ზეაიწია და მიფრინავს. ტაძრის შიგნით და გარეშემო უამრავ სულიერ არსებებს მოუყრია თავი. ისმის უფლის დიდება, ანგელოზთა გალობა და ტკბება სული. ზოგიერთი საგალობელი ცოდვების მიმართ სინანულს აღვიძებს. გუმბათიდან დაეშვა ტაძრის შუაგულში და მოძღვრის პირისპირ აღმოჩნდა.
- მოძღვარო, - გაკვირვებული შეჰყურებს ნატალია - სად ვარ?
- უფლის ზეციურ სახლში, ჩემო შვილო. - ტკბილი ხმით პასუხობს. თეთრ შესამოსელშია გახვეული და სიწმინდესავით ასხივებს.
- მამაო, შემიწყალე მე, ცოდვილი.
- შეგინდოს უფალმა, შვილო. ხედავ? - შეკრებილებისკენ მიმართავს ნატალიას მზერას, - ესენი ჩვენი წინაპრები არიან. მათგან ზოგი ხარობს და ბედნიერია, ზოგი კი მოწყენილია და ტირის.
- რატომ, მამაო?
- ისინი, რომლებიც ხარობენ, მიწაზე მყოფთაგან თავიაანთი შთამომავლების სიკეთით ხარობენ. მათ გაამრავლეს ამაგი და შრომა, დანატოვარი და ახმარებენ კეთილ საქმეებს. ხედავენ, რომ ტყუილად არ დაუღვრიათ ოფლი და სიღარიბეში კი არ იტანჯებიან, სიკეთით ცხოვრობენ, ყველა გაგებით. მათი საფლავები მოვლილი და შენახულია, სავსე ფერადი ყვავილებით და სხვადასხვა მცენარეებით, სავსეა მათი სუფრა და საკმეველის სუნი ასდის, სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი მათი სახელები. ისინი, რომლებიც ტირიან, მიწაზე მყოფთაგან თავიაანთ შთამომავლების უკეთურობით დარდობენ. მათ გაანიავეს მათი ნაწვალები, ნაშრომი, წლების მანძილზე დაგროვილი, გაწეული შრომა. მათ სუფრაზე მცირე სანოვაგეა და ჯერ კიდევ არ არიან შესულები მარადიული სიცოცხლის წიგნში. იმედი აქვთ მომავალში გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი.
ნატალიამ მომხიარულეებს გახედა. აკვირდება სახეებს და მათ შორის გრძნობით შეიცნობს შორეულ წინაპრებს, პაპა-ბებიას, დედ-მამას, ძმას, რომლებსაც ყოველთვის მოიხსენიებდა გარდაცვლილთა სადღესასწაულო, თუ ისე დღეებში. თითქოს ნათელმოსილნი ანგელოზის ხარისხში არიანო, ტკბილათ უგალობენ უფალს.
- ხედავ, ნატალია, ისინი ყოველ დღე ასე ხარობენ შენი შრომითა და ზრუნველობით, სიყვარულითა და ერთგულებით წინაპრებისა და ახლობლების მიმართ. ასწავლე ეს ყველას, ეს არის ჩემი კურთხევა.