ბელა ალანია საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის მფლობელი, პრემია "ივერიის" წმინდა ილია მართლის ორგზის ორდენოსანი.
* * *
გარეთ ისევ შემოდგომის ამინდია,
ძველებურად გულშიც სევდა ცრის,
თუკი ახლა ყველაფერი გვიანია
და დრო შენზე გადამაჩვევს ფიქრს...
გარეთ ქარი სადეკემბრო ნისლებს წეწავს,
მძინარე ხეს ბოლო ფოთოლს ხდის,
სადღაც აქვე გარინდულა ზამთრის პირი,
სადღაც აქვე მარტოობა ძრწის,
მორჩა უკვე? დავშორდით და დავთითოვდით?
თუ სიყვარულს განშორება ცდის?!
სიზმარ-ცხადში შენი სახე რატომ დამდევს -
ნაავდრალზე გამონათება მზის?!
გარეთ ისევ შემოდგომის ამინდია...
* * *
ვერ მიშველის მზის სხივი,
ვერც სხვა მადლი ზეციდან,
ზაფხულიც რას გამათბობს,
თუკი გულში შემცივდა …
ხმას ჩაიკმენდს, იყუჩებს
ჩემი ახალგაზრდობა,
მეგონა არ დამთმობდა,
მაგრამ აღარ დამზოგა.
არასდროს მინატრია
ოქრო, ვერცხლი, ფარჩები …
სიყვარულით ვსულდგმულობ,
მისით თუ გადავრჩები.
მწვერვალები ცას ისევ
უკოცნიან გულისპირს,
გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს
ერთმანეთის გულისთვის.
კვლავაც წამოწვებიან
მხართეძოზე მინდვრები,
ღამეს ვიწვენ უბეში,
შენით სავსე სიზმრებით.
მთებს ეტრფიან ნისლები
უკვე დიდი ხანია,
მე კი მზეს ვეფიცხები,
მისკენ მიმიხარია.
დავარწიოთ აკვანი
ცას დაკიდულ იმედის,
გამოვფინოთ გრძნობები
გულს რომ წამლობს ისეთი.
ცისარტყელას ხიდებთან
კვლავაც დავთქვათ შეხვედრა,
გახსოვს, როგორ გვინდოდა
მათი ხელით შეხება?!
* * *
ვერ გამოვდექი დროის მეხოტბედ,
არ მინატრია მლიქვნელის ნიჭი,
გაუფასურდა ბევრი რამ ირგვლივ,
დაკარგა აზრი, გაძლება მიჭირს.
ნეტავ რამდენი უნდა ვეწამო,
რომ დაღლილ სულის შევძლო ცხონება,
ვცდილობ და მაინც, ასე მგონია,
არ კმარა მარტო ერთი ცხოვრება.
რა ვუპასუხო, შენი სიმართლით
თავს იტკივებო, ასე თუ მითხრეს?!
როცა სამშობლოს აჭრიან გულ-ღვიძლს,
ჩემი სიცოცხლე რა უნდა ღირდეს?!
ამ ჩემს ცხოვრებას რა უნდა ვუყო
ყოველი დღე რომ მიჩენს თავსატეხს,
თითქოს ჩვილივით ვწევარ აკვანში
ვეღარ ვეტევი, ვლეწავ არტახებს.
ყოფნა- არყოფნის ზღვარზე მატარებს,
არ მთმობს არაფრით სევდის ლაშქარი,
მაგრამ იმედიც არ დააყოვნებს,
გამოწვდილ ხელით ვგრძნობ რომ აქ არის.
შევკაზმე ცხენი, ვერ შემაფერხებს
ყინვა-ავდრებით მკაცრი ზამთარი,
არც იღბალს ვწყალობ, არც უბედობას,
სიყვარულია, მაინც რაც არის …
კალთებს აივსებს ცა მზის სხივებით,
ტყემლის ყვავილიც პეპლებს დაისევს ,
კვლავ ჩემებურად დავღლი სტრიქონებს,
ლექსს შევაგებებ მზიან დაისებს!..
ნეკერჩხლის ფოთლებს შევუშრობ ცვარ-ნამს,
უთუოდ გულში უნდა ვახარო,
რა უნდა მოხდეს, ღმერთო, ისეთი,
მე რომ სიცოცხლე გადამაყვაროს.
* * *
ჩემი ფიქრები ცასთან შეზრდილი
წვიმს და ჭადრებიც დგანან შიშველი …
არ ვიცი, მართლა, სად დავიმალო?!
უმთვარო ღამეც ვეღარ მიშველის.
გამიორგულდა სულ მთლად სამყარო,
დუმილი სულის ტრამალებს იკლებს,
ვერსად ვიპოვე თავშესაფარი,
უწყვეტად ვართავ მოჯარულ ფიქრებს …
წლები სინორჩეს თელავენ ჩემსას,
ზამთარსაც ისე მოეჩქარება …
სად შევეფარო, რომ არ წამიღონ
მოძალებულმა ნიავქარებმა?!
სიმარტოვესთან მაუღლებს წვიმა,
ნუთუ არავის არ ვედარდები?!
გაიფოთლავენ ვიდრე ჩემს ფიქრებს,
გაშიშვლებული დგანან ჭადრებიც.
ჩემი ფიქრები ცასთან შეზრდილი წვიმს …
* * *
იანვრის სუსხი აღარ მაშინებს,
ვიდრე გიზგიზებს გულში ხანძარი,
არც მშველელს ვუხმობ, არც მოსეირეს,
ეს ბრძოლა, ზუსტად ვიცი, რაც არის!
როგორ ვეჩვევით და ვუძლებთ კიდეც
გამუდმივებულ ამბებს სიკვდილის.
ჭირისუფლობას იჩემებს ეშმა,
გავეშებული ყურში მიწივის.
ვერ გავერიდე წარსულის ლანდებს
ჩემთან რომ დარჩნენ, არ იქცნენ ფერფლად.
მკერდში ჩამიდნა მტკივანი გული,
ზოგჯერ მგონია, აღარც კი ფეთქავს.
ვერ გამოვლიე თალხი სიზმრებიც,
სარეველებით რომ მივსებს მინდვრებს,
ვერც მოყვრად მოსულ მტრებს გავერიდე
და მათთან ერთად ცხოვრება მიწევს.
მაგრამ ხომ არის სულის სვენება,
უკუნის მნათი ციდა ლამპარი?!
არც მშველელს ვუხმობ, არც მოსეირეს,
ეს ბრძოლა, ზუსტად ვიცი, რაც არის!
* * *
დავიღალე ძალიან, ვერ გავიგე რა მინდა