ლიტერატურული სერია “ილიონის” მე-2 წიგნი "წამებს ვაგროვებ, ასი წლის შემდეგ თან რომ წავიღო..." საიუბილეო გამოცემას წარმოადგენს, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო გაერთიანება "ქართველი"-ის დამფუძნებელს იოანე ქართველს. მის შესახებ მრავალი საინტერესო სიტყვა დაიწერა და ითქვა, ინტერვიუები ჩაიწერა ტელეგადაცემებსა და ინტერნეტჟურნალებში, პრესაში. მოკრძალებულად თანამონაწილეობს ქართული კულტურის ცხოვრებაში. თავის სათქმელს უბრალოდ, მარტივად, სადად და ემოციურად გამოხატავს.
იოანეს პოეზიას საკუთარი მელოდია აქვს, რომანსის ჰანგებითაა აჟღერებული. როგორც ამბობენ, პოეზია "უფრო ლურჯი ფრინველია, რომელსაც ან მოიხელთებ, თვალს გააყოლებ, ან სულაც არ შეამჩნევ." ვინც მის პოეზიას მოიხელთებს, გულგრილი ვერ დარჩება და სურვილი დაეუფლება ლურჯი ფრინველი დაისაკუთროს.
შეიყვარა ხალხმა თავისი სიმღერებით, პოეზიით, განხორციელებული როლებით, ურთიერთობებით. ყურადღება, სიყვარული ხალხისაგან - ეს ხომ ისეთი ფასდაუდებელი, გაუხუნარი ემოცია და გრძნობაა, რითაც საზრდოობს შემოქმედის სული და განწყობა, რითაც ცოცხლობს და იკურნება ცხოვრებისეული მანკიერებებისაგან და იოანე ამის გამო ბედნიერი და მადლიერია!
მის შემოქმედებაში პოეზია იქნება ეს, თუ ლიტერატურული ლირიკული ჩანახატები, ხშირად გვხვდება ყოველი ადამიანის მიერ განცდილი და გამოხატული სიტყვებითა და ფრაზებით: მარტოობა, მოგონება, დარდი, უგზო-უკვლოდ უმისამართოდ ცარიელ ქუჩებში მორბენალი ქარი, თავსხმა წვიმა, უძლური სიჩუმე, ფოთლებთან ლოდინი, წყვდიადი, მონატრება; ტყის პატარა სახლი, სადაც გიზგიზებს ბუხარი, ტრიალებს ასკილის ჩაის სურნელი, დაორთქლილი მინიდან ლივლივებს თითით მოხატული გული და თოვლი, ბევრი უმწიკვლო, შეურყვნელი თოვლი; ტყე, თოვლი და სიმარტოვე, მოგონება სიყვარულზე, რომელიც არაერთგზის იდევნება მისი მგრძნობიარე, დაღლილი სულიდან, მაგრამ უკანვე უბრუნდება გაუცრეცავ გრძნობებს, ზღვასავით მღელვარე გულს. მხოლოდ მაშინ რწმუნდება და აღიარებს, რომ სინამდვილეში ვერასოდეს თავისუფლდება სიყვარულის შეყრილი სენისაგან, ტკივილისა და ტანჯვის მიუხედავად. თავად ეს ტკივილი ისეა თანაშეზრდილი, შესისხლხორცებული მასთან, რომ ჰგონია, ეს არის მისი ცხოვრების მთავარი განაჩენი და ხიბლი, ერთდროულად უბედობა და ბედნიერება. ამბობს:" გადავივიწყე დრო მზეებში გაავდრებული, ისევ გავაღე გულში ძველი ფიქრის ფანჯარა..."; ან "... მე რა მომაწყენს, ვიდრე ჩემს გულში გაზაფხულია, მზის ყველა სხივში მისი სუნთქვა, მისი სახეა; იყო, არის და მერეც, ვიცი, ასე იქნება..." არ ეთმობა საკუთარი გრძნობა, ვერასგზით ტოვებს და მოსავს ფერადი ოცნებებით, უკვდავყოფს საკუთარ არსებაში და ერთ მთლიანობად გარდაქმნის. არა აქვს მნიშვნელობა, ის ფიზიკურად არის თუ არა მასთან, რადგან მზის ყოველ სხივში მისი სახე ჩნდება და მისი სუნთქვა ესმის. მისი გული კი მრავალგზის შეყვარებულია და მარტოოდენ თავად უწყის მათი, შეყვარებულთა სახება და იდუმალება...
"წამებს ვაგროვებ, ასი წლის შემდეგ თან რომ წავიღო, რადგან არ მინდა არც იმ ქვეყნად უიმისობა..."- პოეზიით სიყვარულის ასე გამოხატვა მხოლოდ რომანტიკოსების ხვედრია, მათთვის გრძნობები და წარმოსახვა სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესია, საკუთარი განცდები და ემოციები მკითხველამდე ემოციურად მიაქვს და აისახება მის სულიერ ცხოვრებაზე.
ლირიკულ ჩანახატში ამბობს:"მინდა ლექსის სტრიქონებში უკვდავებად გარდაგსახო, ანდა სულაც, ჩანახატში შევასხა ფრთა ჩემს ოცნებებს, შენსას ჩემში მყოფს ყველაფერს, რაც ჩემია..."- სწორედ ამიტომ ვუწოდებ მის ლიტერატურულ ჩანახატებს ლირიკულს, სინამდვილეში, რომანტიკული პოეზიის სულის გაგრძელებაა, პროზად თქმული.
მთელი მისი შემოქმედება, როგორც ხდება ხოლმე პოეტების ცხოვრებაში, ერთგვაროვანი ავტოპორტრეტია, სულიერი ცხოვრება.
ეკატერინე ავაზაშვილი