ხიბლი სცენისა და უილიამ შექსპირი მოქმედი პირნი:
უილიან შექსპირი, დრამატურგი;
ენ ჰეთუეი, 8 წლით უფროსი ქალი, შექსპირის მეუღლე;
რიჩარდ მესამე;
იორკის მთავრის მეუღლე;
კეისარი;
შეთქმულები, რამდენიმე კაცი;
ჰამლეტი;
აჩრდილი;
დიდებულები;
ხელმწიფე;
დედოფალი;
ლაერტი;
ოტელო;
დეზდემონა.
მოქმედება ხდება დიდ დარბაზში, რომელიც წარმოადგენს სასახლის მისაღებ ოთახს. ოთახის შუაგულში დგას მრგვალი მაგიდა, შემოლაგებული აქვს რბილი სკამები. კუთხეებში ძველებური სავარძლები დგას, დამახასიათებელი მე-16 საუკუნისათვის. უკანა კედელი სავსეა წიგნების თაროებით. მაგიდაზე უწესრიგოდ არის მიმობნეული წიგნები და ქაღალდის ფურცლები, ზოგი მათგანი იატაკზე ყრია. შანდლებში ჩასობილი სანთლები ანათებს ოთახს. შექსპირი მაგიდასთან ზის და ახალ პიესაზე მუშაობს. მუშაობის პროცესში დაღლილს ზედ ფურცლებზე ჩაეძინა. ფრთხილად უახლოვდება მეუღლე, სამი შვილის დედა ენ ჰეთუეი. ჩაძინებულ მეუღლეს ალერსით აღვიძებს.
ენ ჰეთუეი
ძვირფასო, ჩაგძინებია. რამე ხომ არ გჭირდება?
უილიამ შექსპირი
ენ ჰეთუეი, ჩემო საყვარელო, შენ არც კი იცი, რაოდენ დიდი ბედნიერება მომანიჭა ტკბილმა ალერსმა და უსპეტაკესმა სულმა, რომელმაც ესოდენ გამიღვიძა სურვილი განვაგრძო პიესის წერა. ო, ჩემო ძვირფასო, მე აქ მოვუყრი თავს ჩემს ყველა ტრაგიკულად აღსრულებულ გმირს.
ენ ჰეთუეი
გეყო, უილიამ, იქნებ, ჯობდეს ხვალ გათენებისას შეუდგე წერას?
უილიამ შექსპირი
ენი, ვიდრე ჩემთან არის მოსული პიესის ქალღმერთი, ჩემთან უნდა დარჩეს. მიიღეთ ჩემგან მუდარა და გთხოვთ, დამტოვოთ, რამეთუ ნაფიქრალი დაიწეროს და აზრი ჩემი გამოვლინდეს სულის საწამლავად. ნეტარ არიან ადამიანები, რომლებიც ჭვრეტენ უდაბნოსა და ცის სილაჟვარდის საიდუმლოებით მოსილ უკაცრიელ ეკლიან ბილიკებს, ცათა სასუფევლის სიღრმეს და წუთს სიბრძნისას.
ენ ჰეთუეი
უილიამ, ვიცი ჟინი შენი ყოვლად მართალის შექმნისა და ზრახვა ნათელის. მშვიდობიანი ყოფილიყოს ღამე.
უილიამ შექსპირი
ბედნიერების შეგრძნების ძალა დიდია სუფთა სულის მქონე ადამიანში და გულის ფეთქვის დროს განიცდის უმწიკვლო მარადიულ სიყვარულს და ღირსებას ადამიანური გრძნობების დასტურად. ძილი ნებისა, ენ.
ენ ჰეთუეი
ძილი ნებისა, უილიამ.
