იტვირთება...

შენთვის ვიცოცხლებ...

ეკატერინე ავაზაშვილი

912 ნახვა
4.25
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ეკატერინე ავაზაშვილი არის მწერალი, ვინც პრემია „ივერია“ - სთან ერთად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და გაცნობის ეტაპებთან ერთად მეტად ღრმად გათავისდა ჩემს სულიერ სამყაროში. სიკეთისა და სიყვარულის უზომო გამოვლინებები ახასიათებს მას და, რა თქმა უნდა, თავისი ნაწარმოებებით, რომელიც დაფუძნებულია სულიერ ხედვებზე, ჩემზე დამაფიქრებელ შთაბეჭდილებებს ახდენს. თავის პროზაულ ნაწარმოებებში ადამიანთა ცოდვებზე საუბრობს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ გარეთ გამოტანა იმ დაფარული, სულის დამღუპველი ფიქრების, ქცევების, შეცდომების; არამედ ერთგვარ ნუგეშს გგვრის იმ სულიერი წამლობით, რაც ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანობას უდევს საფუძვლად და კურნავს ცოდვებს. თავისი შემოქმედებით თითქოს მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს სინამდვილეში ღმერთის მოყვარე ადამიანი და ზრუნავდეს სულის მარადისობაზე. მის ტექსტებში კიდეც ქვეტექსტებია, რაც გააზრებას საჭიროებს. იმისი თქმა მსურს, რომ მათში არ არის მარტოოდენ ადამიანის ისტორია, რაღაც ამბავი, თხრობა, მასში ძარღვიანი ცხოვრებაა, დამრიგებელი და მნიშვნელოვანი წმინდანების რჩევებით... სერაფიმა სალმასო პოეტი
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ტკივილით იწერებოდა ყოველი აზრი გონებაში, ლაგდებოდა წინადადებად, იშლებოდა და ახალი იბადებოდა სანამ სიტყვის მიერ მორიდებულად და შიშნარევად გაჟღერდებოდა. ზურგით იჯდა მისგან ხელებზე თავჩამოდებული და ერთი შეხედვით დაღლილი თვლემდა ბათა. იცოდა, რომ მას მხოლოდ მიელულა თვალები, დიმიტრის ოთახში შესვლაც ეგრძნო და არ იმჩნევდა, რადგან გასვლა რომც მოეთხოვა, არ გავიდოდა. ვერაფერი აიძულებდა მის მიტოვებას, სანამ არ ეტყოდა სათქმელს, არ მოუსმენდა ის... ის... მან ერთადერთმა იცოდა რა ადგილი ეკავა სულის სამეფოში, იმ სახელმწიფოში, რომელიც მარტოოდენ მისთვის შექმნა და ძე ხორციელმა არ იცოდა მისი არსებობის შესახებ. იმ სამეფოში თავად იყო მეუფე, მბრძანებელი, შემსრულებელი, მორჩილი მოსამსახურეც. გამწვანებულ, ბულვარად ქცეულ სამთავროში მხოლოდ ეს ორი ადამიანი ცხოვრობდა, როგორც ადამი და ევა, პირველქმნილნი. დიმიტრის ასე იმიტომ ეწადა, რომ სუფთა, შეუცოდველი, სპეტაკი ყოფილიყო მის წინაშე, ამიტომ მისი მორჩილება განსაკუთრებით მოსწონდა; იმიტომ არა რომ ვაჟკაცობა ნაკლები ჰქონდა, სიყვარული გააჩნდა საზღვრის გარეშე, კედლის გარეშე, უკიდეგანო, უსიგრძო-სიგანე და მზისებრ ნათელმოსილი... მაგრამ რეალურ ყოფაში ვერ გამოვიდა ამდენად მართალი, რომ ასე ზურგით არ მჯდარიყო მისგან ბათა საკუთარ საწუხარში დაბნეულად მოგზაური, ფიქრებისა და აღრეული გრძნობების ბადეში ჩაკვანძული, გაუგებარ ფორმულად ქცეული, ხან ყინულივით რომ ლღვებოდა და ამავდროულად ახალ აისბერგს წარმოქმნიდა სასტიკი შეფასებები და წყენა