საქართველო - ჩემი სახლია! ჩანთამოკიდებული მძიმე ნაბიჯებით მიდის სკოლისაკენ. მეხუთე კლასის მოსწავლეა ცოტნე, წითელღაწვება ბიჭი. თავის ასაკთან შეუსაბამოდ სერიოზული და გულჩათხრობილი. მისი მწვანე თვალებიდან ღრმა წუხილი გამოსჭვივის, თითქოს, საცაა თვალთაგან ცრემლები ჩამოუგორდებაო. ტუჩის კუთხეები ნაწყენი ადამიანივით ქვემოთ აქვს დახრილი, თითქოს, უხმოდ ფსრუკუნებსო, ან თავს ებრძვის, ტირილი არ წასკდესო.
უთოვლო ზამთარია, მშრალი ყინვით. შეშის ჭრისაგან დაკოჟრებული თითები და ყინვისაგან დამსკდარი ხელები აქვს. განთენიისას ადგა, რომ დედისთვის ცოტაოდენი დაჭრილი შეშა დაემზადებინა, გაზეთის ფურცლებით ჟანგისაგან შეჭმულ-დაჩვრეტილი ღუმელი აენთო, რომ მასზე უმცროს ოთხ დედა-მამიშვილს მატარებლის ვაგონ-ოთახში სითბო ჰქონოდა. მამამ ვეღარ გაუძლო ხუთ დამშეულ, ატირებულ ბავშვს და ერთ დღესაც "სახლი" მიატოვა, ღვთის ანაბარა დატოვა მიუსაფარნი. ცოტნე კი ყველაზე უფროსი "მამაკაცი" აღმოჩნდა ოჯახში და მუდმივად აწრიალებულ დედას თავისი შესაძლებლობებით საქმეებში ეხმარება. ძლივს კვებავს ოჯახს დედამისი. გალეულია ასმათი, თავის დროზე საკმაოდ კარგი შესახედაობისა და ფერ-ხორციანი ქალი, მაგრამ... თავად ცოტნე ქალაქის გარეუბნებში ჯართს აგროვებს და ცოტაოდენ ფულს შოულობს.
დაუბანელი ხელები ჯიბეებში ჩაიწყო გასათბობად. ტანზე შეჭუჭყული, ფერდაკარგული მოკლეწელიანი ქურთუკი და ძირშემორღვეული დაბალყელიანი ფეხსაცმელი აცვია. სახელმძღვანელოებით დამძიმებული ჩანთა მოიხსნა და იქვე გზის პირას ხის სკამზე დაჯდა. არ ესმოდა, რატომ აიძულებდა დედა ყველა წიგნის ტარებას, როდესაც მშობლიურ ენაზე წერა-კითხვაც კი ძლივს ისწავლა მისთვის სპეციალურად შედგენილი სასწავლო პროგრამით?!. არ მოსწონდა დედამის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან შემოკლებით, სპეცსაჭიროების მქონე მოსწავლეს რომ უწოდებდნენ ცოტნეს. გაჭირვებით მივიდა იმ მტკივნეულ აღიარებამდე, რომ ჩვეულებრივი საპროგრამო მასალის დაძლევა მისი საყვარელი ვაჟისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენდა. ცოტნეს არაფერი გაეგებოდა ამ ტერმინოლოგიისა და არც ჰქონდა მისი გაგების მოთხოვნა. მას იმისი გააზრება შეეძლო, რომ მისი თანაკლასელებისთვის გასაგები, მისთვის გაუგებარი იყო; რასაც ყვებოდნენ გაკვეთილზე, წერდნენ დაფაზე ან რვეულში, მისთვის უცხო იყო. სამაგიეროდ, სიხარულით ივსებოდა ლია მასწავლებლის დანახვისას, ვინც თავის "საკუთრებად" მიაჩნდა და იმ საყვარელ ოთახში უტარებდა დამატებით გაკვეთილებს მისთვის გასაგებ ენაზე, რომელსაც "რესურს ოთახი" ეწოდებოდა. აქ ჰქონდა ზღაპრებისა და მოთხრობების დიდი ილუსტრირებული და ხმოვანი წიგნები, რომლებიც თავად უყვებოდნენ საინტერესო ამბებს; ჰქონდა მაგნიტური ფერადი ასოები და ციფრები, გეომეტრიული ფიგურები, საქართველოს ასაწყობი ფაზლი-რუკა და უკვე შეეძლო მისი აწყობა საქართველოს კუთხეების მიხედვით და ლექსებიც იცოდა ზეპირად.
