- მაგრამ ადამიანი წყვეტს თავის ბედს. მომისმინეთ, რა გითხრათ. საშინელი სამსჯავრო სასწორის სახით კი არ უნდა წარმოდგინოთ, რომ ერთ მხარეს კეთილ საქმეებს დაალაგებენ და მეორეზე - ბოროტს. ეს არი არის სწორი. შედეგებით განისჯება. აი, ღრმადპატივცემულო ადამიანო, შენ მოგეცა ცხოვრება, ასეთი ეროვნება, სქესი. მოგეცა კეთილგონიერება, მეტყველება, სკოლა, მეგობრები. ყველანი სხვადასხვა ხასიათების იყვნენ, ზოგი კარგი, უარესი, სულაც წახდენილები, მაგრამ შენ აირჩიე ვისთან იმეგობრებდი. მშობლები რაღაცისკენ მიგითითებდნენ, საკუთარ შეცდომებს გიჩვენებდნენ, რაღაცაზე თვალს დახუჭავდნენ. არც მშობლები არიან უშეცდომონი, პირნათლად ვერ ასრულებენ მშობლის მოვალეობებს, რადგან მათ საკუთარი მოსაზრებები აქვთ ცხოვრებაზე. ადამიანები საკუთარი თავისთვის კომფორტის მოწყობას ცდილობენ. ქრისტეს კი სურს ადამიანი გმირული ქცევისთვის განაწყოს. აბა, დაუკვირდით, ქრისტე როცა მოვიდა დედამიწაზე, იყო სრული ადამიანი. მან თავისი ცხოვრებისთვის რამე გააკეთა? არც კი მიილტვოდა ამისკენ. მთელი მისი მოღვაწეობა შეადგენდა ადამიანის სამსახურს: გაენათლა, ემკურნალა, გამოეკვება, აღედგინა მკდვრეთით. მრავალი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. და სამაგიეროდ რა მიიღო? ჯვარცმა! მასხრად იგდებდა ხალხი, ხალხს რა შეუძლია შემოგთავაზოს? ხალხი ხომ უმადურია, ბოროტი?!. სიკეთე არ ახსოვს, რაც არ უნდა გაუკეთო ადამიანს, ის მაინც უმადური არსებაა. ასეა ყველგან პოლიტიკურ სფეროშიც, საზოგადოებაშიც, გლეხობაშიც. უმადურობა დიდი ცოდვაა! დღეს ადამიანები საკუთარი თავისთვის შრომობენ. ქრისტეს კი სურს, რომ ადამიანი იყოს კეთილი, მადლიერი და სხვებისთვის მზრუნველი არსება. და ადამიანი, პირველ რიგში, უნდა მადლობდეს უფალს ყველაფრისთვის, რაც გააჩნია. ამიტომ უწოდა მთავარ ღვთისმსახურებას ,,ევქარისტია", ესე იგი ,,მადლიერება", რათა ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ ყველაფრისთვის მადლობდნენ უფალს, რომელმაც სიცოცხლე გვიბოძა. შექმნა ჰაერი, წყალი, მცენარე, ცხოველები და თევზი. მშვენიერია დედამიწა, რომელიც, თუკი მოვინდომებდით, შეგვეძლო სამოთხედ გვექცია. ჩვენ კი თვითონ ვაქციეთ ჯოჯოხეთად და ყველაზე საშინელი ამ ჯოჯოხეთში - ჩვენი ოჯახური ურთიერთობებია, სადაც ერთმანეთი სძულთ. ოჯახი პატარა სახელმწიფოა და თუ ამ პატარა სახელმწიფოში არ არის სიმშვიდე და ვერ ვამყარებთ წესრიგს, მაშინ როგორღა დავამკვიდრებთ წესრიგს და სიმშვიდეს საზოგადოებასა და დიდ პოლიტიკაში, ანუ სახელმწიფოში? ერთმანეთის მიხედვა და მოვლა უნდა შეგვეძლოს დაწყებული ოჯახიდან. თუ სიბნელეში ვარ, ხელი გამომიწოდე, გამომიყვანე სიბნელიდან, თუ მშიერი ვარ საჭმელი მომიმზადე და დამაპურე და თუ მცივა, გამათბე. თუკი მოინდომებს ადამიანი, ადვილია სიკეთით ცხოვრება. ვალდებულებაა! ცოლ-ქმარი ერთმანეთთან ვალდებულია, თან თუ ჯვრითაა შეკრული, შვილო. ერთმანეთის მიმართ გაწეული შრომით მადლიერნი უნდა იყვნენ. ოჯახი, გაერთიანებული სულიერი და ფიზიკური ძალებით, მყარი და ძლიერია. მას ვერანაირი ბოროტება ვერ შეძრავს და დაანგრევს.