სიკვდილი ადვილია, სიცოცხლე კი ძალიან რთული. თვითმკვლელობა პროტესტი კი არა, დიდი უგუნურობა, სიმხდარე და ღვთის წინაშე საშინელი დანაშაულია. ღმერთისგან მოგეცა სიცოცხლე და იგივე ღმერთი მაშინ გაგიყვანს ამ წუთისოფლიდან, როდესაც ის გადაწყვეტს. შენ კი უდნა იცოცხლო! გმირობა საკუთარ სიცოცხლეზე უარის თქმა და მის განხორციელებაში როდია! გმირობა ის არის, რომ მგლების ხროვაში სულს გადაირჩენ, მოძალადე გარემოში ღირსებას შეინარჩუნებ, ქედს კი არ მოუხრი, არამედ წინ აღუდგები სიყვარულითა და სიკეთით, სიბრძნითა და ღვთისმორჩილებით, სულიერების ძალით. ბოროტებისაგან გათანგულნი მარადიული ნათელისაკენ უნდა გაიყვანო. ამ რწმენით იცხოვრა დედაშენმა და ღმერთი, ხედავდა რა მასში უსაზღვრო კაცთმოყვარეობასა და ღვთისმოშიშებას, დიდი სულიერი ძალებით აღავსებდა. ადამიანი მარტო ის არ არის, რასაც თვალით ხედავ; ის სიტყვა, რომელიც გესმის; ის მოქმედება, რომელსაც აღიქვამ. შენც ხომ საკუთარ სულში დიდ მღელვარებას, მრისხანე ოკეანესა და ერთმანეთთან შერკინებული ფიქრების ტალღებს იტევდი შიგნით სხეულში, გონში?!. ის, რაც არ ჩანს, უხილავია თვალისთვის, მიუწდომელია სხვათათვის; მაგრამ იგი ხილულია ღმერთისთვის, რომელიც გაცდის მიიღო სწორი გადაწყვეტილება, გააკეთო სამართლიანი არჩევანი და იმ მხარეზე დადგე, სადაც ჭეშმარიტი ბედნიერებაა. და იცი, რა არის მერე ეს ჭეშმარიტი ბედნიერება? ეს არის ზრუნვა საკუთარ მშობელზე, ოჯახზე და მემრე სხვა ადამიანებზე, რომლებსაც შენსავით გაუჭირდათ და დაიბნენ. იცი, ასეთი რამდენი სულდგმულია? ბევრი! ჭეშმარიტი ბედნიერება, სიკეთე, თბილ სიტყვასა და ადამიანის მიმართ სიყვარულშია. შენი არჩევანი, შენი გადაწყვეტილება - შენი პასუხისმგებლობაა! და ეს პასუხისმგებლობა მშობლის წინაშე უნდა გქონდეს, უპირველეს ყოვლისა. მოუარე და ემსახურე დედას, ადამიანებს, სამშობლოს, უფალს! ბევრი საზრუნავი და ვალდებულება გვაქვს ადამიანებს.