ლია მასწავლებელს მისთვის ქაღალდის ხელსახოცები ჰქონდა. საპირფარეშოში შეჰყავდა, თავად დაბანდა ხელ-პირს, შეუმშრალებდა, თბილად შეჰღიმებდა და თვითონაც გაუღიმებდა. სავარცხელიც კი ჰქონდა მისთვის შენახული, ქარისაგან აწეწილი თმა რომ დაევარცხნა. ტანსაცმლიდან მტვერს და ჭუჭყს სველი სურნელოვანი ხელსახოცით გაუწმენდდა და შემდეგ ისე დასვამდა სამეცადინოდ.
- მიყვარს ჩემი ლია მასწავლებელი. - ხმამაღლა გაიფიქრი.
- რა თქვი?- გვერდით გოგონა ეჯდა. ვერც კი შენიშნა, როდის დაჯდა მის გვერდით პატარა ლამაზი გოგო, მისი ასაკის.
- შენ ვინ ხარ? - მორიდებით ჰკითხა ცოტნემ და გაწითლდა, თითქოს, კითხვის დასმის შერცხვაო. მასთან დიდად არ მეგობრობდნენ სკოლაში, უფრო თავისთვის იყო ხოლმე.
- მე ლედი მქვია, შენ?
- ლედი? - გაკვირვებით იკითხა.
- ხო, ასე მეძახიან. შენ რა გქვია?
- მე ცოტნე. - ლედისკენ თვალი გააპარა. გოგონას ლამაზად და სუფთად ეცვა: - მარტო ხარ?
- კი. აქვე ახლოს ვცხოვრობ და სკოლაში თვითონ დავდივარ. - ერთ სკოლაში უსწავლიათ.
- შენ სად ცხოვრობ? - ჰკითხა ლედიმ.
- მე... - დაიბნა ცოტნე. რა უთხრას? იგრძნო, ის, ლედი, სხვანაირია, ისეთი, როგორც მისი კლასელები და არა თავადმისნაირი, თანასწორი... ის ანათებდა, თვითონ კი... შინაგანი გაუაზრებელი სევდა მოაწვა, ალბათ, მალე ლედიც აღარ დაელაპარაკება, როცა აღმოაჩენს, რომ სხვანაირია... და როგორი სხვანაირია? არ ესმოდა ცოტნეს საკუთარი სხვანაირობის, რატომ იყო გამორჩეული.
- მე სახლი არ მაქვს. - ჩუმად უპასუხა ცოტნემ.
- როგორ? სახლი ყველას აქვს ?!.. - შეიცხადა ლედიმ. - იცი, ჩემი თამარი მასწავლებელი ამბობს, რომ საქართველოა ჩვენი ყველას სახლი და ქართველობა ერთი დიდი მთლიანობა. - ხელები ფართედ გაშალა და ჰაერში დიდი წრე შემოხაზა თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად. - ქართველები კი ერთმანეთისთვის და-ძმანიო და სიყვარული ყველაზე მთავარია ერთმანეთის შესანარჩუნებლადო.
კარგად ვერ გაიგო ლედის სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ გულში სიხარული იგრძნო, სულს ეამა და ლედი მოეწონა, სითბო, მეგობრობა უგრძნო ტანმა.
- ჩემი მამა გმირულად დაიღუპა საქართველოს დაცვისთვის ბევრი