არაფერი ამიხდეს ცუდი
I
პატარა ქალაქში ვცხოვრობ. ჩემი ქალაქი მწვანე და კეთილია, რადგან კარგი ადამიანები ცხოვრობენ. მათ სიყვარული ამოძრავებთ და ყოველ დილით გაბადრული სახით ესალმებიან ერთმანეთს: "მშვიდობა შენდა!".
"- მშვიდობა!"- ღიმილითვე პასუხობენ. თითქოს, ჯადოსნური სიტყვააო, მთელი დღე მშვიდობიანი აქვთ.
ჩემი ქალაქი მზიანი და ნათელია, იმდენად ბევრი მზეა, რომ ყველას ჰყოფნის: მცენარეებს, ფრინველებს, ცხოველებს და ადამიანებს. გაგიკვირდებათ და დიდი მეგობრობა აქვთ ცხოველებს და ადამიანებს. ერთმანეთის არ ეშინიათ, პირიქით, დახმარებასაც კი უწევენ. განსაკუთრებით, როდესაც ხალხმა მიწა უნდა დაამუშაოს ბოსტნეულისა და სხვა სასარგებლო მცენარეების მოსაყვანად. აღებული მოსავლიდან ცხოველებსაც უნაწილებენ საკვებს და ასე უმტროდ ცხოვრობენ.
დილაობით ფრინველების გალობა მაღვიძებს. კვირა დღე მიყვარს, რადგან ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობს ჩემი ოჯახი და ზარების აწკრიალებული ხმის მოსმენა ძალიან მიყვარს. მთელ ქალაქს ახსოვს, კვირა დღე ღმერთს რომ ეკუთვნის, არ დააგვიანებენ წირვა-ლოცვაზე დასწრებას. ყველა ადამიანი საქმეს გადადებს, მადლიერების ნიშნად ძღვენს მიართმევს უფალს, რომ ახალი დღე გაუთენა, დღეგრძელობა მომადლა, ენერგიულად აშრომა, კარგი მოსავალი მისცა, თავის დროზე გაუგზავნა წვიმა და სითბო, გაუმრავლა ოჯახი და ჯანმრთელობითაც დაასაჩუქრა. სრულიად ჯანმრთელია ქალაქი, ექიმიც კი არ არის საჭირო. თუ ვინმეს რამე პრობლემა გაუჩნდება, ლოცვებით მკურნალობენ. ჩვენს ექიმს საქმე რომ არაფერი ჰქონდა, სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, იმათთან, ვისაც მისი საჭიროება ჰქონდათ. "ღმერთის ქალაქი" უწოდა ხალხმა თავის საცხოვრებელ ადგილს. უფლის დანაბარებს პირნათლად ასრულებენ. უფალი კი რას ითხოვდა ჩვენგან? ბევრს არაფერს - ერთმანეთი გიყვარდეთ, არაფერი აწყენინოთ, აპატიე, თუ მაინც რამე დააშავა, სწორად ვერ მოიქცა, გულმოწყალება გამოიჩინე და დაეხმარე დაბნეულს, შეცდომილს სწორ გზაზე დადგესო. ჩემი ქალაქი შიშველს ტანსაცმელს აძლევდა, მშიერს-დააპურებდა, შეციებულს გაათბობდა, ღვთის სიბრძნით აავსებდა და გულშიც ერთი მაგრადაც ჩაიხუტებდა. ასეთი იყო ჩემი ქალაქი, არავინ არავის ვნებდა, ბოროტებას არ გაუკეთებდა.
ერთხელ ქალაქში უცხო შემოვიდა. დაჭრილი სხეულიდან სისხლი სდიოდა. ჩვენს ენაზე საუბარი უჭირდა. თურმე ზღვით მოდიოდა ქართველების ქვეყანაში დიდი მისიით. მოგზაური მისიონერი ყოფილა. ზღვაში მეკობრეები დასხმიან თავს, გაულახავთ, წაურთმევიათ, რაც ჰქონია, რაღაც რუკები და კვლევები, გეგმის ქაღალდები და ყუთები. იმ ყუთებში კი ბევრი თხევადი წამლები და ერთჯერადი ახალი სახეობის შპრიცები ყოფილა. ძლივს მოუღწევია ნაპირამდე და ტყე-ტყე სიარულში ჩვენს ქალაქამდე მოუღწევია. წუხდა წამლების გამო, მაგრამ ჩემმა ქალაქელებმა დაამშვიდეს, დაბანეს, ჭრილობები მოუშუშეს, მისთვის ილოცეს და შეიფარეს. აბა, გაჭირვებულს და მიუსაფარს, უცხო ქვეყანაში დაკარგულ კაცს როგორ არ დაეხმარებოდნენ?!.
II
ახალგაზრდა უცხოელი კაცი მალე გამომჯობინდა. სარწმუნოებით ქრისტიანი არ იყო, მაგრამ ჩემი ქალაქელი ახალგაზრდა, ლამაზი, ნიბლია ქალიშვილი შეუყვარდა და ცოლად შეირთო. გოგონა შეეძინათ. ის, ელეონორა ჩემი მეგობარი გახდა. უცხოურ გვარს ატარებდა. სკოლაში ერთ მერხთან ვისხედით და მთელ დროს ერთად ვკლავდით მეცადინეობასა და საუბრებში, წიგნების კითხვაში, მერე ჩვენებურ განხილვაში.
ცოტა ხნის წინ ცხრა წელი შემისრულდა და უკვე დიდი ადამიანი მეგონა საკუთარი თავი, რადგან საკუთარი აზრები და შეხედულებები გამაჩნდა:
- მამამ თქვა, მალე ჩვენი ნათესავები ჩამოდიან საზღვარგარეთიდანო. სტუმრებს ველოდებით.- სიხარულით მომახსენა ერთხელ ელეონორამ. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც არ გამიხარდა, უცნაური სევდაც კი მომაწვა გულზე:
- რისთვის ჩამოდიან? - ცივად ვკითხე.
- ჩვენს გასაცნობად. მამას ოჯახი ხომ უნდა გაგვიცნონ?!.
- დიდხანს დარჩენიაბ?
- არ ვიცი. რა არის რომ?
- არაფერი! უკან რომ წავლენ, თქვენც წაგიყვანენ?
- შეიძლება დარჩნენ, როგორც მამა დარჩა.
- რისთვის? მათ ხომ აქვთ საკუთარი სამშობლო, აქ რატომ უნდა დარჩნენ? რა ესაქმებათ ჩვენს ქალაქში?