სულიერების კვალდაკვალ... წინასიტყვაობა
ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე კრებული გამოიცემა ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო გაერთიანება "ქართველი"- ის მიერ. გაერთიანება მიზნად ისახავს სერია "ილიონის" სახით გამოსცეს მრავალტომეული წიგნი. ცნობადი სახეების გვერდით გაეცნობით უცნობ ავტორებს. თემატურად მრავალფეროვანია აქ წარმოდგენილი შემოქმედება და ხელოვნება, ქართული სული და ჭეშმარიტების ძიება, თავდადება და უფლისმიერი გალობა... უსაზღვროა და ჩარჩოებში არ ჯდება ხელოვნება, არ ემორჩილება წესებს და კანონებს, იგი იწერება ისე, როგორც გრძნობს ადამიანი, ფიქრობს, მსჯელობს, ბაასობს ზეციურ ძალთან და მოუხმობს უფალს. აქ წარმოდგენილ ადამიანთა სულიერი სამყარო ხელისგულივით იშლება და ღელავს ბობოქარი ზღვის ტალღებივით; აქ არის სინათლე და მზე, მორალი და ზნეობა. ისტორია და სიწმინდე, ინფორმაცია საკუთარი ქალაქისა და სიწმინდეების შესახებ. აქ განფენილია ადამიანის სულიერი სამყარო, რომელსაც მიყავხარ თავისი სიღრმეებისკენ, საგანძურისკენ, ჭვრეტისკენ, გხდის საკუთარი სამყაროს თანაზიარს და ამიტომაც ეწოდა კრებულს "სულიერების კვალდაკვალ..."
ამ კრებულში არის სახელები, რომლებსაც შესანიშნავად იცნობს საზოგადოება მათი შემოქმედებითი ცხოვრებითა და ღვაწლით: ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბენიამინ ჩიხორლიშვილი - არაერთი წიგნის, პოეზიის კრებულებისა და წერილების ავტორი; თავად იოანე ქართველი, რომელიც გახლავთ ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო გაერთიანება "ქართველის" ფუძემდებელი და წინარე წიგნის შექმნის იდეის ავტორი. გარდა იმისა, რომ აქვს პოეზიის საავტორო კრებული "ფიქრები წარსულიდან", მისი ლექსები შეტანილია საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია "გულანის" მიერ გამოცემულ "ანთოლოგიის" I და II ნაწილში; ჟურნალებსა და პრესაში; რეჟისორი და მსახიობი; პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია "ივერიის" წმინდა ილია მართლის ორდენოსანი, "ქართული ელიტის წლის პოეტად" აღიარებული. სხვადასხვა წლებში ამ ჯილდოს მფლობელები გახლდნენ დეკანოზი ბენიამინი, პოეტები - მერაბ ფირცხალაიშვილი, გიორგი ზუბიტაშვილი, ლია გიგიტაშვილი და, მოკრძალებულად ვიტყვი: მეც, პროზაიკოსი. მრავალფეროვანია იოანეს შემოქმედებითი მუშაობა, როგორც მსახიობის, სიმღერების ავტორ - შემსრულებლის, კულტურულ - საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიებების ავტორი.
პოეტი და ჟურნალისტი ლია გიგიტაშვილი, შემოქმედებითი ფსევდონიმი - თამარელი. გამოცემული აქვს პოეზიის 2 კრებული: ,,ღია კარებში" და ,,წყალ-აღმა". მისი ლექსები შესულია გერმანე საზანოელის რედაქტორობით გამოცემული კრებულის ,,ლექსის აკვანი" - მეორე და მესამე ტომებში. მისი ლექსები შესულია, აგრეთვე, დავით ახლოურის მიერ გამოცემულ კრებულში; 1989 წლიდან შეუერთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი და ყვარლის სინამდვილეში არსებული პირველი ოპოზიციური გაზეთ "დურუჯი"-ს რედაქტორის მოადგილე. მომდევნო წლებში კი გახლდათ კორესპონდენტი გაზეთების: "ილიას გზა" და ,,ყვარელი".
პოეტი იზოლდა იოსებიანი, პედაგოგი, ყვარლის საპატიო მოქალაქე. საქართველოს მწერალთა და შემოქმედთა კავშირის წევრი. ყვარლის მოსწავლე -ახალგაზრდობის რაიონული სახლის დირექტორი (1987- 2007), ხოლო 2007 წლიდან - დღემდე, ყვარლის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2010 წელს გახდა ქალთა რესპუბლიკური საბჭოს მიერ ჩატარებულ პოეტ ქალთა კონკურსში გამარჯვებული. კონკურს "კითხულობს მასწავლებელი" - ს მრავალგზის გამარჯვებული. პრემია " ივერიის" პრიზიორი. კულტურულ - საგანმანათლებლო პროექტების ავტორი და წამყვანი. გამოცემული აქვს ლექსების კრებული " დედის სათხოვარი ფუძის ანგელოზს", ასევე, კრებულების - "ლექსო, არ დაიკარგები!", "მინიპოეზიის" თანაავტორი.
კრებულში გაეცნობით ემიგრაციაში მყოფი უფაქიზესი სულისკვეთების მქონე ქალბატონ ნანა გოგაშვილის შემოქმედებას. მისი პოეზიიდან სულში ყვავილებად იშლება ზეციური ჰარმონიისა და გრძნობების სიმძლავრე. იგი არ მიიჩნევს საკუთარ თავს პოეტად, თუმცა მისი შემოქმედება თითოეული ადამიანისათვის ახლობელი და სათუთი ხდება.
პოეტ ლია რუსიაშვილს სრულიად საქართველო იცნობს. მისი შემოქმედება ყოველ დროში აქტუალურია, რადგან ნამდვილ კლასიკას წარმოადგენს. სახელმწიფო პრემიის ნომინანტია მისი ლექსების კრებული "ორეული". იგი გახლავთ სათავგადასავლო ხუთტომეული წიგნის "სალი კოლხელი"-ს ავტორი, რომელიც დაჯილდოვდა ილიას პრემიით, როგორც წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი (2013 წ.), თუმცა განზრახული აქვს გაგრძელდეს სალის თავგადასავალი და სრულ 12 წიგნად გამოიცეს. იგი გახლავთ, აგრეთვე, პუბლიცისტი. მისი სტატიები იბეჭდებოდა პრესასა და საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო "ივერიონში". 2008 წელს შვიდი შვილის დედა დასახელდა ყვარლის საპატიო მოქალაქედ. მისი ქართული სილამაზით იმდენად იყო აღფრთოვანებული ყვარელში დაბადებული რეჟისორი ვახტანგ ტაბლიაშვილი, რომ მასში ნინო ჭავჭავაძის სახეს ხედავდა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი გურამ ლებანიძე მეცნიერისა და მწერლის როსტომ ჩხეიძის წინაშე აღიარებს: "ჩვენ დიდი პოეტი გვყავს, სულ ცოტა, მარინა ცვეტაევას რანგისა..."
ლიას მიაჩნია, რომ "ჯანსაღი ცნობიერების ადამიანი ყოველთვის მდინარის აღმა მიცურავს, თუნდაც დინება ცივი და