სახლისკენ მიიიჩქარის. მანქანის საჭესთან დაძაბული ზის, გზისკენ კი იყურება დაკვირვებით, მაგრამ ფიქრებით ისევ ბერთან არის, წუთების წინ რომ დატოვა კელიაში. დააგვიანა აღსარება ღვთის წინაშე... ლამის, ორი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, ღრმად დამარხა თავისი წარსული და უმძიმესი ცოდვა... იმდენი რამე მოხდა... თვალზე ცრემლი მოადგა... არადა, მართლა უყვარდა ინგა, მაგრამ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ წავიდა, სანათესაო, დედა... დიდხანს ებრძოლეს! სრულწლოვან ასაკს როგორც კი მიაღწია, საზღვარეთის პასპორტი გაუკეთეს და მამასთან გაგზავნეს... საშინელი წლები იყო!.. საშინელი!.. რას ერჩოდა ქეთის?.. მანქანა ღამეში გზის ნაპირზე გააჩერა, თვალები დახუჭა... გულში მწარე ჩხვლეტა იგრძნო, მისი ქალიშვილი, ლინდა, სწორედ იმავე ასაკშია, რა ასაკშიც ქეთი იყო, როდესაც... 16 წლის... თითქმის ბავშვები! დიახ, ახლანდელი გადასახედიდან მაშინ ბავშვები იყვნენ და როგორ გაბედა?.. რატომ მოიქეცი ასე, რეზი?- ეკითხებოდა საკუთარ თავს. საჭეზე ხელები დააწყო, ზედ თავი ჩამოდო და აქვითინდა. მტკივნეული ყოფილა ქალიშვილის სასოწარკვეთილების ყურება დეპრესიის უმძიმესი ფორმით. მის ქალიშვილს, ლინდას, იგივე დაემართა, რაც ქეთის დამართა თვითონ. მაშინ საერთოდ არ ნაღვლობდა, არ წუხდა საკუთარი ქცევის გამო, არაფრად აგდებდა ქეთის ცრემლებს, მუდარას, არ შეექცია მისთვის ზურგი და დაქორწინებულიყვნენ. შეჰყურებს საკუთარ ადრეულ ახალგაზრდობას და ისე სძულს, რომ მზად არის ტყვია დაახალოს ძველ რეზის. რა სასტიკი, დაუნდობელი, გულქვა და არავაჟკაცური იყო მისი ქმედება. ნამდვილი არარაობა! დიახ, არ მოერიდება, საკუთარ თავს არარაობა უწოდოს, რადგან ამაზრზენი კაცუნა იყო! ქეთის მშობლებს პოლიციაში საჩივარი რომ შეეტანათ, სასჯელი არ ასცდებოდა, ხოლო საპატიმროში - უარესი დამცირება, ტანჯვა. ქეთიმ იხსნა, მან არ გაამხილა რეზის ცოდვა მშობლებთან, მისდამი სიყვარულის გამო. დღეს აღიარა რეზიმ, რომ მრავალგზის დამნაშავეა. უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარი გრძნობების წინაშე, ნებაყოფლობით ამოსვარა ტალახში, გათელა, შედგა ზედ უბინძურესი ფეხებით. აი, რისი დამტკიცება გამოუვიდა! რა შედეგი გამოიღო მისმა ძიებამ, თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლამ! ქალიშვილის გაუპატიურებით საკუთარი პიროვნების უღირსობა დაამტკიცა! ცხოველური ინსტიქტები, რომლებიც ყველაფერზე მაღლა დააყენა, ყოველგვარ ზნეობრივზე, სპეტაკზე, სულიერზე, წმინდაზე, ადამიანის სიცოცხლეზე! დაკარგა საკუთარი თავის პატივისცემა! დაკარგა ინგა! მაგრამ მაშინ გარკვეულ წილად ვერც კი აცნობიერებდა, თუ რა ჩაიდინა, რადგან ეჩვენებოდა თავად გოგოც იყო მონდომომებუილი, რადგან ფარულ პაემნებზე თანხმდებოდა, მან კი დაკარგა კონტროლი საკუთარ ქცევაზე...
