– რას იტყვი, დიდხანს იჯდები ესე ჩუმად? ხო, მართლა, მე ჯოში ვარ!
– ალექსი! – უხალისოდ, ძლივს გასაგონად წავიბუტბუტე.
– ვიცი, ვიცი, გავიგე... გავიკითხე შენზე რაღაც-რაღაცები...
– მაინც რა, არ მეტყვი? – ცოტაც და ვიფეთქებდი.
– ისე, ამათ გახედე!.. – მხარზე წამომარტყა ხელი ჯოშმა.
გავიხედე და შუქნიშანზე მაგარი მანქანით გოგოები დავინახე. ჯოშმა გვერდით მიუყენა ისე, რომ მათკენ აღმოვჩნდი... ღილაკს ხელი დააჭირა და ჩემს მხარეს მინა ჩამოიწია. სავარძელს გავეკარი და ცივმა ოფლმა დამასხა...
– სალამი, გოგოებო! როგორ ხართ?
– შენზე უკეთ... – თქვეს და მხიარულად აკისკისდნენ!
– მაგარი მანქანა გყავთ!
– ხო, ვიცით, რომ მაგარია!.. – და ისევ გაეცინათ...
– მაგრამ ჩემს მანქანაზე მაგარი მაინც არ არის! – თავმომწონედ თქვა და გაზს ბოლომდე დაადგა... მანქანის უკანა საბურავები ოპერის მომღერალივით აკივლდნენ, მოტორმა კი საშინელი ხმა გამოსცა, გეგონებოდა პირდაპირ ჯოჯოხეთიდან ამოვიდაო და სავარძელს მიმაკრა... წინა საბურავები ასფალტს ასცდნენ და რამდენიმე მეტრი მხოლოდ უკანა საბურავებზე ვიარეთ. ლამის ცხრა სიცოცხლე დავკარგე და სული სადღაც გამიფრინდა, ცოტა ხნის შემდეგ დამეწია და გონზეც მოვედი... მეგონა, ჩემი ბოლო წუთები იყო...
ამდენი ადრენალინი ცხოვრებაში არ მიგრძნია! – და ჩემდა უნებურად წამოვიყვირე: – უუუ! მაგარია, მაგის დედაც!.. მაგრად გაასწორა! – და თან ტუჩები მიკანკალებდა. ასეთი მძაფრი შეგრძნება მგონი მანამდე არასდროს მქონია.
– მოგეწონა, არა? მთავარი ახლა იწყება! ჯერ სად ხარ!!!
დაიყვირა და მიადგა გაზს. მე თან მეშინოდა და თან ისეთი განცდა მქონდა, რომ შიში ნამდვილად ღირდა ამად... უცებ მუხრუჭს ფეხი დააჭირა, მერე ხელის მუხრუჭი ამოსწია და მანქანა ისე მოაბრუნა, თვალები კინაღამ ამომიცვივდა ბუდიდან... ძრავა ჩააქრო.
– რას ველოდებით? – სადაცაა, მოთმინებას დავკარგავდი.
– მოიცა და ნახავ!.. – თანაგრძნობით გადმომხედა.
ამასობაში გოგოების მანქანაც გამოჩნდა და ჩვენსას გვერდიდან მოუყენეს... ერთ-ერთმა გადმოხედა და უთხრა:
– მართლაც მაგარი მანქანა გყოლია. შენი ძმაკაციც ეგრე ატარებს მანქანას, როგორც შენ?
მინდოდა მეთქვა, მანქანას კარგად არ ვატარებ-მეთქი, მაგრამ ჯოშმა დამასწრო:
– რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მან მასწავლა. ესეც მისი მანქანაა. უბრალოდ, ახლა ეს ერთი თვეა, რაც ნებას მრთავს, საჭესთან დავჯდე!
– მართლა?! თუ ასეა, მაშინ იმის ნებასაც დაგრთავს, რომ მე და შენ გავისეირნოთ, თვითონ კი ჩემს მანქანაზე გადმოჯდეს და ჩემი დაქალი გაასეირნოს!.. – და თვალი ჩაგვიკრა.
ცივმა ოფლმა ისევ დამასხა... არადა, მხოლოდ ერთი კის თქმა და საქმე 90%-ით გაჩარხული იყო. ჯოში შემომიტრიალდა და მითხრა :
– ბოს, ვიცი, რომ ბევრი ბაზარი არ გიყვარს, მაგრამ ამ ლამაზ გოგოებს ხომ არ ვალოდინებთ, თან ისეთ ადგილას ვდგავართ, სადაც არ შეიძლება ასე მანქანების გაჩერება. საგზაო პატრული გამოივლის და დაგვაჯარიმებს. მიდი, გადაჯექი იმ მანქანაში და დაუთმე ადგილი, კარგი, ძმა? თუ წავიდეთ ჩვენს საქმეზე?
მეც უცბად გონება გამეხსნა...