1.
ნიკაში ყოველთვის იყო რაღაც ამერიკული. „ბითლზს“ გუნს ნ’ ღოსეს ამჯობინა, საფრანგეთი დიდად გულზე არ ეხატებოდა და „მექანიკურ ფორთოხალზე“ წინაც ერთპიროვნულად „თამაში ჭვავის ყანაში“ დააყენა. ბაბუა ხომ – მთლად ბუკოვსკის ორეული. ნიკას უყვარს ბაბუა, უყვარს ბუკოვსკი. რაღაცნაირი შვებით უყურებს, როგორ იღებს მოხუცი სიგარეტის ღერს კოლოფიდან, პირში იჩრის და გრძელი, დანაოჭებული, აწეწილი თითებით უკიდებს ცეცხლს. გოგირდის გემოიან პირველ ნაფაზზე ბაბუა იმანჭება, ტუჩებს ერთმანეთს აშორებს და ერთ-ორ გაფუჭებულ კბილს თუ არ ჩავთვლით, არაჩვეულებრივი გრიმასა გამოსდის. ამ დროს განსაკუთრებით ჩამოჰგავს ჩარლზს. ნიკა მისით ამაყობს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბუკოვსკის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, ბაბუა ღვიძლი შვილივით უვლიდა, ეფერებოდა, ჭკუას არიგებდა და ხუმრობით ჭუჭუზეც ჩქმეტდა. მოკლედ, ყველანაირად ცდილობდა, საბერძნეთში „პურის ფულის საშოვნელად“, როგორც თვითონ ამბობდნენ, „დროებით წასული“ მშობლების მიერ დაკლებული სითბო როგორმე აენაზღაურებინა. ჩვიდმეტი წლის ნიკას რომ ჰკითხოთ, დაუფიქრებლად გიპასუხებთ: ბაბუის გარემოცვაში გატარებული დეკადა სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში და რა საშინელებაც უნდა მოხდეს, გონებიდან ვერანაირად ვერ ამოვიშლი, ყოველთვის ტკბილ მოგონებად დამრჩებაო.
ბებია ნიკას დაბადებიდან ორი წლის თავზე გარდაიცვალა. ნიკა ცდილობდა, კომპიუტერული მეხსიერების საშუალებით ბებიის ცოცხალი სურათი დაეხატა, მოქმედებაში წარმოედგინა, მაგრამ გონებაზე ძალადობას შედეგი არ გამოუღია. ბაბუა მეუღლის ხსენებას გაურბოდა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ცდილობდა გონებაში ამოტივტივებული მოგონება კუთხეში მიეჩურთა და ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებდა. ალბათ მხოლოდ ამ მხრივ ეთქმოდა ეგოისტი. იცოდა (ყოველ შემთხვევაში, ღრმად სწამდა), რომ წარსულის გახსენება მსუბუქ ბედნიერებასთან ერთად მძიმე მწუხარებას მოუტანდა, რაც მისი დაკნინების საწინდარი გახდებოდა. ბოსტნეულად გადაქცევას, მით უმეტეს, სიკვდილს ნამდვილად არ აპირებდა.
ბაბუა ჭკვიანი კაცია, თუმცა აგერ უკვე ოცი წელია, ხელში წიგნი არ აუღია. თუმცა, წიგნის ჭია არც ადრეულ ასაკში ყოფილა, ჭკუა ცხოვრებამ შესძინა – ყველაზე საინტერესო და დაძაბულმა ნაწარმოებმა, ამდენი საუკუნის განმავლობაში დაუსრულებელმა, მაგრამ მაინც ყველაზე ჩამთრევმა. რა თქმა უნდა, ბაბუამ იცის წიგნის ფასი, სწორედ ამიტომ ნიკასთვის არასდროს უთქვამს უარი, როცა ეს უკანასკნელი ქალაქის ერთადერთ წიგნის მაღაზიაში სასურველ ეგზემპლარს აარჩევდა ხოლმე.