(გადის ოთახიდან)
უილიამ შექსპირი
( საკუთარ თავს ესაუბრება)
დასაბამიდან უსასრულობამდე გაურკვევლობაა, თუმც ამაშიც კი შეიძლება ჰპოვო სიმშვიდე. მინდა ვიცოდე, გავერკვიო იმაში, რატომ და რისთვის ძიძგილაობენ მამლები, ანდა ქარიან ამინდში რატომ ეჯახებიან კუპრივით შავი ღრუბლები ერთმანეთს, ეს სხვა მნიშვნელობით, რაღა თქმა უნდა. ( დგება სკამიდან) მაგრამ გასაოცარია, სისხლი მოგაწვება ძარღვებში, ტვინი უფრო მეტად აგიდუღდება ქვეყანაზე არსებული უწესრიგობით, უცხოობით, გულგრილობით, ღალატით და საკმარისია თვალი მოხუჭო (ხუჭავს თვალებს და წინა სცენისკენ გამოდის) და წარმოსახვაში გაითავისო თუნდაც არარსებული სამყარო, უკვე დაბადებული და სულდგმული შენში. შინდისფერია წარმოსახვა და ძვირფასია მასპინძლობა უცხო სტუმრის, მაგრამ... ნუთუ შეიძლება თვალთა მზერა სწვდებოდეს და არღვევდეს შორეული სივრცის ნაკადს და მის კიდეზე ქმნიდეს წარმოდგენას?!. იმედია, გამიგებენ... უჯვრო მონასტერი, უშუქო კულისები, წვიმა და წარმოდგენა! წვიმა და წარმოდგენა! (გარედან ისმის წვიმის ხმაური, ელჭექის ხმა. ჭექა-ქუხილის ხმაზე უილიამი შეკრთება. ათრთოლებულ და დაკვირვებულ მზერას მოავლებს გარემოს. შიში იტანს. ყურში ხმები ესმის, აჩრდილების, ტრაგიკულად დაღუპული გმირების ჩურჩული. ხელები ყურზე აიფარა) ხმები შრიალებენ სმენის სამეფოში, ყველა ერთხმად გოდებს, ჩემში ღვრიან ტანჯვას და მადანაშაულებენ სასტიკი აღსასრულისთვის... ჩემი დაღუპვა სურთ! მე ხომ ისე დავხოცე ყველა, თვალიც არ შემიტოკდა, მაგრამ გული... ოჰ, ჩემი გული არ შეეგუა უსამართლობას, ღვარძლს და შურს, განდიდების მანიას, ხელისუფლებისთვის ბრძოლას! ( ძლიერდება ხმები) გესმით? (დარბაზს მიმართავს) თქვენც გესმით? ვიღაც ხარხარებს (ხარხარის ხმა ერთვის ხმებს)... ეს მისი ხარხარია, რიჩარდ მესამის. (სცენაზე ჩნდება შეუხედავი, უშნოდ გათლილი რიჩარდ მესამე, დარბაზს მიმართავს, თავის ყველაზე მდაბიო ჩანაფიქრს ამხელს)
რიჩარდ მესამე
უთუოდ უნდა შევირთო მე ჩემი ძმისწული,
თორემ სამეფო ჩემი ფხვიერ ქვიშაზედა დგას,
ძმებს დავუხოცავ და დას კია ცოლად შევირთავ!
სახიფათოა თუმცა ეს გზა, მაგრამ მეტად ღრმად
ჩავიფალ სისხლში და ერთ ცოდვას მეორე მოსდევს,
ცრემლისმფქვეველი შეცოდება აქ ვერ იბუდებს.
(რიჩარდი გასვლას აპირებს, მაგრამ შემოდის დედამისი, იორკის მთავრის მეუღლე)
იორკის მთავრის მეუღლე
შენ იცი ეს, წმინდა ჯვარს ვფიცავ,
ქვეყნად გაჩნდი, რომ ჯოჯოხეთად გარდმიქმნა იგი,
მძიმე სატკივრად გადმიქვიე შვილიერება.
ანჩხლი იყავი ბავშვობაში და ჭირვეული,
სწავლის დროს მხეცი ბრაზიანი, საშიშ- საზარო,
ჭაბუკობის ჟამს გაბედული, თავგანწირული
და როდესაც კი დავაჟკავდი, გახდი ამაყი,
ქლესა, მოსისხლე, მოღალატე; თუმც ენატკბილობ,
მაგრამ მეტს ბოროტს ჰფარავ შენ ამ ენატკბილობით.
დამისახელე სანუგეშოდ თუნდ ერთი წამი,
რომ სიამითა გამეტაროს