ახალგაზრდა კაცის მიმართ. ამ მეგზურს ახლა არ სურდა მისთვის და მისით სიცოცხლე. თავის გზაზე იმდენი ომი გადაეტანა, რომ ნაადრევად შევერცხლოდა ჯანსაღი სული და ნაოჭებსაც მრავლად მოეყარა თავი. ხოლო თითო ნაოჭი განსაკუთრებულ ისტორიას ქმნიდა მასთან დაკავშირებულს და ჩაშლამდის განწირულები სასწაულებრივად გადარჩენილან. იქნებ, ახლაც გადარჩეს მათი ურთიერთობა, ნაკლებად აქვს ახლა ამისი იმედი, მაგრამ უნდა სცადოს! სიყვარული რომ გადაარჩინოს, უკანასკნელი ძალ-ღონე უნდა მოიკრიბოს... იმ ეპოქაში დაიბადა ბათა, როდესაც სიტყვას განსაკუთრებული წონა ჰქონდა, რადგან მასზე იყო დამოკიდებული ადამიანის მომავალი ცხოვრების ბედ-იღბალი და ზრდილობის ხარისხიანობა. მეტად ცუდ ტონად თვლიდნენ უფროს ადამიანთან შეპასუხებას, საწინააღმდეგო აზრის გამოხატვას, რადგან წლებმოყრილმა გამოცდილებით მეტი იცოდა და მის სწავლებას უნდა მორგებოდა. მორჩილისებრი მდუმარება მთლად საუკეთესოდ წარმოაჩენდა მოზარდს, მორჩილება ხომ ყველას მოსწონდა?!. მხოლოდ ებრძოდნენ დედა-ეკლესიას და ყველა სამლოცველოს კარი დაიხურა, კედლებიც კირით შეიღება, წმინდა ტაძარი სათავსოებად იქცა და ფრესკებიც ჩამოიფხიკა. მაშინ მართლმადიდებელმა რუსეთმა ანტიქრისტეს როლი საუკეთესოდ მოირგო და ჩამოსახლებულ-დამკვიდრებულებმა საკუთარი უწმინდური, აგრესიული ბგერებით წაბილწა ქართული ზეცა. ერთხელ დედაქალაქში ჩასულს ჯერაც მოუმწიფებელ ბავშვს თავი რუსეთის ქალაქში ეგონა, მხოლოდ აქა-იქ რომ ესმოდა მის ყურს მადლიანი ქართული სიტყვა, ისიც დედისაგან და ბებიის დისაგან წარმოთქმული. მაღაზიაში საყიდლებზე რომ შევიდნენ, ქართველი გამყიდველი რუსულ ენაზე ესაუბრებოდა მყიდველებს და დედამისმა, ვისაც წარმოთქმაც კი არ შეეძლო ამ რბილ ენაზე არც ერთი სიტყვისა, ბუზღუნითა და ჩხუბით გამოვიდა შენობიდან. ასეთი იყო იმდროინდელი განათლებული საქართველო, თუმცა ქართველ კაცის შეუპოვრობისა და ვაჟკაცობის ამბავი ხომ ცნობილია, ხალხი მაინც ახერხებდა შვილების მონათვლას, დაიპარებოდა აღდგომის დღესასწაულებზე და წმინდა სანთელსაც ანთებდა, საკუთრივ შედგენილი ლოცვით მიმართავდა უფალს, ლოცვის წიგნები მღვდლებსაც კი უჭირდათ. დიდი ამბავი თუ ვინმე ერში მოღალატე დაინახავდა მას, საჭირო ადგილას იტყოდა და მანდატს ჩამოართმევდა. ერთი დიდი ჯოჯოხეთის საშვი იყო კომუნისტების მანდატი და მეტი არაფერი, ისევე როგორც დიდი ლენინის ტომეული წიგნები, მაკულატურაში რომ აბარებდნენ თანამედროვე ქართველები, როგორც უსარგებლოს ანდა ცეცხლში წვავდნენ საშინაო ბიბლიოთეკის გასაწმენდად. თავად რუსეთის დიდ ბელადს კი მიწაც არ აღირსეს, ამოიღებდნენ თავისი სარკოფაგიდან, განბანდნენ, ახალ ტანსაცმელს ჩააცმევდნენ და რუდუნებით ჩაასვენებდნენ. ყოველ ბნელ ძალას როდი ჰქონდა ასეთი გაკერპების შესაძლებლობა და თან ყარაულსაც მიუჩენდნენ, გაგონილი ჰქონდათ, კერპში ეშმაკის სული თუ ჩასახლდებოდა, სიარული და გაქცევა შეეძლოო... მას კი ბუნების კანონის თანახმად მიწად მიქცევა სურდა მიწისაგან ნაძერწს და ვერ გაუგეს უღმერთოებმა. თავად უკვე