდებოდა დათქმულ ადგილას და დათქმულ დროს, მაგრამ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ, რაშიც მას ბრალი არ მიუძღვის, გზად დააყოვნა. მთელი კვირა მე და ჩემი ხალხი უდაბნოს საზღვართან დაბანაკებულნი ველოდით მას. კვირის მიწურულს მსახური გამოჩნდა, კარავში შემოვიდა, ფული და წერილები გამომიწოდა და თქვა:
- მგონი, ცუდი ამბავი მოგიტანეთ, სერ! - თან სამგლოვიარო არშიაშემოვლებულ ერთ-ერთ წერილზე მიმითითა. მისამართზე მისტერ ბრაფის ხელი ვიცანი.
ასეთ შემთხვევაში გაურკვევლობაზე უარესი არაფერია. ყველაზე ადრე არშიაშემოვლებული წერილი გავხსენი. იგი მატყობინებდა, რომ მამაჩემი გარდაიცვალა და მისი უზარმაზარი ქონების მემკვიდრე მე გავხდი. სიმდიდრესთან ერთად, რომელიც ჩემს ხელში გადმოვიდა, პასუხისმგებლობაც მომემატა. მისტერ ბრაფი მთხოვდა, დრო აღარ დამეკარგა და ინგლისში დავბრუნებულიყავი. გამთენიისას უკვე სამშობლოსკენ მიმავალ გზას ვადექი. ჩემმა ძველმა მეგობარმა ბეტერეჯმა, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულად დაგიხატათ ჩემი პორტრეტი, როდესაც ინგლისიდან მივემგზავრებოდი. მან თავისებურად, სერიოზულად ახსნა ახალგაზრდა ქალბატონის ირონიული შენიშვნები ჩემი საზღვარგარეთული აღზრდის თაობაზე და თავი დაირწმუნა, რომ სინამდვილეში ხედავდა იმ ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ თვისებებს ჩემს ხასიათში, რასაც მხიარული ნათესავი ხუმრობით დასცინოდა ხოლმე. სინამდვილეში კი ყოველივე ეს მხოლოდ კეთილი ბეტერეჯის წარმოდგენაში არსებობდა. დანარჩენს რაც შეეხება, უნდა გამოგიტყდეთ, ყოველივე სრული სიმართლე დაწერა: მე ნამდვილად გულდაკოდილი ვიყავი რეიჩელის ჩემდამი დამოკიდებულებით და სასტიკად გატანჯულმა დავტოვე ინგლისი, რაც მწარე იმედგაცრუებით იყო გამოწვეული.
საზღვარგარეთ იმ იმედით წავედი, რომ ადგილის გამოცვლა და დიდი ხნით განშორება რეიჩელს დამავიწყებდა. დარწმუნებული ვარ, კაცი, რომელიც უარყოფს ადგილის გამოცვლისა და განშორების კეთილ გავლენას ამგვარ შემთხვევაში, ადამიანის ბუნებას კარგად არ იცნობს: ადგილის გამოცვლა და განშორება განარიდებს მას საკუთარ უბედურების ჭვრეტას, რაც მთლიანად იპყრობს მის არსებას. რეიჩელი არ მავიწყდებოდა. მაგრამ მოგონებათა ნაღველი თანდათანობით კარგავდა სიმწარეს, ვინაიდან დრო, მანძილი და ახალი ამბები უფრო და უფრო გვაშორებდა ერთმანეთს.
მაგრამ, მეორე მხრივ, იმ წამლის გავლენა, რომელიც ასე კარგად მშველოდა, უკან დაბრუნებისას თანდათან შესუსტდა. რაც უფრო ახლოვდებოდა ქვეყანა, სადაც ის ცხოვრობდა, და იზრდებოდა მისი ნახვის შესაძლებლობა, მით უფრო დაუძლეველად ბატონობდა ჩემზე. ინგლისიდან წასვლისას მის სახელსაც კი ვერავინ წამომაცდენინებდა. დაბრუნებისას კი, მისტერ ბრაფს შევხვდი თუ არა, პირველად ის მოვიკითხე.
რა თქმა უნდა, მომახსენეს ყოველივე, რაც ჩემი არყოფნის დროს მომხდარიყო, - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რაც მისტერ ბეტერეჯის თხრობის გაგრძელებას წარმოადგენს, ერთი ამბის გარდა. იმ დროს მისტერ ბრაფი თვლიდა, რომ არ ჰქონდა უფლება, შეეტყობინებინა ჩემთვის ის მიზეზი, რამაც რეიჩელისა და გოდფრის ნიშნობის ჩაშლა გამოიწვია. მეც არ შემიწუხებია იგი ამ საჩოთირო ამბის ზედმეტი გამოკითხვით. იმ ეჭვიანი იმედგაცრუების შემდეგ, რაც განმაცდევინა იმის შეტყობამ, რომ რეიჩელი ფიქრობდა გოდფრიზე გათხოვებას, შვებით ამოვისუნთქე: იგი დაფიქრებულა, უგრძნია, რომ წინდაუხედავად მოიქცა და პირობა დაურღვევია.
როცა წარსულის ამბები მოვისმინე, ჩემი შემდგომი კითხვები (კვლავ რეიჩელზე), ბუნებრივია, აწმყოს შეეხო. ვინ არის მისი მეურვე მისტერ ბრაფის სახლიდან წამოსვლის შემდეგ? სად ცხოვრობს ახლა?
რეიჩელი ცხოვრობდა გარდაცვლილი სერ ჯონ ვერინდერის ქვრივ დასთან, მისის მერიდიუსთან. დედამისის ანდერძის ამსრულებლებმა სთხოვეს მას რეიჩელის მეურვეობა და ისიც დათანხმდა. გავიგე, რომ სიამტკბილობით ცხოვრობდნენ და ამ სეზონს მისის მერიდიუს სახლში პორტლენდ პლეისზე გაატარებდნენ.
შევიტყვე ეს თუ არა, ნახევარი საათის შემდეგ პორტლენდ პლეისისკენ მიმავალ გზას დავადექი - თუმცა გამბედაობა არ მეყო, მისტერ ბრაფს ამაში გამოვტყდომოდი. მსახური, რომელმაც კარი გამიღო, არ იყო დარწმუნებული, მის ვერინდერი შინ იყო თუ არა. ეს ამბავი რაც შეიძლება სწრაფად რომ გამერკვია, სადარბაზო ბარათი გავატანე. მსახური შეუვალი სახით დაბრუნდა და მომახსენა: მის ვერინდერი შინ არ გახლავთო.
სხვაზე ეჭვი შემეპარებოდა, ჩემთან შეხვედრა არ უნდა და განზრახ დამემალა-მეთქი, მაგრამ რეიჩელზე დაეჭვება შეუძლებელი იყო. დავიბარე, ექვს საათზე კვლავ მოვალ-მეთქი. ექვს საათზე მეორედ მომახსენეს, მის ვერინდერი შინ არ არისო. ხომ არაფერი დაუბარებია? არაფერი. განა მის ვერინდერს არ მიუღია ჩემი სადარბაზო ბარათი? მსახურმა ბოდიში მოიხადა და მითხრა, - მის ვერინდერმა ბარათი მიიღოო. ცხადი იყო: რეიჩელი უარს ამბობდა ჩემთან შეხვედრაზე.
მე ჩემდა თავად ვერ დავუშვებდი, რომ