- რატომ ჩაიდინე ეს საშინელება?- თავზარდამცემი იყო ეს კითხვა ინგასგან.
- ვინ გითხრა? - ნამდვილს ცხოველს გავდა ანთებული თვალებით. არ მოელოდა რეზი, თუ ინგა მის ყველაზე სულმდაბალ ქცევას გაიგებდა.
- ქეთი ჩვენი ოჯახის მეგობარია... რატომ დაღუპე მისი სული და ცხოვრება? - რეზიმ მაშინ ნახა ინგა პირველად განრისხებული, მზად იყო ადგილზე მოეგუდა. ძალიან გაუჭრიდა ემოციების მართვა, მეტად იყო აღშფოთებული.
- თვითონაც უნდოდა! - უტიფრად, თავხედურად მიახალა სახეში და თვალი თვალშიც კი გაუყარა. სახეში გაარტყა ინგამ.
თითქოს ახლაც კი იგრძნო საკუთარ ლოყაზე მთელ ძალით მოქნეული ხელი, თითქოს ხელახლა აეწვა ლოყა, მაშინ კი ურცხვად შეჰყურებდა სახეში და სურდა დაუნდობლად მიეხალა: ,,ვერ ხვდები, შენ რომ მიყვარხარ?!. და ეს სიყვარულია ამ ბოროტების მიზეზი."
- რატომ ამოტივტივდა ეს ყველაფერი ამდენი წლის შემდეგ, რატომ? - ეკითხებოდა ბერს კელიაში. ხატების წინ ბერის თანდასწრებით ბავშვივით ტიროდა, თავისით მოსდიოდა ცხელი ცრემლები, თითქოს წმინდა ბერს თავისი გულმხურვალე ლოცვით მასში სინანული აღეძრას, რომ გამოეტირა უმძიმესი ცოდვები, რათა ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლებულიყო მათგან... წმინდა ბერს სადღაც სულის სიღრმეში მიჩქმალული, უდიერად მიმარხული ცოდვები ნელ-ნელა ზედაპირზე ამოეტანა და გულში მოეყარა თავი, რათა ეგრძნო ამ ცოდვებით გამოწვეული ტკივილის სიმძიმე... და ცრემლებით განწმენდილიყო! ეგრძნო, რას ნიშნავდა ნამდვილი სინანული! ბერი წმინდა ლოცვებით ეხმარებოდა ახალგაზრდა მამაკაცს თავიდან დაბადებულიყო, განახლებულიყო მისი პიროვენება, გასპეტაკებულიყო მისი უკვდავი სული, დაეხსნა მრავალსახოვანი ეშმაკის ხრიკებისაგან, რომელსაც მისი ცოდვებით დამძიმებული სულის ჯოჯოხეთისთვის გამზადება სურდა.
თავი წამოსწია. მანქანის ძრავა ჩართო. ნელა დაძრა მანქანა ადგილიდან. ბერმა ბევრ რამეს მიახვედრა და მის რჩევებს გაითვალისწინებს. ქალიშვილს საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში მიიყვანს, დაეხმარებიან. ლინდა აუცილებლად დაძლევს ამ განსაცდელს და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, მხოლოდ მოთმინებაა საჭირო! სწავლასაც გააგრძელებს, პროფესიას შეიძენს...
- ჩვენ კი, - აგრძელებს ფიქრს გონებაში რეზი, - ნამდვილი ქრისტიანული ოჯახი ვიქნებით, მე და სალომე ყოველ წირვა-ლოცვას დავესწრებით, ვილოცებთ ჩვენი ქალიშვილისთვის, ჩვენი ლინდასთვის... უფალი მოწყალეა... შეგვინდობს ცოდვებს, ახალგაზრდულ შეცდომებს... ცხოვრებას თავიდან დავიწყებთ, უფალო, თავიდან და მორჩილი ვიქნები შენი...
მიჰქრის მანქანა. მიიჩქარის რეზი თავისი სახლისკენ ახალი იმედებით, ახალი რწმენით, ნუგეშცემული წმინდა ბერის მიერ.