ღმერთიც ჰყავდა ნანახი და მის სიდიადეშიც დარწმუნდა, წმინდანთა დასიც მოიხილა და ზეციური ტკბილი საგალობლებიც ესმა, მაგრამ რაღა შეცვლიდა მის ყოფასა და მარადიულ გეჰენიას. სული ცეცხლში ექცეოდა, ხოლო ხორცი ქიმიურ ხსნარში, უღირდა ამ წუთიერ სოფელში ასეთი ამბიციები?!. მართლაც რომ დროებითი ყოფილა ეს ყოფა! მაგრამ მაინც ვერ აპატიებდა ისტორიას ბათა ის ჟამს, როდესაც ლენინის ლექსებზე ზრდიდნენ თაობებს და გაუგებარი სიტყვების დაზეპირებას აიძულებდნენ, ქართულ ენას ართმევდნენ. თუმცა საქართველოში ვიდოდა ერთი "სულელი" ბერი, რომელმაც ლენინის უშველებელ პორტრეტს მოულოდნელად ცეცხლი წაუკიდა: "დამპალს დიდება ვინ მისცა, დიდება ხომ ქრისტე-ღმერთს ეკუთვნისო...", ვერ აიტანა რუსთაველის პროსპექტზე პირველსამაისო პარადის დროს დიქტორის ხმა: "დიდება დიდ ლენინს!" მართლაც, რამხელა მკრეხელობა იყო! წმინდა ბერს ვინ აპატია მერე ეს საქციელი, ყბები და ნეკნები ჩაუმტვრიეს კომუნიზმის ერთგულებმა, მისი დახვრეტის ბრძანებაც კი გასცეს, მაგრამ ღმერთი წყვეტს საბოლოოდ კაცის ბედს! ამ "სულელმა" კი იწინასწარმეტყველა სოდომიტელთა და ურჯულოთა მომრავლებაზე, ერის ერთი ნაწილის უკიდურეს ზნედაცემულობაზე, ლაზარე-საქართველოს დაშლაზე, საყოველთაო მარაზმზე, უკანასკნელ მსოფლიო ომზე, ბოროტების აღზევებაზე, ახალი მსოფლიო სახლის შექმნაზე, იერუსალიმში ანტიქრისტეს დაბრძანებაზე, ქართველი მართლმადიდებლების უკანასკნელ სარწმუნოებრივ გმირულ სულისკვეთებაზე, სხვათა შორის, რუსეთის საბოლოო დამსხვრევით საყოველთაო წყვდიადის ჩამოწოლით ქვეყნიერებაზე და თავად ქვეყნიერების აღსასრულზე... მოკლედ, ფიქრი ძალიან გაექცა ბათას და ასეთი კი იყო ის ეპოქა, ბნელი და მცდარი. ჰოდა, ბედის დაცინვა არ იყო, როდესაც ქრისტიანულმა რუსეთმა ქრისტიანულ საქართველოს მაგარი მათრახები ურტყა და ტერიტორიებიც ურცხვად ჩამოართვა, დაამცირა, ენა და კულტურა შეუგინა, მამა-პაპური გვარები გადაუკეთა, მათი ქალები შეყვარებულმა კაცებმა ცოლებად აისხეს და შვილები გააჩენინეს?!. ანდა სულაც დიდი რუსეთის მკვიდრნი შეიქნენ მატერიალურად სრულყოფისთვის და საკუთარი ჯიში გადააგვარეს?!. ჰოდა, ახლა დიმიტრი რუს ქალთან ფლირტში გამოიჭირა და მასთან დარჩენა ამჯობინა, როდესაც შესთავაზა მიეტოვებინა საბანკეტო დარბაზი და ერთად დაბრუნებულიყვნენ სოფელში. ცნობისმოყვარე სახეები მიაჩერდა მათ, გადაწყვეტილების მიღებამ ერთნაირად დაიპყრო საზოგადოების ნაწილი, ის კი დაბნეული იდგა ორ ქალს შორის და საერთოდ არ აპირებდა არჩევანის გაკეთებას. იგრძნო ბათამ ვალში იყო დიმიტრი ქ-ნი ვერას წინაშე, მისი ემართა და ვერ მიატოვებდა, რადგან მაშინ იმ კეთილდღეობას უნდა გამოსთხოვებოდა, რის შექმნაშიც დაეხმარა...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
შენთვის ვიცოცხლებ...
გამოცემის თარიღი:
2023
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
912
რეიტინგი:
4,25
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
4.25
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [0]