ნიკას პირველი შოკი „კაპიტან გრანტის შვილები“ იყო. მიზნად დაისახა, საფრანგეთში ემოგზაურა, საყვარელი მწერლის – ჟიულ ვერნის – შთამომავლები მოეძებნა და მის შესახებ ცნობები შეეგროვებინა. უკვე ზრდასრულს, როცა ფრანგ კლასიკოსებს გაეცნო და ეს ქვეყანა შეიძულა, თვითონვე უკვირდა, საიდან უჩნდებოდა ასეთი უცნაური სურვილები. ათი წლის ბიჭები საფრანგეთში ჟიულ ვერნის შესახებ დოკუმენტური მასალის შესაგროვებლად გამგზავრებაზე ნამდვილად არ ფიქრობენ, უფრო ყოფითი პრობლემები ანაღვლებთ, მაგალითად: მამის ტუმბოში ნაპოვნი პორნოჟურნალების თვალიერება, ან ახლახან შეძენილი სათამაშოების მოკლე დროში დამტვრევა, პრესექსუალური ჩამოყალიბება, კლასელი გოგოსადმი „სხვანაირი გრძნობების“ განცდა, მაგრამ არამც და არამც – დოკუმენტალისტიკა ან რაიმე სახით გამოკვეთილი შემოქმედებითი ლტოლვა.
„კაპიტან გრანტის შვილების“ შემდეგ თითქმის რვა წელი გავიდა. ნიკას ოთახში კატეგორიებად დაყოფილი, მხოლოდ მისთვის გასაგები კანონზომიერების მიხედვით კლასიფიცირებული წიგნებით გავსებული თაროების რაოდენობამ იმატა. მეგობრები დაბნეულად უყურებდნენ ერთ რიგში დაწყობილ სტენდალს, ბორხესს, ცვაიგს, ჰიუგოს, რომან კიმსა და ქარჩხაძეს. ვერ ხვდებოდნენ, რა საერთო შეიძლება ჰქონოდათ ამ ავტორებს, კითხვაც ეთაკილებოდათ – ვაითუ, არსებობს რაღაც საყოველთაოდ დადგენილი კანონზომიერება, რომლის არცოდნაც უბრალოდ არ შეიძლება, კითხვით კი მხოლოდ საკუთარ უვიცობას გაუსვამენ ხაზს. თვითონ ნიკას არ ადარდებდა, შეიძლება ითქვას, ეკიდა, მეგობრებს „ჟოზეფ ფუშე“ წაკითხული ჰქონდათ თუ არა (პრინციპში, პირველი ოცდაათი გვერდის შემდეგ თვითონაც დაანება თავი), უბრალოდ სიამოვნებდა მათთან ყოფნა. ვერც ის გაერკვია, თვითონ იყო მათთან ბედნიერი, თუ ისინი მასთან – უბედურები. თითქოს „ზანუდა“ არ ეთქმოდა, ლაპარაკითაც ცოტას ლაპარაკობდა, ცდილობდა, პირი რაც შეიძლება იშვიათად გაეღო – ამ დროს მას ჭეშმარიტ მსმენელად იღებდნენ, დარდის გამზიარებლად, რომელსაც ჩუმად შეეძლო მოესმინა თითოეულის გულისტკივილი, დროგამოშვებით „აჰაა...“, „აბა მე რას გეუბნებოდი...“ და „...კაი, დაიკიდე...“-ს მოხერხებული გამოყენებით. მოძღვრად იქცეოდა, დინჯ, გამგებ, მიმტევებელ მოძღვრად, მრევლის მოსმენა რომ არ ეზარება და დასახმარებლად მუდამ მზად არის, ოღონდ ანიშნე.
აპათიიდან თავის დახსნის მრავალი ნაცადი ხერხი არსებობს. ზოგი სპორტითაა დაკავებული, ზოგი სალათებს ეძალება, ყოფილა შემთხვევა (რა თქმა უნდა, საქართველოს საზღვრებს გარეთ), როცა ზედმეტად ფრუსტრირებულ ინდივიდებს ონანისტთა ფესტივალიც კი ჩაუტარებიათ. ნიკას კი სიების შედგენა ეხმარება. ცდილობს, ყველაფერს ორგანიზებული, დალაგებული ფორმა მისცეს.
ნიკას უყვარს: ზღვა, მზე, ცხენები, მაიკლ დუგლასი, ტერენტი გრანელი, გონებაში ბებიის სურათის დახატვა, ბაბუის ადგილზე ბუკოვსკის წარმოდგენა, მარმელადი, კითხვა, ფრჩხილების დაჭრა.
ნიკას აღიზიანებს: ქიმიის, ბიოლოგიის,